Thumbnail

PREVIEW | 'ყველაფერი სხვანაირად იქნება' - არსენალის საფრთხე ლივერპულის ტრიოა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 28 სექტემბერი | ⌚ 23:00 | ⚽ ლივერპული V არსენალი
  • ქომაგების თხოვნით, მატჩი დაგეგმილზე 15 წუთით ადრე დაიწყება
  • მიმდინარე სეზონში ორივე გუნდს მაქსიმალური შედეგი აქვს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ინგლისური პრემიერლიგის მე-3 ტური ცენტრალური მატჩით დასრულდება, რომელსაც ლივერპულის ენფილდი უმასპინძლებს, მერსისაიდელთა მეტოქე კი ლონდონის არსენალი იქნება.

საგულისხმოა, რომ პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ გულშემატკივართა სურვილი გაითვალისწინა და მომავალი თამაში დაგეგმილზე ადრე დაიწყება. თავდაპირველი ვერსიით, მატჩს სტარტი ადგილობრივი დროით 20:15 საათზე (თბილისის დროით 23:15-ზე) უნდა აეღო, თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ინგლისში პანდემიასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ახლა, პაბები და ბარები 22:00 საათზე იკეტება, ამდენად, გამოდიოდა, რომ იქ შეკრებილ ფანებს თამაშის ბოლო წუთების ნახვის საშუალება არ ექნებოდათ. ამან ქომაგების გულისწყრომა გამოიწვია და არაერთი თხოვნის შემდეგ, მათი ინტერესი გათვალისწინებულ იქნა.

მოახლოებული თამაში კი მართლაც დიდ ინტერესს იწვევს. ლივერპული-არსენალის აფიშა ხომ ისედაც ყურადღებას იპყრობს და თანაც, გუნდები ახალ სეზონს კარგ ფორმაში შეხვდნენ. იურგენ კლოპისა და მიკელ არტეტას ბიჭებს პრემიერლიგის სტარტზე ორ-ორი მატჩი აქვთ მოგებული, რამდენიმე დღის წინ კი, ლიგის თასზეც წარმატებით ითამაშეს: ლივერპულმა ქვედალიგელი ლინკოლნი 7:2 გაანადგურა, არსენალმა კი ლესტერს 2:0 სძლია. საინტერესოა, რომ სათასო მერვედფინალში ლივერპული და არსენალი სწორედ ერთმანეთს “დაეჯახნენ” და ეს შეხვედრა უკვე 29 სექტემბერს ჩატარდება.

მომავალი თამაშის წინ ტრავმირებული ფეხბურთელები ორივე გუნდს საკმაოდ ჰყავს. “ჯო გომესმა ვარჯიში მხოლოდ ახლა დაიწყო და იქნებ, მისი თამაში მოესწროს კიდეც. სამწუხაროდ, ჟოელ მატიპი მზად არ არის. გარკვეული დრო სჭირდება ჯორდან ჰენდერსონსაც, რომელიც ორშაბათის მატჩში ნამდვილად ვერ დაგვეხმარება”, - განაცხადა კლოპმა, რომელიც ტრავმის გამო ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენსაც ვერ დაიხმარს.

იურგენ კლოპის ლივერპული არსენალთან მატჩისთვის ემზადება

უკვე სასტარტო შემადგენლობაში იქნება ლივერპულის ესპანელი ახალწვეული ტიაგო ალკანტარა, რომელსაც არსენალის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო:

“სატრანსფერო ბაზარზე სხვა გუნდების ქმედებებზე კომენტარს იშვიათად ვაკეთებ, თუმცა, ტიაგოს შემთხვევა სხვაა. ის ჯერ კიდევ ბარსელონას დროიდან მომწონს. არაჩვეულებრივი პიროვნებაა, დიდი ტალანტი, რომელსაც მაღალი დონის ნახევარმცველისთვის საჭირო ყველა თვისება გააჩნია. ვფიქრობ, ლივერპულისთვის ტიაგო ჩინებული შენაძენია. მათთან გასულ სეზონში პრემიერლიგასა და თასზე ჩატარებული მატჩები ძალიან განსხვავებულად წარიმართა. ახლა, ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ლივერპული თამაშის თითქმის ყველა ასპექტში დომინირებს, ამდენად, მატჩს საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდეთ. თუკი ორშაბათს მაქსიმუმი არ ვაჩვენეთ, ვერაფერს მივაღწევთ”.

ლონდონელების მისიას კიდევ უფრო ართულებს ტრავმირებული ფეხბურთელების სიმრავლე. დაშავებულები არიან და ვერ ითამაშებენ კალუმ ჩემბერსი, გაბრიელ მარტინელი, პაბლო მარი, შკოდრან მუსტაფი და ემილ სმით როუი, საეჭვოა სოკრატის პაპასტოპულოსისა და სედრიკ სუარეშის ასპარეზობაც, მარცხენა მცველმა კირან ტირნიმ კი ტრავმა მოიშუშა და სავარაუდოდ, ლონდონელთა სასტარტო თერთმეტეულში იქნება.

მიკელ არტეტას გუნდს ენფილდზე სერიოზული გამოცდა ელის

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულს პრემიერლიგაში ბოლო 27 საშინაო მატჩიდან 26 აქვს მოგებული.

⚽ ლივერპულს პრემიერლიგაში უკანასკნელი 27 საშინაო მატჩიდან 25-ში მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ლივერპულს არსენალთან ყველა ასპარეზზე ჩატარებულ ბოლო 6 საშინაო მატჩში მინიმუმ 3 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ლივერპულის და არსენალის უკანასკნელ 8 მატჩში (ყველა ტურნირზე), რომლებშიც მასპინძელი მერსისაიდული კლუბი იყო, 2.5-ზე მეტი გოლი გადიოდა.

⚽ არსენალს პრემიერლიგაში ბოლო 3 მატჩი აქვს მოგებული.

⚽ არსენალის მონაწილეობით პრემიერლიგაში გამართული უკანასკნელი 6 მატჩიდან 5-ში 2.5-ზე მეტი გოლი გადიოდა.

⚽ ლივერპულს არსენალთან ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ 8 საშინაო მატჩში წაგება არ აქვს.

⚽ არსენალს პრემიერლიგის უკანასკნელ 3 შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ლივერპულს პრემიერლიგაში ბოლო 60 საშინაო მატჩში მარცხი არ აქვს – 49 მოგება, 11 ფრე.

⚽ პრემიერლიგაში ლივერპულის ბოლო 8 საშინაო მატჩში (7 მოგება, 1 ფრე) საშუალოდ 4.38 გოლი გადიოდა, 8-დან 5-ში კი გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა.

⚽ ლივერპულის შემტევ ტრიოს სადიო მანეს, რობერტო ფირმინოსა და მოჰამედ სალაჰის შემადგენლობით, არსენალთან ბოლო 4 საშინაო მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

⚽ არსენალს სექტემბერში ჩატარებულ უკანასკნელ 27 მატჩში მარცხი არ აქვს – 22 მოგება, 5 ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი – რობერტსონი, ვან დაიკი, გომესი, ალექსანდერ-არნოლდი – ვეინალდუმი, ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა – მანე, ფირმინო, სალაჰი.
ტრავმა: ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჰენდერსონი, მატიპი.

არსენალი (3-4-3): ლენო – ლუისი, მაგალიაეში, ტირნი – ბელერინი, ჯაკა, სებალიოსი, საკა – ვილიანი, ლაკაზეტი, აუბამეიანგი.
ტრავმა: ჩემბერსი, მარტინელი, მარი, მუსტაფი, სმით როუი, პაპასტოპულოსი, სუარეში.

კომენტარები

ბოლო ამბები