Thumbnail

'თუ რამით ვგავარ, ეს მხოლოდ მაბედნიერებს' - მიქაუტაძე ჟან-პიერ პაპენს შეადარეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბელგიის რანგით მე-2, პროქსიმუს ლიგაში (8 გუნდი) დებიუტანტი სერენი 9 ქულით ლიდერობს, ხოლო 9 გოლით (5 თამაშიდან) ჩემპიონატის ბომბარდირი ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძეა...

ჟორჟმა უკვე პოკერიც მოასწრო და ჰეთ თრიკიც

19 წლის ქართველმა, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს და ლიგა 1-ის მეცის წევრია, 5-დან 4 მატჩში შეძლო გატანა, მხოლოდ ვესტერლოსთან ვერ შეაგდო და სერენი 0:2 დამარცხდა. ამიტომაც დაიწერა ბელგიურ მედიაში: "როცა მიქაუტაძეს არ გააქვს, სერენი დუმსო". ლომელთან პოკერს მოყვა გოლები დეინზესა და სენტ ჟილუასთან, ახლა კი ლიერსთან ჟორჟის ჰეთ თრიკიც ვიხილეთ.

📺 ჟორჟ მიქაუტაძის ჰეთ თრიკი ლიერსთან

სერენის თავკაცი ემილიო ფერერა უბრალოდ აღფრთოვანებულია ჟორჟ მიქაუტაძის თამაშით და მას სტილით ჟან-პიერ პაპენს ადარებს:

ემილიო ფერერა (სერენის მწვრთნელი): "არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ზონაში იმყოფება ის, "მიქაუს" "მკვლელი" ინსტიქტი აქვს, როგორც ეს ნამდვილ ფორვარდებს აქვთ, როგორიც იყო ჟან-პიერ პაპენი. 
ის გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი შეჩერება ძნელია, რადგან გოლის ალღო აქვს, მას გატანა შეუძლია სხვადასხვა სიტუაციიდან: ერთი შეხებით, დრიბლინგის წყალობით, ცაციით, მარჯვენა ფეხით, შეტევის ბოლო ფაზაში... მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა. ჩვენ ჯერ ახლა ვიცნობთ მას, როგორც ფეხბურთელს".

📺 ჟორჟ მიქაუტაძის პოკერი ლომელთან

ამ შედარებას ბელგიურ მედიასთან თავად ფეხბურთელიც გამოეხმაურა: "პაპენს ძალიან კარგი კარიერა ჰქონდა, მას ბევრი გოლი გაჰქონდა. თუ ჩემი სტილი, რაღაცით მაინც ჩამოგავს მისას, ეს ბედნიერებას მანიჭებს".

📺 ჟორჟ მიქაუტაძის გოლი დეინზეს კარში

ჟან-პიერ პაპენი 1986-1995 წლებში თამაშობდა საფრანგეთის ნაკრებში, რომლის რიგებშიც 54 მატჩში 30 გოლი გაიტანა. 1991 წელს პაპენი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა. 

ჟორჟ მიქაუტაძე ერთწლიანი იჯარით თამაშობს სერენში, თუმცა ზამთარში მეცს მისი დაბრუნება შეუძლია. მიქაუტაძემ უკვე მოასწრო ლიგა 1-ში დებიუტი. ის მეცს 2023 წლამდე ეკუთვნის. 

კომენტარები

ბოლო ამბები