Thumbnail
  • Marca-ს ვერსიით, კატალონიელებს სუპერწინადადებით მანჩესტერმა მიმართა
  • ბარსელონას ანსუ ფატის გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევრო აქვს მითითებული

ესპანურმა ბარსელონამ სოლიდური შეთავაზება მიიღო ანსუ ფატის თაობაზე, თუმცა, მსურველი კლუბი უარით გაისტუმრა. კულუარულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ, კატალონიელთა ოფისში 17 წლის ამომავალი ვარსკვლავის აგენტი ჟორჟე მენდეში იმყოფებოდა და ბარსაც ხელმძღვანელობას ოფიციალური წინადადებითაც მიმართა. მის თანახმად, ფატის სანაცვლოდ 125 მილიონი ევრო მაშინვე იქნებოდა გადახდილი, კიდევ 25 მილიონს კი კლუბი, ბონუსების სახით მიიღებდა.

ბარსელონამ შეთავაზებაზე უარი ისე განაცხადა, რომ წინადადების განხილვაში არც შესულა. Marca-სთვის ფატის მსურველის ვინაობა ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა, თავისი წყაროებით დაადგინა, რომ ეს ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედი იყო. პრემიერლიგის გრანდი გვინეა-ბისაუში დაბადებული, აწ კი ესპანეთის ნაკრებში მოთამაშე ახალგაზრდა ფორვარდით ადრეც იყო დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ 17 წლის ფატი ბარსელონას აკადემიაში 2012 წელს გამოჩნდა, მთავარ გუნდში დებიუტი კი გასულ წელს ჰქონდა და 24 მატჩში უკვე 7 გოლი უგროვდება. მან უკვე ესპანეთის ნაკრების მაისურითაც ითამაშა, როდესაც სექტემბრის დასაწყისში გერმანიასთან მატჩში შეცვლაზე გამოჩნდა, რამდენიმე დღეში კი უკრაინასთან შეხვედრაში პირველი სანაკრებო გოლიც გაიტანა. ბარსას მის გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევრო აქვს მითითებული.

კომენტარები

ბოლო ამბები