Thumbnail
  • 📅 1 ოქტომბერი | ⌚ 05:00 | 🏀 ლეიკერსი V მაიამი | 📺 SILK UNIVERSAL
  • რაილის და ლებრონის ძველი წყენა ფინალის დამატებითი ინტრიგაა
  • ლეიკერსი ფავორიტია, მაიამის კალიფორნიელთა დაცვასთან გაუჭირდება

'წარუმატებლობისას პირველივე გაღებული კარიდან არ გარბიან' - ასე დაიწყო ლეგენდარულმა პატ რაილიმ 2014 წელს თავისი პრესკონფერენცია - მაშინ, როდესაც ლებრონ ჯეიმსის კლივლენდში დაბრუნების ამბავი გახდა ცნობილი. რაილი მიიჩნევდა, რომ ლებრონი სამხრეთ სანაპიროზე უნდა დარჩენილიყო და იქ ახალი საჩემპიონო გუნდის მშენებლობაში მიეღო მონაწილეობა, ლებრონს კი წასვლა და მშობლიური კლივლენდისთვის ისტორიაში პირველი ჩემპიონობის მოგება სურდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს ფინალს?

  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • მაიამი ჰიტი

აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანი მართალი იყო - ლებრონმა ჩემპიონობა ჯერ კლივლენდს მოაგებინა, შემდეგ კი ლეიკერსის საჩემპიონო ამბებში დაბრუნების მისია აიღო თავის თავზე. ლებრონის მეორე კალიფორნიულ სეზონში ლეიკერსი უკვე სუპერფინალშია. თავის მხრივ, რაილიმ და მაიამის მენეჯმენტმა სუპერსამუშაო გაწიეს და სრულიად მოულოდნელად, სულ ახალგაზრდა მაიამი საჩემპიონო ბრძოლაში დააბრუნეს.

უეიდი: 'არც წარმოგიდგენიათ, რაილის და ლებრონის დაპირისპირება რამდენად პირადულია'

თავის დროზე, ლებრონი მაიამიში იმიტომ ჩავიდა, რომ იქ დი-უეიდი და რაილის მიერ შექმნილი საჩემპიონო კულტურა ელოდებოდა. მაიამი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაციაა. მოკლედ, რაილის იმის თქმის უფლება აქვს, რომ მან ლებრონს საჩემპიონო 'რაღაცები' ასწავლა. ახლა რაილი ნაწყენია და ეს სუპერფინალებს დამატებით ინტრიგას სძენს. თანამედროვეობის ყველაზე დიდი კალათბურთელი კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცის წინააღმდეგ.

ინდივიდუალიზმი კოლექტივიზმის წინააღმდეგ

ფინალში გარკვეულწილად ანტიპოდები ხვდებიან ერთმანეთს. ლეიკერსი ტრადიციულად სუპერვარსკვლავების საყვარელი ორგანიზაციაა. როდესაც რამდენიმე წლის წინ, დუაიტ ჰოვარდისთვის კალიფორნიელები ჰიუსტონს ებრძოდნენ, 'როკეტსმა' ჰოვარდს დასარწმუნებლად თავისი ლეგენდა ჰაკიმ ოლაჯუონი შეახვედრა. მეორე დღეს დუიატს უკვე ლეიკერსი ხვდებოდა. 'ოთახში იმდენი ლეგენდა იყო, უბრალოდ არ ეტეოდნენ' - თავის ოფიციალურ განცხადებაში ასე, ცოტა ირონიულად, უპასუხეს კალიფორნიელებმა ჰიუსტონს.

ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ყველაზე უარეს შემთხვევაში პლანეტის ხუთი საუკეთესო კალათბურთელიდან ორი ლეიკერსში თამაშობს - ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი კალიფორნიელთა მთავარი აქტივია. ლეიკერსს ყოველთვის, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში შეუძლია, ბურთი რომელიმე მათგანს მისცეს და მათი ოსტატობის იმედად იყოს. დენვერთან ეს ორჯერ მოხდა - ჯერ მეორე თამაში ენტონი დევისმა 'ბაზერით' მოიგო და მეხუთე თამაშში კი, ლებრონმა აიღო თავის თავზე დენვერთან სერიის დახურვა.

ლიგის ყველაზე მრისხანე დუეტი

მაიამის ჰყავდა შაკი, დი-უეიდი და იგივე ლებრონი, თუმცა ისტორიულად ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც კოლექტივიზმს, ორგანიზაციულ კულტურას და გუნდურობას ყველაზე მაღლა აყენებს. მაიამი პატ რაილის მიერ შექმნილი ფასეულობების სისტემით ცხოვრობს და დღევანდელ ლიგაში, სადაც ტალანტი ორგანიზაციაზე მეტად ფასობს, 'ჰიტი' გამონაკლისია. აქ ვერავინ დადგება ორგანიზაციაზე მაღლა.

სწორედ ამიტომ, ამ ფორმაციის მაიამი ალბათ ყველაზე მეტად არის ახლოს რაილის იდეალთან: სუპერვარსკვლავების გარეშე, ჯიმი ბატლერი, როგორც ლიდერი, რომელიც მთელ გუნდზე ზრუნავს და ერთდროულად რამდენიმე იარაღი შეტევაში. თუკი ლეიკერსიდან ყველამ იცის, ვინ იქნებიან მთავარი მოქმედი პერსონაჟები, მაიამის შემთხვევაში ამის პროგნოზირება შეუძლებელია. გორან დრაგიჩი, ჯიმი ბატლერი, ბემ ადებაიო და ტაილერ ჰირო ერთნაირად სახიფათოები არიან და ვერავინ იტყვის, თუ ვინ აიღებს თამაშს თავის თავზე კონკრეტულ შეხვედრაში. ასე იყო ბოსტონთანაც: ერთ შეხვედრაში ჯიმი ბატლერმა ჩააგდო გადამწყვეტი ბურთები, მეორეჯერ ტაილერ ჰიროს ჰქონდა 37-ქულიანი პერფორმანსი, ბოლო შეხვედრაში კი მატჩის გმირი ბემ ადებაიო გახდა.

ლეიკერსი ფავორიტია

ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ლეიკერსი აშკარა ფავორიტია. ლებრონი და ენტონი დევისი ზედმეტად ბევრია ამ მაიამისთვის. თუმცა, ჰიტს აქვს იარაღები ლეიკერსის წინააღმდეგ, რომ იბრძოლოს. 'ჰიტი' 100 პოზიციაზე 109.5 ქულას იღებს და მისი დაცვა მეთერთმეტეა ლიგაში. პლეი ოფში მაიამის დაცვა კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა: არაფრის საშუალება არ მისცა ინდიანას, ძალიან ეფექტურად დაკეტა იანისი და მაქსიმალურად შეზღუდა ბოსტონი. ლებრონის წინააღმდეგ დაახლოებით იმ ტიპის დაცვის თამაში შეიძლება, რითაც 'ჰიტი' იანისს დაუპირისპირდა.

მაიამიმ ბოსტონთან აჩვენა, რომ ძალიან კარგად თამაშობს ზონურ დაცვას. სპოელსტრა ატიპურ ზონას თამაშობს - ადებაიო სამწამიანში რჩება, დრაგიჩი და ჰირო კუთხეებს იცავენ, ზემოთ, პერიმეტრზე, ანუ იმ ზონაში, საიდანაც ლებრონი იწყებს შეტევას, ფორვარდები კრაუდერი და ბატლერი ადიან. ორივე მათგანი ფიზიკურად ძლიერია და დაცვა ეხერხება. ჯიმი ბატლერს საერთოდაც ლებრონის წინააღმდეგ დაცვის თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. მის წინააღმდეგ ჯეიმსს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი სტატისტიკა აქვს (ზუსტი სროლების 41.2 პროცენტი). ამაზე უარესი პროცენტი ლებრონს მხოლოდ დრეიმონდ გრინის წინააღმდეგ აქვს.

ბატლერს და ლებრონს ერთმანეთთან თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ

გასათვალისწინებელია ბემ ადებაიოს ფაქტორი. იგი ლიგაში ის იშვიათი მოთამაშეა, რომელსაც დევისის წინააღმდეგ თუნდაც თეორიული შანსი აქვს. ის ძალიან ათლეტური და მოძრავია, არ ეშინია პერიმეტრამდე ამოსვლის და მძიმე ფორვარდისთვის ასევე ძალიან მოძრავი დევისი მას დინამიკაში იოლად ვერ მოუგებს. მოკლედ, მაიამის შეუძლია, ლეიკერსის ლიდერები მაქსიმალურად შეაწუხოს.

თუმცა, ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. ლეიკერსი თვითონაც ძალიან კარგია დაცვაში. კალიფორნიელები 100 პოზიციაზე მხოლოდ 106.3 მიღებული ქულით NBA-ს დაცვით რეიტინგში მესამე ადგილზე არიან. ეს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დაცვაა. ლეიკერსს ყავს ლიგაში ყველაზე ათლეტური და ფიზიკურად ძლიერი დუეტი სამწამიანში - დუაიტ ჰოვარდი და ენტონი დევისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბატლერს და ადებაიოს, რომლებიც ქულების დიდ ნაწილს სამწამიანიდან ყრიან, ლეიკერსი გასაქანს არ მისცემს. მაიამიმ ბოსტონი ფიზიკაში და ათლეტიზმში დაჯაბნა, პირველ რიგში, ადებაიოს ხარჯზე. ლეიკერსთან ეს ნომერი არ გამოვა. ლებრონის გუნდი მაიამიზე უკეთ თამაშობს დაცვას, უფრო მაღალი და უფრო ათლეტურია.

ლეიკერსის შეტევა უნაკლო არ არის (მხოლოდ მე-11 ლიგაში) და ზედმეტად მეტად დამოკიდებულია ლებრონი-დევისის დუეტზე (პლეი ოფში 55.5 ქულა წყვილში), თუმცა ლეიკერსს შეუძლია, მაიამის შეტევა იმდენად შეზღუდოს, რომ ჩაყრის საშუალება საერთოდ არ მისცეს. რაც არ უნდა ხელი შეუშალო ლებრონს და დევისს, ისინი 20-25 ქულას მაინც ჩააგდებენ - თუნდაც მათთვის ყველაზე ცუდ დღეს. აი, ლეიკერსის დაცვას კი შეუძლია, ბატლერი და ადებაიო 15 ქულამდეც არ მიიყვანოს. მაგალითად რეგულარულის პირველი შეხვედრაც გამოდგება, როცა ლეიკერსი 100 ქულას ვერ გადაცდა, თუმცა მაიამის საერთოდ არაფერი ჩააყრევინა და 95:80 მოუგო.

ამ სიტუაციაში, თუკი მაიამის რაიმე შანსი უნდა რომ ჰქონდეს, ეს შანსი პერიმეტრიდან შეტევაში უნდა ეძებოს. ამ სერიაში მაიამის შანსი ჰიროს, დრაგიჩის და დანკან რობინსონის სამქულიანებშია. პერიმეტრიდან ერთი ან ორი თამაშის მოგება შეიძლება, თუმცა სერიის მოგება ძნელია. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაიამის ნელა და პოზიციურად თამაში უყვარს. თამაშში 98.3 პოზიციით ჰიტი სიჩქარით 27-ეა ლიგაში. ლეიკერსს იოლად შეუძლია, მაიამის ნელ თამაშში აყვეს, მაგრამ, როგორც პლეი ოფმა აჩვენა, კალიფორნიელები თავს ასევე ძალიან კარგად გრძნობენ დინამიურ თამაშში, როცა გუნდები სწრაფად გადადიან დაცვიდან შეტევაში. დაკარგვების შემდეგ სწრაფ შეტევებში ჩაგდებული ქულებით ლეიკერსმა დენვერი გააწამა.

ლეიკერსს შეუძლია, ჰოვარდი-დევისის დუეტი ბოლომდე შეინარჩუნოს და აქცენტი სამწამიანში დომინაციაზე გააკეთოს. ფრენკ ფოგელს სხვა იარაღიც აქვს. მას შეუძლია, ჰოვარდი დასვას, დევისი ცენტრის პოზიციაზე გადაიყვანოს და უფრო მსუბუქი ხუთეულით ითამაშოს. ჰიუსტონთან ლეიკერსმა მსუბუქი ხუთეულით მოიგო, დენვერთან კი მძიმე ხუთეულით ითამაშა. ანუ, რა სცენარიც არ უნდა შესთავაზოს მაიამიმ, ლეიკერსი ამისთვის მზად იქნება.

საჩემპიონო ხასიათი

მაიამი ლეიკერსის წინა მოწინააღმდეგეებს ერთი რაიმით არ გავს. ამ გუნდს ჰიუსტონის ან დენვერისგან განსხვავებით, საჩემპიონო ხასიათი და გამოცდილება აქვს. ორგანიზაციულ კულტურაზე ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ, ერიკ სპოელსტრა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ანდრე იგუდალას და ჯიმი ბატლერს კი პლეი ოფური ბრძოლების დიდი გამოცდილება აქვთ. მაიამიმ წინა სერიებში უკვე აჩვენა, რომ ბოლო წუთებზე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გუნდია. ლეიკერსს მაიამის თანაბარ ანგარიშში ბოლო წუთებამდე მიყვანა არ აწყობს. ამ გუნდს ე.წ. 'ქლაჩის' თამაში ძალიან კარგად შეუძლია.

ლებრონმა თავისი პირველი ჩემპიონობა რაილის გუნდში მოიგო

მაგრამ, ისევ და ისევ, ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. არც ლეიკერსი ჰგავს ბოსტონს, ან მილუოკის. ლიგაში კალიფორნიელებს ყველაზე გამოცდილი გუნდი ჰყავთ. არაფერს ვიტყვი ლებრონზე, დუაიტ ჰოვარდს, დენი გრინს, რაჟონ რონდოს ჩემპიონობებისთვის უბრძოლიათ და არ მგონია, რომ ბოლო წუთებშიც თავი არაკომფორტულად იგრძნონ. მაიამის ხასიათი გასაგებია, თუმცა ლეიკერსს ხასიათით იოლად ვერ შეაშინებ. ამ გუნდს ყველაფერი აქვს ნანახი.

სუპერფინალები ქართული დროით ხუთშაბათ დილას იწყება. ლეიკერსს სურს, რომ ჩემპიონობა დაიბრუნოს. კალიფორნიელებისთვის 10 წელი ჩემპიონობის გარეშე ზედმეტად დიდი დროა. მაიამი თავისი შანსისთვის იბრძოლებს. გულშემატკივარს ინტრიგა გარანტირებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები