Thumbnail

პატარა ანსუ ფატი - ბარსელონას გარემარბს ჯილდო ასაკის გამო არ მისცეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონა 4:0 ვილიარეალი
  • ბარსელონას 17 წლის გარემარბმა დუბლი შეასრულა და პენალტი გამოიმუშავა
  • ახალგაზრდა ფეხბურთელმა მესის 8 წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორა
  • ანსუ ფატი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ასაკის გამო ვერ დაასახელეს 

რონალდ კუმანს ბარსელონაში დებიუტი შთამბეჭდავი გამოუვიდა - ლა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში კატალონიელებმა ვილიარეალს უმასპინძლეს და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.

"კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრის ერთ-ერთი გმირი კატალონიელთა 17 წლის ვარსკვლავი ანსუ ფატი გახდა, რომელმაც მე-15 და მე-19 წუთებზე გაიტანა, შემდეგ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ლიონელ მესიმ გამოიყენა, პირველი ტაიმის მიწურულს კი პაუ ტორესის ავტოგოლი დაფიქსირდა.

ფატი გახდა ბარსელონას პირველი ფეხბურთელი ბოლო 8 წლის განმავლობაში, რომელმაც კლუბის მაისურით დუბლი პირველ 20 წუთში გაიფორმა. მსგავსი რამ კატალონიური კლუბის ისტორიაში სულ ხუთმა ფეხბურთელმა შეძლო: მარტი ვენტოლრემ (1933 წელს), შანდორ კოჩიშმა (1961), ლაფოს ბუსტილიომ (1969) და ლიონელ მესიმ (2012). 

ვილიარეალთან თამაშის შემდეგ ანსუ ფატიმ მედიას ლიონელ მესის გვერდით თამაშით მიღებულ სიამოვნებაზე შესახებ ესაუბრა: 

"ბავშვობიდან ვოცნებობდი მესისთან ერთად თამაშზე და ახლა ეს რეალობაა. ის უამრავ რჩევას მაძლევს, მეხმარება როგორც ვარჯიშებსა და მატჩების დროს, ისე მოედნის გარეთ. ეს მაბედნიერებს. მსურს ყოველდღიურად მოვუმატო, ვისწავლო თანაგუნდელებისგან, რომლებიც საუკეთესონი არიან".

ანსუ ფატიმ ლიონელის მიღწევა გაიმეორა

ესპანური მედიის ინფორმაციით, 17 წლის ანსუ ფატის ვილიარეალთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო მხოლოდ იმის გამო ვერ მიაკუთვნეს, რომ ეხბურთელი არასრულწლოვანია, ჯილდოს სპონსორი კი ცნობილი ლუდსახარში კომპანიაა (Budweiser).  საბოლოოდ გადაწყდა, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ბარსელონას მცველი ჟორდი ალბა დასახელებულიყო. 

ბარსელონა მომდევნო მატჩს 1-ელ ოქტომბერს, სტუმრად სელტასთან ჩაატარებს, ვილიარეალი კი 30 სექტემბერს შინ ალავესს მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები