Thumbnail
  • დინამო თბილისის ხელმძღვანელებმა იმედის ეთერში ისაუბრეს
  • რომან ფიფიას და ზაზა დოლიძის კომენტარები
  • ჩისკო გუნდის მთავარ მწვრთნელად რჩება და 3 წელი ეძლევა

ჩისკო დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად რჩება და მას კლუბის ხელმძღვანელები 3 წელიწადს აძლევენ. რჩება ხელმძღვანელობაც და ფეხბურთელებიც - საქართველოს ჩემპიონში ფარერის კუნძულებზე კოშმარულ მარცხს დეტალურად სეზონის ბოლოს შეაფასებენ. ამის შესახებ დინამო თბილისის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და დირექტორმა ზაზა დოლიძემ ტელეკომპანია ‘იმედის’ გადაცემაში ‘სპორტი იმედზე’ ისაუბრეს.

გადაცემის ბოლოს, ფიფიამ აღნიშნა: "თუ არის ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს და გააგრძელებს, მე არ ვარ წინააღმდეგი." 

რაც შეეხება სხვა განცხადებებს - კლაკსვიკთან სამარცხვინო 1:6-ის შემდეგ ეს დინამო თბილისის ხელმძღვანელების პირველი ოფიციალური კომენტარებია:

რომან ფიფია (დინამო თბილისის პრეზიდენტი): 

“პირადად მე ვერც წარმომედგინა, რომ ფარერების გუნდი მოგვიგებდა. სამწუხაროდ, მოხდა ეს ფაქტი და ძალიან მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ. ამას რა ახსნა უნდა ქონდეს? მოგვიგეს თამაში. წავაგეთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ წაგება გაუმართლებელია. მეც ისეთი განცდა მქონდა, როგორიც ჩვენს გულშემატკივრებს - როგორ წავაგეთ ასე ფარერების კლუბთან? მართალია, ფარერებზე ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან წინ წავიდა, მაგრამ მაინც... რით შეიძლება ვანუგეშო ჩვენი ფანები? მე ყველაზე მეტად მინდოდა ჯგუფში შესვლა და ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთებ ამისათვის.

სპეციალურად ორი დღით ადრე ჩავედით, რომ ბიჭებს კარგად დაესვენათ, პირდაპირი რეისით და ა.შ. მატჩის წინ განწყობა გუნდში მშვენიერი იყო, ვერაფერი მაფიქრებინებდა ამ მარცხს. თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მხოლოდ მოგების მოლოდინი გვქონდა. ვუთხარი, რომ წაგებას არავინ გვაპატიებდა. დიდი ალბათობით, ჩემი აზრით, მეტოქის შეუფასებლობას ჰქონდა ადგილი.

'გნებავთ, ციფრებით ვილაპარაკოთ? ჩისკოს ჰქონდა ხელფასი 25 000 ევრო'

პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. დღეს მიმდინარეობს შიდა ჩემპიონატი და ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან და რაც იქ მოხდა, პასუხი უნდა გასცენ. ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რა თქმა უნდა. შეფასება მოხდება სეზონის ბოლოს. აუცილებლად!

საქართველოში კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ადვილი არ არის. გნებავთ, ციფრებით ვილაპარაკოთ? ჩისკოს ჰქონდა ხელფასი 25 000 ევრო, გიორგი ლორიას - 20 000 დოლარი. იყო ასეთი დრო. მაგრამ მაინც ვერ შევედით ჯგუფურ ეტაპზე. ამ გუნდს მე ვაფინანსებ და რისი საშუალებაც არის, ისე ვაფინანსებ. ვამბობ, რომ ეს ბიუჯეტი არ არის საკმარისი...

რაც შეეხებათ ქართველ ნიჭიერ ბიჭებს - ყველას უნდა წასვლა! იქნება ეს რუსეთი თუ ევროპა - ყველას საქართველოდან წასვლა სურს. ჩვენ მათ ვერ ვაჩერებთ, არ ჩერდებიან. გამოჩნდებიან და მაშინვე წასვლა სურთ - უკეთეს ჩემპიონატში, უკეთესი ხელფასის გამო. ამაზე ფეხბურთელებთანაც გვისაუბრია, უბრალოდ, არ არსებობს მოთამაშე, ვისაც ეტყვი, რომ კიდევ ერთი წელი დარჩეს - შეიძლება უთხრა 3 თვე, 6 თვე, მაგრამ ერთი წელი გამორიცხულია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ბიჭები გუნდში თამაშობენ, ახლა მამარდაშვილის დაბრუნებასაც ვაპირებთ.

მინდა ვუთხრათ ჩვენს ფანებს, რომ ჩისკოს ვაძლევთ 3 წელს. იქნება პროგრესი? იქნება 5 წელი!”

ზაზა დოლიძე (დინამო თბილისის დირექტორი): 

“ჩისკო რჩება, არსად წასულა. იგი გრძელვადიანი პროექტითაა ჩამოსული. შარშან ჩვენ ჩისკოს გაშვება არ გვინდოდა. უბრალოდ, პრო-ლიცენზია არ ჰქონდა და შენიშვნები მივიღეთ. შარშან ვერ გამოიძებნა ფორმატი და იძულებულები გავხდით, გაგვეშვა. წელს ამის საშუალება არის და რჩება. ჩისკოს მუშაობა გვაკმაყოფილებს.

'მგონია, რომ ეს 6:1 არ ასახავს რეალობას. დიდი შოკი მივიღეთ'

თამაშის შემდეგ ძალიან ემოციური საუბარი გვქონდა, ყველანი განადგუნებულები ვიყავით. თავი კოშმარულ სიზმარში გვეგონა. ფაქტია, მეორე გოლის შემდეგ გუნდმა რეაბილიტაცია ვერ მოახდინა. ძალიან უხეში შეცდომებით წავაგეთ. მგონია, რომ ეს 6:1 არ ასახავს რეალობას. დიდი შოკი მივიღეთ. უიღბლობა, გუნდის შეუფასებლობა, ხელოვნური საფარი და კიდევ ბევრი რამ - ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. ფარერებზე 60 000 კაცი ცხოვრობს და 22 სტადიონია. 60 000 კაციდან 5 700 არის ფეხბურთელი. ფარერებზე ეკონომიურად ჩვენზე 10-ჯერ წინ არიან. ერთ ადამიანზე მშპ იქ არის დაახლოებით 60 000 დოლარი, ჩვენთან - 4 500. ეს ყველაფერი 1:6 წაგებას, რა თქმა უნდა, არ ამართლებს. იქ ფეხბურთის განვითარება მიყვება ქვეყნის განვითარებას...

მგონია, რომ ჩვენი ფეხბურთელები არ იმსახურებდნენ ასეთ წაგებას. მათ დასამტკიცებელი აქვთ საზოგადოებისთვის, რომ ეს შემთხვევით მოხდა.”

 

კომენტარები

ბოლო ამბები