Thumbnail

ფრანკ დე ბური: მწვრთნელიც ისეთი ვარ, როგორიც ფეხბურთელი ვიყავი

  • ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელს შედეგის მიღწევა ლამაზი ფეხბურთით სურს
  • 50 წლის სპეციალისტმა პრეზენტაციაზე გუნდსა და თავის მოლოდინზე ისაუბრა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად ახლახან დანიშნულმა ფრანკ დე ბურმა პრეზენტაციაზე გამოთქვა იმედი, რომ გუნდი მისი ხელმძღვანელობით მაღალ შედეგებს მიაღწევს.

50 წლის სპეციალისტმა ორიოდე დღის წინ თანამდებობაზე რონალდ კუმანი შეცვალა, რომელიც ზაფხულში ბარსელონაში გადაბარგდა. მხარეებმა ხელშეკრულება ორი წლით, 2022 წლის ბოლომდე გააფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყატარის მუნდიალზე გუნდი სწორედ ფრანკმა უნდა გაიყვანოს.

"არ მანაღვლებს, კანდიდატი პირველი ვიყავი, მეორე, მესამე, მეოთხე თუ მეხუთე. ბედნიერი ვარ, რომ ნდობა გამომიცხადეს და მსურს, გავამართლო ის. 

მჯერა, რომ ბრწყინვალე მომავალი გვაქვს. რონალდ კუმანმა და მისმა ასისტენტებმა, რომლებიც ამიერიდან ჩემთან იმუშავებენ, ამ ფუნდამენტს საფუძველი რამდენიმე წლის წინ ჩაუყარეს. გვყავს კარგი შემადგენლობა, კარგი პერსონალი. 

ყოველთვის ვიყავი ფეხბურთელი, რომელიც ვარჯიშებზე მაქსიმუმს აკეთებდა და ცდილობდა, რაც შეიძლება მაღალი შედეგი ეჩვენებინა. მწვრთნელიც ასეთივე ვარ. 

გვსურს, მივაღწიოთ შედეგებს და რა თქმა უნდა, ეს შეძლებისდაგვარად, ლამაზი ფეხბურთით გავაკეთოთ. ვფიქრობ, გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ეს შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია ვიყო კარგი მწვრთნელი", - თქვა დე ბურმა. 

ფრანკ დე ბური ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს პირველად მექსიკასთან ამხანაგურ შეხვედრაში (7 ოქტომბერს) უხელმძღვანელებს, ოფიციალურ მატჩში მისი დებიუტი კი 11 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგაში, სტუმრად ბოსნია-ჰერცოგოვინასთან შედგება.

ფრანკ დე ბური შოთა არველაძის თანაგუნდელი იყო აიაქსსა და რეინჯერსში

ფრანკ დე ბურის ბოლო კლუბი, რომელშიც მწვრთნელად მუშაობდა, ამერიკული ატლანტა იუნაიტედი იყო, რომელიც ივლისში დატოვა. მანამდე სპეციალისტს ისეთ კლუბებში უმუშავია, როგორებიცაა: ამსტერდამის აიაქსი, მილანის ინტერი და კრისტალ პალასი. ის ასევე იყო ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ მცველს ამსტერდამის აიაქსში, ბარსელონაში, გალათასარაისა და რეინჯერსში უთამაშია. ფრანკ დე ბურმა ფეხბურთელის კარიერა ყატარში დაასრულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები