Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების თავკაცის ყურადღება ბელარუსთან მატჩისკენაა მიმართული
  • 56 წლის სლოვაკ სპეციალისტს სომხეთში არსებულ ვითარებაზე საუბარი არ სურს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, რომელსაც ოქტომბერში ერთმანეთის მიყოლებით სამი მატჩი აქვს ჩასაატარებელი, ჯერ მხოლოდ პირველსა და უმთავრესზე - ბელარუსთან ევრო 2020-ის პლეი ოფის ½-ფინალურ დაპირისპირებაზე ფიქრობს.

საქართველოს ნაკრები ბელარუსს თბილისში 8 ოქტომბერს უმასპინძლებს, შემდეგ კი უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩებს გამართავს - 11 ოქტომბერს სტუმრად სომხეთთან, კიდევ სამი დღის შემდეგ კი ასევე გასვლაზე - ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

საქართველოს ნაკრებს ოქტომბერში სამი მატჩი აქვს ჩატარებელი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის გამო, ერევნის "რესპუბლიკურ" სტადიონზე დაგეგმილი სომხეთ-საქართველოს შეხვედრის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა ჯერჯერობით უეფა თამაშის გადადებას არ აპირებს

ვლადიმირ ვაისს ამ საკითხზე РИА Новости-ს კორესპონდენტი დაუკავშირდა. სლოვაკმა სპეციალისტმა, რომელმაც მომავალი მატჩებისთვის ფეხბურთელები უკვე გამოიძახა, სომხეთთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ვითარებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა: 

"რატომ მეკითხებით სომხეთზე? ჩვენი მთელი ძალისხმევა და ყურადღება, პირველ რიგში, ბელარუსის ნაკრებთან თამაშისკენაა მიმართული. მხოლოდ შემდეგ - ერთა ლიგაზე, სომხეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშებზე. რაც შეეხება პოლიტიკასა და არასტაბილურ ვითარებას… ასეთ შეკითხვებს არ ვუპასუხებ", - განაცხადა ვაისმა. 

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2016 წლის გაზაფხულიდან წვრთნის და სფფ-სთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე აკავშირებს. 56 წლის სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ევრო 2020-ის შესარჩევ პლეი ოფში თამაშის უფლება უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში წარმატებული გამოსვლით მოიპოვა. საქართველოს ნაკრები ნახევარფინალურ მატჩს თბილისში ბელარუსთან 8 ოქტომბერს ჩაატარებს, წარმატების შემთხვევაში კი კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში მოგებულს 12 ნოემბერს უმასპინძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები