Thumbnail
  • 📅 27 სექტემბერი | ⌚ 22:45 | ⚽ რომა V იუვენტუსი
  • ანდრეა პირლოს პირველი სერიოზული გამოცდა სამწვრთნელო კარიერაში
  • იუვენტუსმა სეზონი კარგად დაიწყო, რომამ - ცუდად
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

იტალიის სერია A-ს მე-2 ტურის ცენტრალური შეხვედრა დედაქალაქში, "სტადიო ოლიმპიკოზე" შედგება, სადაც რომა მოქმედ ჩემპიონ იუვენტუსს უმასპინძლებს. ამ გუნდებს შორის დაპირისპირება დიდი ხანია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და რა თქმა უნდა, ახლაც ასეა.

იუვენტუსმა სეზონის სასტარტო მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და გენუის სამპდორია ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შედგა ანდრეა პირლოს დებიუტიც და ის წარმატებულიც გამოდგა. იუვემ ახალი ფეხბურთი ითამაშა და შემადგენლობაში რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდა - დეიან კულუსევსკი, ვესტონ მაკკენი და ჯანლუკა ფრაბოტა. თუმცა, ერთი იყო სამპდორიასთან გამარჯვება და მეორე იქნება რომასთან დაპირისპირება.

პირველი ტურის შემდეგ იუვეს პაულო დიბალა დაუბრუნდა, რომელიც გამოჯანმრთელდა, თუმცა ჯერ იდეალურ ფორმაში არაა და ამიტომ, შეხვედრას სათადარიგო სკამიდან დაიწყებს. ამავე პერიოდში გუნდს ალვარო მორატა 4 წლის შემდეგ დაუბრუნდა, რომელიც ტურინელთა ახალი 9-იანი იქნება. ძირითად შემადგენლობაში არც ესპანელს ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ იუვენტუსი ფორვარდის პოზიციაზე რომადან ედინ ჯეკოს დამატებას ცდილობდა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ რომას ბოსნიელის შემცვლელის, არკადიუშ მილიკის ტრანსფერი ჩაეშალა და ამიტომაც, ედინი ამჯერად იუვენტუსის წინააღმდეგ ითამაშებს.

რომამ სეზონი ცუდად დაიწყო. პირველ ტურში ვერონასთან პაულუ ფონსეკას გუნდს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და უგოლო ფრე დაფიქსირდა. თუმცა, სატურნირო ცხრილს თუ ჩავხედავთ, "ჯალოროსის" აქტივში 0 ქულაა. რატომ? ვერონასთან ამადუ დიავარამ ითამაშა, რომელიც განაცხადში არ იყო შეყვანილი და ამ მიზეზით რომას ტექნიკური წაგება, 0:3 ჩაუთვალეს. ამგვარად, რომაელებს რეაბილიტირება მართებთ.

სხვათა შორის, იტალიური პრესა წერს, რომ იუვენტუსთან წაგების შემთხვევაში, პაულუ ფონსეკას გაათავისუფლებენ და მისი შემცვლელი უკვე ნაპოვნია - არც მეტი, არც ნაკლები, მასიმილიანო ალეგრი, რომელიც ბოლოს სწორედ იუვეში მუშაობდა (2019 წლის მაისში).

კრიშტიანო რონალდო პირლოსთან მუშაობით კმაყოფილია

საინტერესო ფაქტები

⚽ რომამ იუვენტუსი გასული სეზონის ბოლოსწინა ტურში 3:1 დაამარცხა და ახლა შანსი აქვს, რომ სერია A-ში ზედიზედ მეორედ მოუგოს, რაც 1995 წლის შემდეგ პირველად მოხდება.

⚽ ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა ფრე (0:0, 2018 წელს). 4 მატჩი რომამ მოიგო, 5 - იუვენტუსმა.

⚽ იუვემ გასულ სეზონში რომში ანგარიშით 2:1 მოიგო და მეტოქე გასვლაზე ზედიზედ 2-ჯერ 2011 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია.

⚽ ბოლოს იუვემ სეზონის სტარტზე ზედიზედ 2 მატჩი 2015/16 წლების სეზონში ვერ მოიგო. მაშინ ტურინელებმა პირველ ტურში უდინეზესთან წააგეს, შემდეგ - რომასთან.

⚽ რომამ პირველ ტურში ვერონას ვერ გაუტანა (0:0). კლუბმა  საწყის ორ ტურში უგოლოდ ბოლოს 1992 წელს ითამაშა (პესკარასა და ჯენოასთან).

⚽ იუვენტუსს სერია A-ში ბოლო 4 გასვლითი თამაში არ მოუგია და ამაზე ცუდი სერია უკანაკნელად 2010 წლის აგვისტოში ჰქონდა (7 მოუგებელი მატჩი სტუმრად).

⚽ პირველ ტურში იუვენტუსს ბურთის ფლობის 66% ჰქონდა, რომას - 60%. ეს პირველი ტურისთვის მე-2 და მე-4 შედეგი იყო.

⚽ ედინ ჯეკოს რომაში 78 გოლი აქვს გატანილი და კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მე-5 ადგილს 1 გოლი აშორებს (როდოლფო ვოლკი 79 გოლი).

⚽ რონალდოს შანსი აქვს, კარიერაში მეოთხედ შეძლოს სეზონის სასტარტო ორ მატჩში გოლის გატანა. ამის გაკეთება პორტუგალიელმა აქამდე 2009, 2011 და 2014 წლებში შეძლო.

⚽ იუვენტუსი-რომას ბოლო ხუთ დაპირისპირებაში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გაიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა (ეს ბოლო სამ მატჩში მოხდა).

⚽ იუვენტუსის ბოლო ხუთ თამაშში 3-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ რომას ბოლო ხუთ თამაშში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იუვენტუსს და რომას სერია A-ში ერთმანეთის წინააღმდეგ 172-ჯერ უთამაშიათ. 82 მატჩი იუვემ მოიგო, 41 რომამ და 49 შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (3-4-2-1): მირანტე - მანჩინი, იბანიესი, კუმბულა - სანტონი, კრისტანტე, ვერეტუ, სპინაცოლა - პედრო, მხითარიანი - ჯეკო

ტრავმა: ძანიოლო, პეროტი, პასტორე

იუვენტუსი (3-4-1-2): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, კიელინი - კუადრადო, რაბიო, მაკკენი, ფრაბოტა - რემზი - კულუსევსკი, რონალდო

ტრავმა: დე ლიხტი, ბერნარდესკი, ალექს სანდრო

კომენტარები

ბოლო ამბები