Thumbnail

'იტალიის ჩემპიონატი უნდა შეჩერდეს!' - კორონავირუსი ისევ პრობლემაა

  • ჯენოაში COVID 19-ით დაინფიცირების სულ ცოტა 14 ფაქტი დაფიქსირდა 
  • იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სერია A-ს შეჩერება მოითხოვა

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სანდრა ძამპამ, რომელიც COVID 19-ის საკითხებზე დეპარტამენტს კურირებს, სერია A-ის გათამაშების შეჩერება მოითხოვა. ამის მიზეზი საფეხბურთო კლუბ ჯენოაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გახდა.. 

"ჩემპიონატი უნდა შეჩერდეს. დაავადებულთა რაოდენობა ყველაფერზე მეტყველებს. როდესაც დადებითი ტესტების ასეთი მაღალი რაოდენობა გვაქვს, საფეხბურთო სეზონის გაჩერებაა საჭირო. შეიძლება უამრავი ადამიანი დაავადდეს", - აქვეყნებს ძამპას სიტყვებს იტალიური მედია.

ჯენოაში კორონავირუსით მასობრივად დაინფიცირების ფაქტი სერია A-ს მე-2 ტურში, ნაპოლისთან გასვლითი შეხვედრის (0:6) შემდეგ დაფიქსირდა. ინფექცია, სულ ცოტა, 14 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც 8 ფეხბურთელია. იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა მანამდე აცხადებდა, რომ ჩემპიონატის მიმდინარეობას საფრთხე არ დაემუქრებოდა.

კვირას ჯენოა ნაპოლის ეთამაშა - ნეაპოლელები  ტესტს 30 სექტემბერს ჩაიტარებენ

ჯენოას ტორინოსთან შეხვედრა 3 ოქტომბერს უწევს. როგორც ცნობილია, ლიგა აპირებს მისდიოს უეფას წესებს, რომლის თანახმად, გუნდს განაცხადში 13 ფეხბურთელი (მათ შორის ერთი მეკარე) მაინც უნდა ჰყავდეს ისეთი, რომლებსაც ტესტზე უარყოფითი პასუხი ექნებათ. ასევე განიხილება თამაშის გადატანის შესაძლებლობაც. 

ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსისგან გარდაცვალების 35 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, პანდემიის პერიოდში დაავადების რიცხვმა კი ჯამში 310 ათასს გადააჭარბა. 

კომენტარები

ბოლო ამბები