Thumbnail

თორნიკე შენგელია, რომელმაც მოსკოვის ცსკა-ს მაისურით ჩატარებულ პირველსავე ოფიციალურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და აქამდე ვერ თამაშობდა, გუნდთან ერთად კატალონიის დედაქალაქში მაინც გაემგზავრება. ამის შესახებ რუსმა საკალათბურთო კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ გამოაცხადა. 

1-ელ ოქტომბერს, ცსკა ევროპალიგის პირველ ტურში სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდება. 

თორნიკემ ტრავმა ასტანასთან მატჩის დასაწყისშივე მიიღო

"ევროლიგის ყოველ ტურში უნდა იყოს მატჩები (უკიდურეს შემთხვევაში ერთი თამაში), რომლებიც ცენტრალურ შეხვედრებად ჩაითვლება, იქნება ყველაზე საინტერესო და გულშემატკივრების ყურადღებას მთელ ევროპაში მიიპყრობს. თორნიკე შენგელია ნამდვილად გაფრინდება ცსკა-სთან ერთად ბარსელონასთან მატჩზე, თუმცა მატჩში მისი მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილებას ბარსელონაში მიიღებენ", - აცხადებს გომელსკი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრავმა VTB-ლიგის პირველსავე ტურში მიიღო, როდესაც მისი გუნდი ყაზახეთში ასტანას სტუმრობდა. თამაშის დაწყებიდან მხოლოდ 3:19 წუთი იყო გასული, როდესაც თორნიკემ მუხლი დაიშავა და მოედანზე აღარც გამოჩენილა. მოგვიანებით გაირკვა, რომ შენგელიას მარჯვენა წვივის კუნთი ჰქონდა დაზიანებული. მას VTB-ლიგის მეორე ტურში, პერმის პარმასთანაც არ უთამაშია, რომელიც ცსკა-მ ანგარიშით 95:97 წააგო.

📺 თორნიკე შენგელიას ტრავმის მომენტი

📹 Silk Sport

თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გასულ ზაფხულს ბასკონიადან გადავიდა, რომლის ღირსებას 6 წლის განმავლობაში იცავდა და გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონი გახდა. თორნიკემ ცსკა-სთან, რომელიც ევროლიგის მოქმედი ჩემპიონია, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები