Thumbnail

‘ჰაალანდი მაგარია, მაგრამ ნაკლიც აქვს’ - მიროსლავ კლოზე რჩევას აძლევს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ერლინგ ჰაალანდი მიროსლავ კლოზესაც მაგარ თავდამსხმელად მიაჩნია
  • თუმცა გერმანიის ნაკრების ექს-გოლეადორი პრობლემებსაც ხედავს

ერლინგ ჰაალანდი უდავოდ ძალიან მაგარი ცენტრფორვარდი და ფეხბურთის მომავალი სუპერვარსკვლავია. დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელმა თავდამსხმელმა 20 წლის ასაკში მთელ მსოფლიოს გააცნო თავი. ახალ სეზონშიც, ჰაალანდს 2 თამაშში 2 გოლი აქვს. ბუნდესლიგის ექსპერტები და ფუნქციონერები მას, ბუნებრივია, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ბევრისთვის საუკეთესო მოთამაშეს, რობერტ ლევანდოვსკის ადარებენ.

“თავის დროზე ლევი ჩვენთან ნიჭიერი თავდამსხმელის სახელით გადმოვიდა. ჰაალანდის სიტუაცია განსხვავებულია, რადგან ბორუსიაში გადმოსვლისას ის უკვე მიიჩნეოდა მაღალი დონის ცენტრფორვარდად. სულ სხვა რენომე ჰქონდა, ვიდრე მაშინ ლევანდოვსკის,” - აცხადებს ექს-დორტმუნდელი სებასტიან კელი, რომელიც ახლა კლუბის სპორტული მენეჯერია.

აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკის ბორუსიაში არ ჰქონია ისეთი სტარტი, როგორიც ჰაალანდს გამოუვიდა. პოლონელს თავიდან გოლების გატანა უჭირდა და ლუკას ბარიოსის შემცვლელი იყო. ჰაალანდმა კი პირველივე თამაშებიდან ბევრი გოლის გატანა დაიწყო. “ჩვენ სწორედ იმ ტიპის ცენტრალური თავდამსხმელის გვჭირდებოდა, როგორიც ერლინგია. მას შემდეგ, რაც ლევანდოვსკი დავკარდეთ, სწორედ ასეთს ველოდით,” - დასძინა კელმა. 

'2 წლის შემდეგ მისი თამაში ყველას გაანალიზებული ექნება'

ჰაალანდის შესახებ ისაუბრა გერმანიის ნაკრების ყოფილმა გოლეადორმა მიროსლავ კლოზემაც, რომელიც ახლა ბაიერნის სამწვრთნელო შტაბშია: “მე მასში კარგ თავდამსხმელს ვხედავ, ძალიან ძლიერი მენტალიტეტით. მისი მონდომება, კონცენტრაცია და დარტყმა მართლაც უნიკალურია. თუმცა პრობლემასაც ვხედავ. ჰაალანდი ვალდებულია, მალე იქცეს კომბინაციურ ფეხბურთელად. ახლა ის იმაზეა ორიენტირებული, ბურთი შესაბამის პოზიციაში, წინ მიიღოს, ანუ კარგად გაუგდონ, რათა მერე თავისი სისწრაფე გამოიყენოს. 2 წლის შემდეგ მისი თამაშის სტილი ყველა მეტოქეს ძალიან კარგად ექნება გაანალიზებული და თუ უნდა, რომ პროგრესი არ შეწყვიტოს, უნდა შეიცვალოს და სხვანაირი თამაშიც ისწავლოს. პირველ რიგში კომბინაციურ ფორვარდად უნდა იქცეს.”

წინა სეზონში ჰაალანდი დორტმუნდში ზალცბურგიდან გადავიდა და ბუნდესლიგის მეორე წრეში 15 მატჩში 13 გოლი გაიტანა. მანამდე, ავსტრიის ჩემპიონატის პირველ წრეში 14 მატჩში 16 გოლი ჰქონდა გატანილი. ჩემპიონთა ლიგაში კი 8 შეხვედრაში 10 გოლით გამოირჩა. საერთო ჯამში მან წინა სეზონში 40 ოფიციალურ მატჩში 44 გოლის გატანა შეძლო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები