Thumbnail
  • ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მოხვდა
  • 19 წლის ფეხბურთელი რამდენიმე გამოცემის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა
  • კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლი როტორთან, ტურის სამ საუკეთესო გოლს შორისაა  

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტთა შორის დასახელდა.

19 წლის ფეხბურთელმა სექტემბერში ჩემპიონატის სამ მატჩში ითამაშა და მშრალი სტატისტიკის თანახმად მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია. უფრო დეტალურად კი:  მე-7 ტურში რუბინმა სტუმრად მოსკოვის დინამოს მის მიერ მოპოვებული 11-მეტრიანიდან გატანილი გოლით მოუგო (1:0), მე-8 ტურში მოსკოვის სპარტაკთან (0:2) არბიტრს მეტოქე ფეხბურთელი გააძევებინა, ვოლგოგრადის როტორთან მე-9 ტურში კი გოლიც გაიტანა, 11-მეტრიანიც გამოიმუშავა (რომელიც მისმა თანაგუნდელმა გაიტანა) და მეტოქე ფეხბურთელის გაძევებაში წვლილი შეიტანა. ხვიჩა ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.   

რუბინის ნახევარმცველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხშირად სახელდება

რუსეთის პრემიერლიგის მიერ თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე დასახელებულ პრეტენდენტებს შორის ასევე არიან: არტიომ ძიუბა (ზენიტი), მარინატო გილერმე (ლოკომოტივი), კრისტან ნაბოა (სოჩი) და აირტონ ლუკასი (სპარტაკი). გულშემატკივართა გამოკითხვა რუსეთის პრემიერლიგა სოციალურ ქსელში ატარებს.

ხვიჩა კვარაცხელია მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში რამდენიმე წამყვანმა რუსულმა გამოცემამ დაასახელა.  

"რუბინმა ისევ მოიგო, კვარაცხელია თავისი კარგი დრიბლინგის წყალობთ სიმწვავეს მრავლად ქმნიდა", - წერია championat.com-ის სიმბოლურში, რომელსაც რუსეთში ცნობილი სპეციალისტი ვალერი გაზაევი ადგენს.

soccer.ru-მ ტურის სიმბოლურში ხვიჩა "ტურის შეუჩერებელ" მოთამაშედ მოიხსენია.

"როტორთან მატჩის გმირი იმ ბომიც იყო, მაგრამ როგორ გინდა, ქართველი იუნიორის მოქმედებებს იგნორირება გაუკეთო? სლუცკის გარემარბი სწორად არჩევს პოზიციას, გაურბის მცველებს და აიძულებს, დაარღვიონ წესები. მანუჩარიანს ყვითელი მიაღებინა, რომელიც მომდევნო ფოლისთვის გააძევეს. რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩენილმა რუბინმა ორჯერ გაიტანა, კვარაცხცელიას ანგარიშზე კი გამარჯვების მომტანი გოლი და გამომუშავებული პენალტია", - წერს საიტი. 

სექტემბერში ხვიჩამ სარგებლობა საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც მოუტანა

ამას გარდა, ხვიჩას გოლი, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა ვოლგოგრადელებს გაუტანა, sportbox.ru-ს ტურის სამ საუკეთესო გოლს შორის მოხვდა. "მატჩის 59-ე წუთის ეპიზოდში მან ყველაფერი თავად შექმნა: ბურთი მოპარა მცველს, მიუახლოვდა საჯარიმოს ხაზს და შორეულ მაღალ კუთხეში აუღებელი დაარტყა!", - ასე აღწერს საიტი კვარაცხელიას გოლს.

📺 ვიდეო: კვარაცხელიას გოლი, მოპოვებული პენალტი და ჯოვინოს გოლი

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 9 ტურის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა 14 ქულა მოიპოვა და ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს რუბინი 4 ოქტომბერს, შინ ახმატთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები