Thumbnail
  • გიორგი აბურჯანია ტვენტეში გატარებული სეზონის შემდეგ ესპანეთში დაბრუნდა
  • საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი პოპსპორტს თავის არჩევანზე ესაუბრა
  • გიორგიმ ბელარუსის ნაკრებთან ეროვნული გუნდის შანსებიც შეაფასა

ნიდერლანდების ჩემპიონატში ერთწლიანი გამოსვლის შემდეგ, გიორგი აბურჯანია ისევ სეგუნდა დივიზიონშია. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ახალი კლუბი რეალ ოვიედოა, რომლის ღირსებას იჯარით სეზონის ბოლომდე დაიცავს.

როგორი მიზნები აქვს 25 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდს, რა ძირითად განსხვავებებს ხედავს იგი ერედივიზიესა და სეგუნდა დივიზიონს შორის და რაში ეხმარება სევილიას პრეზიდენტი მონჩი გიორგი აბურჯანიას - ამ ყველაფრის გასაგებად საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს დავუკავშირდით

POPSPORT: გილოცავ კონტრაქტის გაფორმებას. გასული სეზონი ოვიედომ მე-15 ადგილზე დაასრულა. რა გეგმები აქვს გუნდს წლევანდელ სეზონში?

გიორგი აბურჯანია: მადლობა მოლოცვისთვის. ზამთარში ოვიედოში შეიცვალა ხელმძღვანელობა. პაუზის შემდეგ გუნდმა თამაში გამოასწორა. ახალ სეზონს ახალი იმედებით შევხვდით. მიზანი ლა ლიგაში დაბრუნება იქნება, პროგრამა მინიმუმი კი - გადასასვლელ პლეი ოფში თამაში. ოვიედოზე არჩევანის შეჩერება, სწორედ გუნდის ამბიციებმა განაპირობა. გარდა ამისა, მდიდარი ისტორიის და არაჩვეულებრივად ერთგული ქომაგების მქონე კლუბია.

ქართველი ნახევარმცველი ესპანეთში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა

POPSPORT: კუკო სიგანდა როდესაც ბილბაოში მუშაობდა, 4-2-3-1 სქემით თამაშობდა. ოვიედომ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი 4-4-2 სქემით ჩაატარა. შენთვის რომელი უფრო მოსახერხებელია? 

აბურჯანია: ორივე სქემაში აუცილებლად მყავს მეწყვილე და ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვარ მასთან შეთამაშებული. საერთოდ, ნიდერლანდების ჩემპიონატისგან განსხვავებით, სადაც უფრო ღია და გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ, ესპანეთში საყრდენი ნახევარმცველი ფუნქციონალურად უფრო დატვირთულია. 4-2-3-1 სისტემით თამაშობდა ლუგო, ამ სქემას მისდევდა ტვენტეც. ჩემთვის ორივე ვარიანტი სრულიად მისაღებია

POPSPORT: ესპანურ და ნიდერლანდურ ფეხბურთს შორის არსებით განსხვავებას რაში ხედავ?

აბურჯანია: როგორც ავღნიშნე, ერედივიზიეში უფრო ლაღი, გახსნილი ფეხბურთია. მე-60 წუთიდან მოყოლებული, თამაში უკვე ფაქტობრივად ხუთი-ხუთზე მიდის, ცენტრში ბურთს თითქმის აღარ აჩერებენ. ეს ყველა კლუბზე არ ითქმის. ერედივიზიეს ტოპგუნდები, განსაკუთრებით აიაქსი, ცდილობს უფრო გამართულად იმოქმედოს. სეგუნდა დივიზიონში სხვა ვითარებაა. აქ გაცილებით მეტად უფრთხიან გოლის გაშვებას. 

გიორგიმ გასული სეზონი ერედივიზიეში გაატარა

POPSPORT: დღემდე სევილიას საკუთრება ხარ. რამდენადაა კლუბი და მისი მფლობელი მონჩი დაინტერესებული იმაში, რომ ერთ დღეს ამ ანდალუსიურ კლუბში აღმოჩნდე?

აბურჯანია: პირველ რიგში, მსურს მონჩის მადლობა გადავუხადო. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩემს განვითარებას ხელი შეეწყოს. ვითარება ასეთია: თუ რომელიმე კლუბი ჩემს გადაბირებას გადაწყვეტს, სევილია შემდეგი ტრანსფერებიდან ითხოვს გარკვეულ თანხას, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მათთვის უმნიშვნელო მოთამაშე არ ვარ. პარალელურად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო პრაქტიკა მქონდეს, ამიტომაც, ახლა ჩემი არჩევანი, მიუხედავად სხვა კლუბებიდან არსებული წინადადებებისა, ოვიედოზე შეჩერდა.

საქართველოს ნაკრებში აბურჯანიას ანგარიშზე 17 მატჩი და 2 საგოლე პასია

POPSPORT: ტვენტეში თამაშისას ერთი გოლი ჯარიმით გაქვს გატანილი. რეგულარულად ვარჯიშობ ამ კომპონენტის სრულყოფაზე?

აბურჯანია: ჯარიმების დარტყმაზე მართლაც სპეციალურად ვვარჯიშობ. როდესაც პანდემიის გამო ჩემპიონატები შეჩერებული იყო,  ტვენტეს ბაზაზე მაინც ყოველდღე მივდიოდი. მასასჟისტის, ექიმის და იქ მომუშავე ერთი-ორი ადამიანის გარდა, არავინ იყო, მაგრამ ვცდილობდი, რომ ფიზიკური კონდიციები შემენარჩუნებინა და ბურთითაც ინდივიდუალურად მევარჯიშა.

📺 აბურჯანიას საჯარიმო დარტყმა ფორტუნასთან

POPSPORT: საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ბელარუსთან შანსებზე რას იტყვი?

აბურჯანია: ჩვენი მომავალი მეტოქის რამდენიმე მატჩი მაქვს ნანახი. ბელარუსის ნაკრები ათლეტური გუნდია. იცის, როგორ ითამაშოს დაცვაში და თუ მოწინააღმდეგე საშუალებას აძლევს, მოედნის ცენტრსაც სწრაფად გადადის. ბელარუსების პლუსებისა და სავარაუდოდ, მაყურებლების მატჩზე არყოფნის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები ფავორიტია. ჩვენს ეროვნულ გუნდს აქვს თავისი დამახასიათებელი დადებითი თვისებები და მათი გამოვლენის, აგრეთვე სწორი ფეხბურთის თამაშის შემთხვევაში, ბელარუსების ბარიერის გადალახვა შეგვიძლია.

გიორგი ოვიედოში დებიუტისთვი ემზადება

გიორგი აბურჯანიამ გასული სეზონი ენსხედეს ტვენტეში გაატარა, სადაც 19 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, თუმცა ნიდერლანდელებმა მისი გაშვება ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტეს. აბურჯანიას ესპანეთში სევილიას მეორე გუნდის გარდა, ტარაგონას ხიმნასტიკსა და ლუგოშიც უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები