Thumbnail

'წარმოუდგენელია, რასაც აკეთებენ' - ნეიმარი ბარსადან სუარესის წასვლაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ლუის სუარესის ბარსელონადან წასვლამ, სხვებთან ერთად, შეკითხვები კატალონიური კლუბის ყოფილ თავდამსხმელს, ნეიმარსაც გაუჩინა. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ურუგვაელ ფორვარდზე უარი კატალონიელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თქვა და შედეგად, სუარესი კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს.

ურუგვაელს სოციალურ ქსელში ლიონელ მესი გამოემშვიდობა, რომელმაც აღნიშნა, რომ სუარესი ბარსელონასგან ასე "გაგდებას" არ იმსახურებდა. მოგვიანებით, ლეოს პოსტზე "ინსტაგრამში" ბრაზილიელის კომენტარი გაჩნდა.

"წარმოუდგენელია, რასაც აკეთებენ", - დაწერა ნეიმარმა, რომელიც კატალონიურ გუნდში 2013-17 წლებში გამოდიოდა და ლეო მესისა და ლუის სუარესის თანაგუნდელი იყო.

ლუის სუარესი ბარსელონაში 2014 წელს, ლივერპულიდან გადავიდა და 283 მატჩში 198 გოლით გამოირჩა, რითაც კლუბის ისტორიაში რიგით მესამე ბომბარდირია. ურუგვაელმა "ბლაუგრანაში" ოთხ-ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

ნეიმარმა ბარსელონა 2017 წლის აგვისტოში, სარეკორდო 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა და პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. ბრაზილიელ თავდამხმელს კატალონიურ კლუბში დაბრუნება სურდა, თუმცა საბოლოოდ მხარეებმა ტრანსფერზე ვერ მოილაპარაკეს.

კომენტარები

ბოლო ამბები