Thumbnail

ანდრეა პირლო და იუვენტუსი წაგებას კრიშტიანო რონალდომ გადაარჩინა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რომა 2:2 იუვენტუსი
  • ტურინელთა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა დუბლი შეასრულა
  • რომას 30 წუთი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა
  • კრიშტიანომ შიდა ჩემპიონატებში 450-ე გოლი გაიტანა

სერია A-ს მე-2 ტურის ცენტრალური დაპირისპირება რომასა და იუვენტუსს შორის გაიმართა. რეალურად, ეს ანდრეა პირლოს პირველი სამწვრთნელო გამოცდა იყო, რადგან გენუის სამპდორია განსაკუთრებულ საზომად ნამდვილად არ გამოდგება. ვერ ვიტყვით, რომ პირლომ გამოცდა ჩააბარა, რადგან იუვემ საკმაოც ცუდად ითამაშა და წაგებას კრიშტიანო რონალდოს ოსტატობის ხარჯზე გადაურჩა.

რომა ძალიან აქტიური იყო და სწრაფ კონტრშეტევებს პრობლემების გარეშე ახორციელებდა. ანგარიში 31-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ადრიენ რაბიომ საჯარიმოში ხელით ითამაშა და ჯორდან ვერეტუმ პენალტით რომაელები დააწინაურა. იუვენტუსმა გათანაბრება 44-ე წუთზე შეძლო, ამჯერად ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა - ლორენცო პელეგრინის მოხვდა საჯარიმოში ბურთი ხელზე და რონალდო არ შემცდარა. თუმცა, იუვემ პირველი ტაიმი მაინც წააგო, რადგან ერთ წუთში რომამ სამაგალითო კონტრშეტევა განახორციელა და ვერეტუმ დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში მასპინძლები საგრძნობ უპირატესობას დაეუფლნენ და საგოლე შანსებიც მიიღეს, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში მოიკოჭლებდნენ, განსაკუთრებით ედინ ჯეკო, რომელმაც ერთხელ ძელს გაარტყა, მეორედ - შჩესნის. იუვენტუსი 62-ე წუთზე კაცნაკლულიც დარჩა, რაბიომ მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, ტურინელებმა გაათანაბრეს. დანილოს გადაცემას რონალდო თავით გამოეხმაურა და წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი ანგარიში აღარ შეცვლილა.

იუვენტუსს 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ხოლო რომასთვის ეს პირველი ქულა იყო. ტურინულ გრანდს მომდევნო ტურში ნაპოლისთან მოუწევს დაპირისპირება, რომა კი უდინეზეს ესტუმრება.

რომა 2:2 იუვენტუსი

გოლები: 1:0 ვერეტუ (31, პენ), 1:1 რონალდო (44, პენ), 2:1 ვერეტუ (45), 2:2 რონალდო (69)

კომენტარები

ბოლო ამბები