Thumbnail
  • ლივერპული 3:1 არსენალი
  • ლაკაზეტის გოლს მანემ და რობერტსონმა ათიოდე წუთში უპასუხეს 
  • დიოგო ჟოტამ მერსისაიდელთა მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა

ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა ლუვერპულმა ლონდონის არსენალს უმასპინძლა და გაშვებული გოლის მიუხედავად, გამარჯვების მოპოვება დამაჯერებლად შეძლო.

"ენფილდზე" შეხვედრას იურგენ კლოპისა და მიკელ არტეტას გუნდები ჩემპიონატში ორ-ორი მოგებითა და თითოც სათასო მატჩში გამარჯვებით შეხვდნენ. ლონდონელები პასიურები ჩანდნენ, მაგრამ ანგარიში 25-ე წუთზე მაინც მათ გახსნეს. ეინსლი მეიტლენდ-ნაილსმა მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოსკენ არცთუ კარგად ჩააწოდა, მაგრამ ბურთი ენდრიუ რობერტსონს ფეხზე აეჭრა და ალეკსანდრ ლაკაზეტთან აღმოჩნდა, რომელმაც საჩუქარი მიიღო და პირისპირ მყოფ ალისონს შანსი არ დაუტოვა - 0:1.

ლაკაზეტს საგოლე მომენტები მერეც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა

იურგენ კლოპის გუნდს მდგომარეობის გამოსასწორებლად სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა. რობერტო ფირმინოს იერიში მოჰამედ სალაჰმა გააგრძელა, რომელიც კირან ტირნის მარტივად გაექცა და კარისკენ მძლავრადაც დაარტყა. ლენომ ბურთი იქვე ახლოს მოიგერია და მას პირველმა დამატებაზე სადიო მანემ მიუსწრო - 1:1.

ლივერპულმა მეორეც მალევე გაიტანა. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შეტევის მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში შეპარული რობერტსონი დროულად მოძებნა, ამ უკანასკნელს კი ახლო დისტანციიდან გატანა არ გასჭირვებია - 2:1. 

მანეს ანგარიშზე პრემიერლიგის 3 მატჩში 3 გოლია 

საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს, მოედანზე შეცვლაზე შესულმა დიოგო ჟოტამ დააფიქსირა. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა რამდენიმე გაცუდებული შანსის შემდეგ, ლივერპულის შეტევა გოლით მას შემდეგ დააგვირგვინა, რაც დავიდ ლუისმა ბურთის თავით შორს მოგერიება ვერ მოახერხა - 3:1.

"დიდებულად ვითამაშეთ. ამ თამაშზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ლივერპულმა მრავალი სახიფათო მომენტი შემქმნა, ჩემი ოცნება კი ნამდვილად არ არის ის, რომ ყველა მომენტი გოლით დასრულდეს. ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს დამსახურებული იყო. შეგვეძლო მეტის გატანა? დიახ, რა თქმა უნდა. მუდმივად მაღალ დონეზე ვთამაშობდით, არსენალს კი გეგმის განხორციელებაში ხელი შევუშალეთ. ეს უბრალოდ საოცარი იყო", - თქვა თამაშის შემდეგ კლოპმა.

გახარებული კლოპი და ჟოტა მატჩის დასრულების შემდეგ

იურგენ კლოპის გუნდის წარმატებული სერია გრძელდება - ლესტერთან და ევერტონთან ერთად, უდანაკარგოა. მომდევნო ტურში, 4 ოქტომბერს, ლივერპული ასტონ ვილას ესტუმრება, არსენალი კი ამავე დღეს შინ შეფილდს მიიღებს. 

ლივერპული 3:1 არსენალი

გოლები: 0:1 ლაკაზეტი (25’), 1:1 მანე (28’), 2:1 რობერტსონი (36’), 3:1 ჟოტა (88').
ლივერპული (4-3-3): ალისონი -  ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი - კეიტა (79' მილნერი), ფაბინიო, ვეინალდუმი -  სალაჰი, ფირმინო (90+1' მინამინო), მანე (80' ჟოტა).
არსენალი (3-4-3): ლენო – ჰოლდინგი, ლუისი, ტირნი, ტირნი - ბელერინი, ელნენი, ჯაკა (60' სებალიოსი), მეიტლენდ-ნაილსი - ვილიანი (68' პეპე), ლაკაზეტი (73' ნკეტია), ობამეიანგი.

კომენტარები

ბოლო ამბები