Thumbnail

'ეს მარცხი მტკივნეული იყო და ბოდიშს ვიხდით' - დინამო თბილისის განცხადება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

დინამო თბილისმა საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელიც ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების კლუბ კლაკსვიკთან ანგარიშით 1:6 დამარცხებას ეხება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს მარცხი ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და კლუბი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის.

"გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვაცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია".

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისმა მიმდინარე ევროტურნირებზე ძალიან წარუმატებლად ითამაშა და ჯერ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ტირანასთან წააგო (0:2), შემდეგ ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსური კონაჰი გაჭირვებით დაამარცხა (1:0), მე-3 ეტაპზე კი კლაკსვიკთან კატასტროფულად წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები