Thumbnail

'მოგიწოდებთ, შეაჩეროთ ომი!' - მხითარიანის თქმით, ვითარება საგანგაშოა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ჩვენს შვილებს უფლება აქვთ მშვიდობაში იცხოვრონ და თავშესაფარში არ იმალებოდნენ'
  • მთიან ყარაბახში კონფლიქტი გამწვავდა, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

იტალიური რომას სომეხმა ფეხბურთელმა ჰენრიხ მხითარიანმა შეშფოთება გამოთქვა მთიან ყარაბახში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამწვავებით და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო საზოგადოება სამხედრო შეტაკებების ესკალაციას არ დაუშვებს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა:

“დღეს დილით გავიღვიძე და შევიტყვე, რომ აზერბაიჯანის არმიამ ყარაბახზე ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა, რომლის სამიზნე სტეპანაკერტი და მიმდებარე რაიონები იყო. მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგრობრობას დაუყოვნებლივ ჩაერიოს და სამხედრო მოქმედებები შეაჩეროს. მე ყოველთვის ჩემს ნაციასთან ერთად ვდგავარ. ჩვენ უფლება გვაქვს სამშობლოში ისე ვიცხოვროთ, რომ მუდმივად საფრთხე არ გვემუქრებოდეს. ჩვენს შვილებს უფლება აქვთ მშვიდობაში იცხოვრონ და თავშესაფარში არ იმალებოდნენ”.

მთიან ყარაბახში, რომელიც გაეროს მიერ აზერბაიანის ტერიტორიად არის აღიარებული, კონფლიქტი სათავეს ჯერ კიდევ 1988 წლიდან იღებს და დღემდე გრძელდება. ამჟამად, ის სომხური მხარის მიერ არის ოკუპირებული, სხვადასხვა სახის შეტაკებები კი ხშირი ამბავია. მორიგი გამწვავების ეტაპი დღეს დილიდან დადგა, რასაც უკვე ათობით სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც აქამდე ხდებოდა, მხარეები სიტუაციის გამწვავებაში ახლაც ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამჯერად, სომხეთმა საომარი მდგომარეობაც გამოაცხადა და სხვა ღონისძიებებთან ერთად, ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატიც შეაჩერა.

კომენტარები

ბოლო ამბები