Thumbnail

რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში ვოლგოგრადის როტორმა ყაზანის რუბინს უმასპინძლა და 1:3 წააგო. მასპინძელთა რიგებში დინამო ბათუმის ყოფილი თავდამსხმელის ფლამარიონ ჯოვინოს დებიუტი შედგა, რომელმაც გოლიც გაიტანა, სტუმართა შორის კი გამორჩეული ისევ ხვიჩა კვარაცხელია იყო - გოლი გაიტანა და პენალტიც მოიპოვა.

ხვიჩამ 59-ე წუთზე მეტოქეს ბურთი წაართვა, კარისკენ დაიძრა და ეფექტური დარტყმით მასპინძელთა კარი დალაშქრა, რითაც სხვაობა ორამდე გაზარდა. ორ წუთში ჯოვინომ გამოიჩინა თავი, რომელმაც ფლანგური გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან შეძლო გატანა და ანგარიში 1:2 გახადა.

75-ე წუთზე კვარაცხელიამ კიდევ ერთ გოლში მიიღო მონაწილეობა. საჯარიმოში ბექა მიქელთაძეს ატყუებდა, თუმცა, როტორის შემტევს ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც ოლეგ შატოვმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

📺 ვიდეო: კვარაცხელიას გოლი, მოპოვებული პენალტი და ჯოვინოს გოლი

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, ისევე როგორც ჯოვინომ. ორივემ 90 წუთი ითამაშა, როტორის რიგებში საბა კვერკველიაც თავიდან ბოლომდე იყო მოედანზე, ხოლო მიქელთაძე 53-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში. ცნობისთვის, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

რუბინი 14 ქულით მე-8 ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 ოქტომბერს, გროზნოს ახმატს უმასპინძლებს, როტორი კი 2 ქულით ბოლო პოზიციაზეა და შემდეგი შეხვედრა 3 ოქტომბერს სტუმრად უფასთან ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები