Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების და როტორის ფეხბურთელის ინტერვიუ რუსულ მედიაში
  • 19 წლის ნახევარმცვველმა თავის მეგობარი ხვიჩა კვარაცხელია დაახასიათა
  • ზურიკოს შეკითხვები რუსეთზე, 2008 წლის ომსა და მიხეილ სააკაშვილზეც დაუსვეს
  • სავარაუდოდ, რუსულმა გამოცემამ დავითაშვილის ნათქვამი არასწორად გადმოსცა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც იჯარით ვოლგოგრადის როტორში გამოდის, sport24-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თანაკლუბელ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ის მესის შეადარა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში როტორმა სწორედ რუბინს უმასპინძლა. ზურიკო, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ვოლგოგრადელთა რიგებში საბა კვერკველიამ, ჯოვინო ფლამარიონმა და ბექა მიქელთაძემ (53-ე წუთიდან) ითამაშეს, ყაზანურ გუნდს კი გამარჯვებაში (3:1) სწორედ ხვიჩა კვარაცხელია დაეხმარა, რომელმაც გოლიც გაიტანა, 11-მეტრიანიც მოიპოვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ ზურიკოს ინტერვიუს თავდაპირველ ვარიანტში ისე ეწერა, თითქოს დავითაშვილი ხვიჩას "რუს მესიდ" მოიხსენიებდა, მოგვიანებით საიტმა ქართველი ფეხბურთელის სიტყვები შეცვალა...  

"ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია, ბავშვობიდან ვიცნობთ. ერთად ჯერ კიდევ დინამო თბილისის სკოლაში ვთამაშობდით. მე და ხვიჩა კარგი მეგობრები ვართ. დღეს კვარაცხელიას შეგვიძლია ქართველი მესი ვუწოდოთ. ლოკომოტივმა დიდი შეცდომა დაუშვა, ის რომ გაუშვა". 

ზურიკო როტორში სეზონის ბოლომდე იჯარით გამოდის

19 წლის დავითაშვილს ჟურნალისტმა რუსეთსა და საქართველოში ცხოვრების პირობების შედარება სთხოვა. ასევე შეკითხვები 2008 წლის ომზე, თორნიკე შენგელიასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც დაუსვა.  

"საქართველო ჩემი სახლია და კომფორტულად თავს სამშობლოში ვგრძნობ. მაგრამ რუსეთშიც ძალიან კარგად ვარ. მომწონს რუსული ფეხბურთი და ქვეყანაც.

ჩემთვის გაუგებარია, რატომ აკრიტიკებენ შენგელიას, მაგრამ საკუთარ თავზე გეტყვით - რუსულ გუნდში გადასვლის გამო პრობლემა არ მქონია. 

დიახ, 2008 წლის ომმა ქვეყანა შეცვალა. ომი ძალიან ცუდია. საქართველოში არიან ისეთები, რომლებსაც სააკაშვილი არ უყვართ, მაგრამ არიან ისინიც, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ", - ამბობს ინტერვიუში ზურიკო. 

ბოლო დროს ვაისი ზურიკოს ნაკრებში მუდმივად იძახებს

ზურიკომ კომენტარი რუბინის გადაწყვეტილებაზეც გააკეთა, რომელმაც ერთი სეზონით ის იჯარით როტორში გაუშვა.

"ასე იმიტომ გადაწყვიტეს, რომ უფრო მეტი მეთამაშა. სლუცკისთან (რუბინის მწვრთნელი) კარგი ურთიერთობა მაქვს - არანაირი პრობლემა. მან მითხრა, რომ მელოდება, როდის დავბრუნდები. ის ძალიან მხიარული მწვრთნელია, მუშაობის მისი მეთოდები კოლექტივს კრავს".

დავითაშვილმა წინა სეზონი ყაზანის რუბინში გაატარა

ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია რუბინში 2019 წლის ზაფხულში გამოჩნდნენ, ამ სეზონში კი ყაზანის კლუბმა ზურიკო როტორში გაანათხოვრა. ვლადიმირ ვაისმა ორივე ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა ბელარუსის ნაკრებთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის, რომელიც თბილისში 8 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები