Thumbnail
  • მაიამი ჰიტი 125:113 ბოსტონ სელტიკსი
  • საუკეთესო ბემ ადებაიო იყო - 32 ქულა და 14 მოხსნა
  • მაიამი სუპერფინალში ლეიკერსს შეხვდება

ლოს ანჯელეს ლეიკერსი აღმოსავლეთ კონფერენციიდან მეტოქეს ელოდებოდა და აი ისიც: მაიამი ჰიტმა მეექვსე თამაშში ბოსტონ სელტიკსი დაამარცხა.

ფლორიდელთა საბოლოო უპირატესობამ 12 ქულა შეადგინა, თუმცა ეს ზუსტად არ ასახავს მატჩის ხასიათს. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და მთელი თამაში, მეოთხე მეოთხედის ბოლო წუთებამდე, ქულა-ქულაში ბრძოლა იყო - ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა ორნიშნიანი მაჩვენებლით წინ გასვლას.

ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, ჯერ მაიამი იყო წინ, მეოთხე მეოთხედის დასაწყისში სელტიკსი 6 ქულას იგებდა, როდესაც პატ რაილის გუნდმა თავისი 'გაქცევა' დაიწყო და დაახლოებით 7-წუთიანი მონაკვეთი 26:6 მოიგო. ამ მონაკვეთში მაიამიმ ყველაფერი ჩაყარა, ხოლო დაცვამ 'სელტიკსს' არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა. ამ გაქცევის შემდეგ მაიამი პირველად გადაცდა 10-ქულიან უპირატესობას და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

საუკეთესო მაიამის ცენტრი ბემ ადებაიო აღმოჩნდა, რომელიც ამ პლეი ოფში სუპერვარსკვლავივით თამაშობს. ადებაიო, ჩვეულებისამებრ, ძალიან კარგად თამაშობდა დაცვაში, დომინანტური იყო ფარზე (14 მოხსნა) და სამწამიანში და, რაც მთავარია, გუნდს 15-დან 11 ჩაგდებული ბურთით და 32 ქულით დაეხმარა. ადებაიო მაიამისთვის ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში ყრიდა, როდესაც ბოსტონი ანგარიშში გაქცევასთან ახლოს იყო.

ბემ ადებაიო საუკეთესო იყო

მაიამიდან შეტევაში მთელი გუნდი ძალიან პროდუქტიული იყო. ტრადიციულად, ერიკ სპოელსტრამ აქცენტი გუნდურ კალათბურთზე გააკეთა: ჯიმი ბატლერს 22 ქულა და +18 ჰქონდა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო 'შუთერი' დანკან რობინსონი - 7-დან 5 ჩაგდებული სამქულიანი, 15 ქულა და +24, სკამიდან 19 ქულა ჩააგდო ტაილერ ჰირომ და 15 ანდრე იგუდალამ. ერთადერთი თამაში გორან დრაგიჩს არ წაუვიდა, 11 სროლაში მხოლოდ 13 ქულა და -11.

ბოსტონიდან საუკეთესოები, ტრადიციულად, ჯელენ ბრაუნი (26 ქულა) და ჯეისონ ტეიტუმი (24 ქულა) იყვნენ. 20-20 ქულა ჰქონდათ კემბა უოკერს და მარკუს სმარტს.

შედეგიანობის მიუხედავად, ბოსტონის ლიდერებს სროლის ცუდი პროცენტი ჰქონდათ. მაგალითად, სმარტს 20 ქულისთვის 22 სროლა დასჭირდა, ტეიტუმს კი - 26. ბოსტონმა მეტოქის ფარზე 13 მოხსნა გააკეთა, მხოლოდ 10 დაკარგვა ჰქონდა და ბევრად მეტი სროლა შეასრულა (99 -80), თუმცა მაიამი უკეთესი პროცენტით ისროდა (43.4 - 56.3). გადამწყვეტი სწორედ ეს კომპონენტი აღმოჩნდა. ფლორიდელებს პერიმეტრიდან საერთოდაც 27-დან 13 სროლა ჰქონდათ გამოყენებული, რაც ზუსტი სროლების 48.1 პროცენტია.

მაიამი სუპერფინალში ლეიკერსს შეხვდება - ლებრონი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები