Thumbnail

ვაკო გვილია: ფორმაში ვდგები, ყარაბაღს აუცილებლად უნდა მოვუგოთ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლეგიას ფეხბურთელი ახალ მწვრთნელზე, გუნდის მიზნებსა და თავის ფორმაზე
  • 26 წლის ნახევარმცველს წინ ევროპალიგის პლეი ოფში ყარაბაღთან მატჩი ელის

საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის ლეგიას ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელზე, ევროპალიგის მატჩისთვის სამზადისსა და თავის ფორმაზე ისაუბრა. 26 წლის ქართველი ფეხბურთელის სიტყვებს ლეგიას პრესსამსახური აქვეყნებს.

პოლონეთის ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ ომონიასთან წააგო და ევროპალიგაზე გადაინაცვლა, სადაც პლეი ოფში მეტოქედ აზერბაიჯანული ყაღაბაღი ჰყავს. შეხვედრა ვარშავაში 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.

ამავდროულად, ლეგიამ პოლონური ექსტრაკლასას ახალი სეზონი არცთუ დამაჯერებლად დაიწყო, ოთხიდან ორი მატჩი დათმო - ორივე შინ, რასაც მწვრთნელის შეცვლა მოჰყვა - ალეკსანდრ ვუკოვიჩი ჩესლავ მიხნევიჩმა შეცვალა, რომელიც პარალელურად, პოლონეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვთნელის მოვალეობას სეზონის ბოლომდე შეითავსებს. მიხნევიჩის ხელმძღვანელობით ლეგიამ სულ ერთი მატჩი ჩაატარა - ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაზე კოსოვოს დრიტას სძლია (2:0).

ჩესლავ მიხნევიჩის (შუაში) ხელმძღვანელობით ლეგიამ ჯერ მხოლოდ ერთხელ ითამაშა

"ერთად ძალიან ცოტა ხანია ვმუშაობთ, თუმცა მიხნევიჩის საქმიანობას მაინც დადებითად შევაფასებ. ეს თამაშის ახალი ფილოსოფიაა, ჩვენ კი ვცდილობთ, სტილს ალღო სწრაფად ავუღოთ, რადგან დროში შეზღუდულები ვართ. წინ ყარაბაღთან შეხვედრაა, რომელიც უნდა მოვიგოთ და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდეთ. შემდეგ უკვე გვექნება იმის დრო, რომ თამაშის ახალ სტილთან ადაპტაციაზე ვიმუშაოთ. ყველა მწვრთნელს და მათ შორის მიხნევიჩსაც, ფეხბურთის თავისებური ხედვა აქვს. ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად ავითვისოთ ის და მოედანზე ვაჩვენოთ" ,- ამბობს ვაკო.

გვილიას სჯერა, რომ ლეგია ყარაბაღის ბარიერს დაძლევს და ჯგუფში მოხვდება

"ყველაზე მნიშვნელოვანი ხუთშაბათის თამაშია და კარგად გვაქვს გააზრებული მთელი  პასუხისმგებლობა. ვროცლავის შლიონსკთან მატჩის გადადების წყალობით, შეგვიძლია ყურადღება მთლიანად ამ დაპირისპირებაზე გადავიტანოთ. საკუთარი თამაში უნდა ვაჩვენოთ, თითოეულმა უნდა ვიბრძოლოთ თანაგუნდელებისა და გუნდისთვის. ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს ქართველი ფეხბურთელი.

ვაკოს ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 27 მატჩში 3-3 გოლი და საგოლე პასია

ვაკო გვილია სექტემბერში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, მაგრამ ტრავმის გამო ვაისის გუნდს ტალინში, ესტონეთთან სათამაშოდ ვერ გაჰყვა და შემდეგ არც თბილისში, ჩრილოეთ მაკედონიასთან მატჩში მიიღო მონაწილეობა. პოლონეთში დაბრუნებულმა ვაკომ ლეგიას სამ შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა.

"ახლა უკეთესად ვარ. სეზონის დასაწყისში მცირე ტრავმა მქონდა, მაგრამ იოლი არ იყო. დღითიდღე ფორმაში ვდგები და ვმუშაობ, რათა ისევ ის ვაკო გვილია ვიყო, რომლის ხილვაც ფანებს სურთ", - აცხადებს გვილია, რომლის ფორმაში ყოფნა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოქტომბრის მატჩების წინ. 

კომენტარები

ბოლო ამბები