Thumbnail

ტეიტუმის 31 ქულა და სუპერქამბექი - სელტიკსმა ჰიტთან სერიას ინტრიგა დაუბრუნა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბოსტონ სელტიკსი 121:108 (2-3) მაიამი ჰიტი
  • ბოსტონელებმა 12-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს
  • სელტიკსში 31 ქულით ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა
  • მაიამი ჰიტმა 36 სამქულიანიდან მხოლოდ 7 ჩააგდო   

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ბოსტონ სელტიკსმა მაიამი ჰიტი დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა - 2-3. ჰიტმა თამაში უკეთ დაიწყო და უპირატესობას მესამე მეოთხედის დასაწყისამდე არ თმობდა, მაგრამ ამის შემდეგ წინ სელტიკსი გავიდა, რომელმაც მესამე პერიოდი სულაც 21 ქულით მოიგო (46:25) და საბოლოოდ მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა. 

საგულისხმოა, რომ ბოსტონელებმა თამაშის მიმდინარეობისას 12-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს, რაც ამ გუნდისთვის ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ქამბექია პლეი ოფში. მაიამიმ კი ფრანშიზის ისტორიაში სამქულიანების რეალიზაციის ყველაზე ცუდი პროცენტი დააფიქსირა. გუნდმა პერიმეტრიდან 36-ჯერ ისროლა და მხოლოდ 7-ჯერ ჩააგდო, რაც უარესი მაჩვენებელია მატჩში შესრულებული მინიმუმ 30 ტყორცნის შემთხვევაში.

ბოსტონში შედეგიანობით ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა, რომლის აქტივში 31 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასია. სელტიკსის ფორვარდმა პლეი ოფის მეხუთე მატჩში შეძლო 30 და მეტი ქულის მოპოვება, რაც კლუბის ისტორიაში პლეი ოფებში შედეგიანობის საუკეთესო მაჩვენებელია, 1988 წელს დაფიქსირებული, კევინ მაკჰეილის შედეგის შემდეგ.

სელტიკსში ჯეილენ ბრაუნმა 26 ქულა მიითვლა, დანიელ ტაისმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 15 ქულა, 13 მოხსნა. 

ჯეისონ ტეიტუმმა მატჩის შემდეგ ყურადღება გუნდის ცენტრის ენეს კანტერისა (8 ქულა, 4 მოხსნა)  და დანიელ ტაისის წვლილზე გაამახვილა: 
 
"დღეს დანიელ ტაისმა და ენეს კანტერმა დიდებულად ითამაშეს. ძალიან სტრატეგიულად იმოქმედეს და ხასიათი გამოავლინეს. განსაკუთრებით ენესმა. ის ამ ლიგაში დიდი ხანია თამაშობს. მან არასდროს იცის, როდის გამოვა მოედანზე, მაგრამ ყოველთვის მზადაა, მოგვცეს ეს იმპულსი და მოედნის ორივე კიდეზე შეგვმატოს ენერგია. ის პროფესიონალია და თამაშისთვის ყოველთვის მზადაა".

ბატლერს იმედი მაქვს, სერიის ბედს კვირას გადაწყვეტენ

მაიამიში საუკეთესო შედეგი გორან დრაგიჩმა აჩვენა, რომლის ანგარიშზე 23 ქულაა. ჯიმი ბატლერმა კი თამაში 17 ქულით დაასრულა. 

"მათ შემოგვიტიეს, ჩვენ კი დაცვაში აღარ ვითამაშეთ. მთელი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ დაცვიდან უნდა ვიწყებდეთ. პირველ ორ მეოთხედში ყველაფერი გამოგვდიოდა, შემდეგ კი ყველაფერი აირია. ვნახავთ თამაშის ჩანაწერს და ამისგან გაკვეთილს მივიღებთ, გამოვასწორებთ ყველაფერს და უკეთესები დავბრუნდებით. კვირას მზად ვიქნებით ფინალში გასასვლელად", - თქვა ბატლერმა მატჩის შემდეგ.

📺 ბოსტონი V მაიამი [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება. ბოსტონ სელტიკსისა და მაიამი ჰიტის მეექვსე დაპირისპირება თბილისის დროით 28 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები