Thumbnail
  • მატჩი, რომელზეც საფეხბურთო სამყარო კიდევ დიდხანს ისაუბრებს.
  • ტურინელებს მიაჩნიათ, რომ მსაჯმა ასეთი პენალტი არ უნდა დანიშნოს.
  • ბუფონი: რეალი უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ჩვენ მინიმუმ დამატებით დროს ვიმსახურებდით!

ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი იყო, ოთხშაბათს საღამოს იუვენტუსმა შესაძლებელი გახადა: მატჩის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ, ტურინული გრანდი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3:0-ს იგებდა და ძალიან ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ უდრამატულეს დამატებით დროსთან!

პენალტი, რომელიც მსაჯმა მაიკლ ოლივერმა ბოლო წამებზე იუვეს კარში დანიშნა, კიდევ დიდხანს იქნება დისკუსიის საგანი. ზოგი არბიტრი ასეთ თერთმეტმეტრიანს არ დანიშნავს, ზოგი - დანიშნავს. ზოგი არ დანიშნავს იმიტომ, რომ ბოლო წამებია და ამ პენალტით ყველაფერს წყვეტ და ამთავრებ.

► საუკუნის ქურდობა | ექსპერტები, მედია და ქომაგი რეალი-იუვეს სკანდალურ მატჩზე

ცუდი ის არის, რომ მსაჯს ასეთ დროს ვერც დანიშვნის გამო შეედავები და ვერც არდანიშვნის გამო. რეალის ქომაგები, ფეხბურთელები და ხელმძღვანელები, რა თქმა უნდა, კმაყოფილები არიან ამბობენ, რომ თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო. ტურინული ბანაკის წარმომადგენლები კი პირიქით - აპროტესტებენ.

ფაქტი ის არის, რომ მედჰი ბენატიას იუვეს გადარჩენა სურდა. მას მერე, რაც რონალდომ თავით ბურთი დაუგდო, ლუკას ვასკესი კარიდან 5 მეტრში იდგა და გადამწყვეტი დარტყმის განხორციელება შეეძლო. იუვეს მცველი რისკზე წავიდა, ბურთზეც ითამაშა და რეალის შემტევსაც შეეხო. მსაჯმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა, ტურინელები აფეთქდნენ!

"კარგი მსაჯი ასეთ მომენტში არასდროს დაანგრევს ისეთი გუნდის ოცნებებს, რომელმაც 90 წუთის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა მოსაგებად!" - ჯანლუიჯი ბუფონი

ბუფონი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში, დიდი ალბათობით, თავის უკანასკნელ მატჩს ატარებდა, მსაჯთან მიიჭრა და თერთმეტმეტრიანი ემოციურად გააპროტესტა. იუვეს 40 წლის მეკარე გუნდის კაპიტანიცაა, კაპიტნებს კი, დაუწერელი წესის მიხედვით, უფლება აქვთ, მსაჯს ეკამათონ. ცხადია, ბუფონი მხოლოდ უბრალო საყვედურით არ შემოიფარგლა. “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, მან მსაჯს მიაძახა: “შენი ადგილი ჯოჯოხეთშია!” არბიტრმა ჯიჯის პირდაპირ წითელი ბარათი აუფრიალა.

“კარგი მსაჯი ასეთ მომენტში არასდროს დაანგრევს ისეთი გუნდის ოცნებებს, რომელმაც 90 წუთის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა მოსაგებად, - განაცხადა ბუფონმა მატჩის შემდეგ და დასძინა: “ასეთი საქციელის ჩადენა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეუძლია, რომელსაც გულის ნაცვლად მკერდში ნაგვის ურნა აქვს! თუ არ შეგიძლია ასეთი დონის, ასეთი ემოციური მატჩის მსაჯობა, თუ არ შეგიძლია, რომ ამ წნეხს გაუძლო, დაჯექი ტრიბუნაზე შენს ოჯახთან ერთად, მიირთვი ჩიფსი და ისიამოვნე დიდი ფეხბურთით!”

"რამდენი გადაუხადეთ მსაჯს?" - ყვიროდა ჯორჯო კიელინი

იუვენტუსის მეკარეს მიაჩნია, რომ მსაჯი ვერ ხედავდა მომენტს: “მე ზუსტად ვხედავდი, რას ხედავდა მსაჯი! და ვფიქრობ, რომ მისთვის ეს მომენტი გაუგებარი დარჩა. შესაძლოა, მერე ინანოს, რაც გააკეთა, მაგრამ უკვე გვიანი იქნება,” - წუხდა ბუფონი.

“ჩემს კარიერაში მსაჯებს ბევრი რამ გაუფუჭებიათ, მაგრამ ეს ყველაზე ცუდი საქციელი იყო მათ შორის, რაც კი მინახავს,” - ეს ჯორჯო კიელინის სიტყვებია, რომელმაც მაიკლ ოლივერი კორუფციაშიც კი დაადანაშაულა. მირალემ პიანიჩმა არბიტრის საქციელს სამარცხვინო და არაადამიანური უწოდა.

ანიელი ვიდეო-რეფერის ითხოვს - ბუფონმა რეალი შეაქო

მატჩის შემდეგ, იუვეს მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ტურინული მატჩი გაიხსენა - კონკრეტულად კი ის მომენტი, როცა მსაჯებმა იუვენტუსს ბოლო წუთებზე ასეთივე საკამათო პენალტი არ დაუნიშნეს. ტურინული კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კი უეფასგან კატეგორიულად მოითხოვა ჩემპიონთა ლიგაში ვიდეო-რეფერის დანერგვა. მისი აზრით, ეს ერთადერთი ლოგიკური გზაა ასეთი პრობლემების გადასაჭრელად.

"რეალი ძლიერი იყო, მაგრამ ჩვენ ისეთი საღამო გამოგვივიდა, რომ მინიმუმ დამატებით დროს ნამდვილად ვიმსახურებდით!" - ჯანლუიჯი ბუფონი

აღსანიშნავია, რომ მსაჯზე საუბრის შემდეგ, ბუფონმა თანაგუნდელებიც შეაქო და მადრიდის რეალიც: “რა თქმა უნდა, ვაღიარებ, რომ რეალი ჩვენზე ძლიერი იყო და, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მესამედ მოიგებს. ჩემთვის პატივია ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში. მაგრამ ჩვენ ისეთი საღამო გამოგვივიდა, რომ მინიმუმ დამატებით დროს ნამდვილად ვიმსახურებდით,” - ასეთი იყო ბუფონის (სავარაუდოდ) უკანასკნელი სიტყვები ჩემპიონთა ლიგაში.

ჯიჯი ბუფონის გულახდილი ინტერვიუ (იხილეთ ვიდეო) 

ეს ჯიჯი ბუფონისთვის ჩემპიონთა ლიგაში, დიდი ალბათობით, უკანასკნელი მატჩი იყო

მატჩის ვიდეო-მიმოხილვა და კომენტარები

რონალდოს და ბუფონის შეხვედრა მატჩის შემდეგ

 

კომენტარები

ბოლო ამბები