Thumbnail
  • ბარსელონა 4:0 ვილიარეალი
  • 17 წლის ანსუ ფატიმ დუბლი შეასრულა და პენალტიც მოიპოვა
  • ლიონელ მესის ესპანურ ლა ლიგაში ზედიზედ 17 სეზონია გააქვს

ესპანურმა ბარსელონამ ახალი მწვრთნელის რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ვილიარეალის დამარცხება არ გასჭირვებია – 4:0, თანაც ყველა გოლი პირველ ტაიმში გაიტანა.

შეხვედრის ერთ-ერთი გმირი კატალონიელთა 17 წლის ვარსკვლავი ანსუ ფატი გახდა, რომელმაც მე-15 და მე-19 წუთებზე გაიტანა, შემდეგ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ლიონელ მესიმ გამოიყენა, პირველი ტაიმის მიწურულს კი პაუ ტორესის ავტოგოლი დაფიქსირდა. აქვე ვთქვათ, რომ ფატიმ პროფესიულ კარიერაში დუბლი მეორედ შეასრულა. პირველად მან წყვილი გოლი თებერვალში ლევანტეს გაუტანა.

მორიგი სტატისტიკური მიღწევა დააფიქსირა მესიმაც, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-17 (!) სეზონია გააქვს. ასეთი რამ აქამდე მხოლოდ სამ ფეხბურთელს მოუხერხებია. ესენი აგუსტინ გაინსი (ატლეტიკი, მიჯრით 19 სეზონი), კარლოს ალონსო იგივე სანტილიანა (რეალი, 17) და სერხიო რამოსი (რეალი, 17) არიან.

საინტერესოა, რომ გასულ შეხვედრაში ბარსას მაისურით დებიუტი ერთბაშად სამ ფეხბურთელს ჰქონდა. ესენი მირალემ პიანიჩი (იუვენტუსიდან გადავიდა), ფრანსიშკუ ტრინკაუ (ბრაგა) და პედრი (ლას პალმასი) არიან. ამას გარდა, მინდორზე ვიხილეთ ფრანგი გარემარბი უსმან დემბელეც, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო 10 თვე არ ეთამაშა. ბოლოს ის საქმეში გასული წლის ნოემბერში ჩემპიონთა ლიგის მატჩში დორტმუნდის ბორუსიასთან ვიხილეთ.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ თამაშის შემდეგ, კუმანი შეგირდების გარჯით კმაყოფილი იყო: “პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი ტემპი დაეცა. კარგია, რომ ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. გოლებიც მომეწონა, ჩვენი დომინაციის შედეგი იყო. ვფიქრობ, ფატის თამაში უნდა გამოვარჩიო. ვიცით, რომ 17 წლისაა და მომატება კიდევ შეუძლია. ზოგჯერ მას კონცენტრაცია აკლია. მიხარია, რომ მის გარდა პედრიც გვყავს. მათ დიდი მომავალი აქვთ”.

კამპ ნოუზე თავი ვერაფრით გამოიჩინა ვილიარეალმა, რომლის თავკაცი უნაი ემერი სამწვრთნელო კარიერაში მე-800-ე მატჩს ატარებდა, თუმცა, საიუბილეო თარიღი შესაბამისად ვერ აღნიშნა. საინტერესოა, რომ ემერის გუნდები ბარსელონას სტუმრად მეცამეტედ დაუპირისპირდნენ და ჯერ ქულაც კი არ აქვთ აღებული.

ვილიარეალს 3 ტურის თავზე 4 ქულა შერჩა და მე-8 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 30 ოქტომბერს ალავესთან ჩაატარებს. თავის მხრივ, ბარსელონა ლა ლიგაში მე-2 შეხვედრას 1 ოქტომბერს ვიგოში სელტასთან გამართავს.

ბარსელონა 4:0 ვილიარეალი

გოლები: 1:0 ფატი (15), 2:0 ფატი (19), 3:0 მესი (35 პენ.), 4:0 პაუ ტორესი (45 აგ.).

ატლეტიკო 6:1 გრანადა

გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (9), 2:0 კორეა (47), 3:0 ჟოაო ფელიქსი (65), 4:0 ლორენტე (72), 5:0 სუარესი (85), 5:1 მოლინა (87), 6:1 სუარესი (90).

კომენტარები

ბოლო ამბები