Thumbnail
  • ლოს ანჯელეს კლიპერსმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
  • დოკ რივერსს NBA-ს ორი კლუბი ეპატიჟება

დენვერ ნაგეთსთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ლოს ანჯელეს კლიპერსმა მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია ESPN-ის ცნობილმა ინსაიდერმა ადრიან ვოინაროვსკიმ გაავრცელა. მოგვიანებით, რივერსმა ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეს ამბავი ოფიციალურად დაადასტურა და ფანებს, კალათბურთელებს და თავის შტაბს მადლობა გადაუხადა.

დოკის გათავისუფლების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ კლიპერსი ამ სეზონში NBA-ს ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ პლეი ოფში დენვერ ნაგეთსთან დამარცხდა - თანაც მას შემდეგ, რაც სერიას 3:1-ს იგებდა. ნაგეთსმა კლიპერსს სერია შეუტრიალა და დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც მერე ლეიკერსთან დამარცხდა. რეგულარულ სეზონში დოკის კლიპერსს 49 მოგება და 23 მარცხი ჰქონდა, რითაც ლეიკერსის შემდეგ დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდი გახლდათ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 58 წლის დოკ რივერსს სამსახური ნიუ ორლეანს პელიკანსში და ფილადელფია სიქსერსში შესთავაზეს. პელიკანსმა აგვისტოში 5-წლიანი მუშაობის შემდეგ ელვინ ჯენტრი დაითხოვა და რაკი გუნდში ზაიონ უილიამსონი, ბრენდონ ინგრამი და ლონზო ბოლი თამაშობენ, ამბიციებიც დიდი აქვთ. თუმცა უფრო დიდი ამბიციები აქვს ფილადელფიას, რომელიც სეზონის წინ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ბენ სიმონსის ტრავმის შემდეგ, პლეი ოფის პირველსავე რაუნდში ბოსტონ სელტიკსთან ე.წ. Sweep-მარცხი (0:4) იწვნია. სწორედ ამის შემდეგ გაუშვეს ბრეტ ბრაუნი და მის შემცვლელად, ჰიუსტონ როკეტსიდან წასული მაიკ დ’ანტონის გარდა, დოკ რივერსსაც მოიაზრებენ.

2008 წელს დოკ რივერსმა ბოსტონ სელტიკსით NBA მოიგო და L.A.-ში 2013 წელს გადავიდა. მიუხედავად კავაი ლეონარდის და პოლ ჯორჯის დამატებისა, კლიპერსმა NBA-ს ფინალში ვერ გააღწია. იქ ერთმანეთს ლოს ანჯელეს ლეიკერსი და მაიამი ჰიტი შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები