Thumbnail

გრიგალავამ შესაძლოა კლუბი შეიცვალოს - გიას ყოფილი მწვრთნელი იწვევს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრებისა და ტულის არსენალის მცველით ხიმკი ინტერესდება
  • 31 წლის ქართველი ფეხბურთელის მიწვევა მის ყოფილ მწვრთნელს სურს 

 საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტულის არსენალის მცველმა გია გრიგალავამ ახლო მომავალში შესაძლოა კლუბი შეიცვალოს. 31 წლის ქართველი ფეხბურთელის მიწვევა, მის ყოფილ მწვრთნელს, იგორ ჩერევჩენკოს სურს, რომელმაც ახლახან რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი ხიმკი ჩაიბარა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

46 წლის ჩერვიჩენკო, რომელიც ტულის არსენალს 2018 წლიდან წვრთნიდა, კლუბიდან ამ ზაფხულს გაუშვეს. შესაბამისად, სპეციალისტი კარგად იცნობს გრიგალავას შესაძლებლობებს, რომელიც არსენალში 2017 წლის იანვრიდან თამაშობს და კლუბთან კონტრატი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გია გრიგალავას საქართველოს ნაკრებში სტაბილურად იწვევენ

ქუთაისში დაბადებულ ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვს, კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში აქვს გატარებული. გრიგალავას სხვადასხვა დროს როსტოვში, მოსკვაში, ვოლგაში, კრილია სოვეტოვსა და ანჟიში უთამაშია, რუსეთის გარეთ კი კვიპროსულ პაფოსსა და ეთნიკოსში გამოდიოდა. რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, გიამ ტულის არსენალის სამ მატჩში ითამაშა - 2 ჩემპიონატში და ერთიც თასზე.

გია გრიგალავას, რომელსაც რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშები და თავის დროზე ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის კანდიდატადაც განიხილავდნენ, საქართველოს ნაკრებში 31 მატჩი აქვს ჩატარებული.   

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 8 ტურის შემდეგ, ტულის არსენალს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა. ხიმკი 3 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები