Thumbnail

'იდეალური კომბინაცია და დარტყმა იყო' - თემურ ქეცბაიას ოქროს მატჩი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ინგლისური ვულვზის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით – “ჩემი ოქროს მატჩი – თემურ ქეცბაია”, სადაც საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი “მგლების” რიგებში თავის სადებიუტო თამაშსა და გოლს იხსენებს, თუმცა, სხვა თემებზეც საუბრობს.

ცნობისთვის, ქართველი ფორვარდი ვულვზში 2000 წელს ნიუკასლ იუნაიტედიდან გადავიდა და ოქროსფერ-შავი მაისურით 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მაგრამ ერთი მათგანი – შეფილდ იუნაიტედის წინააღმდეგ - განსაკუთრებული იყო. ეს იყო 2000/01 წლების სეზონის პირველი მატჩი და ქეცბაიას დებიუტი ვულვზში. თემურმა გუნდი წინ გაიყვანა. მისი დარტყმა ყუმბარისებული იყო 23 მეტრის მანძილიდან, რომელიც კარგად გათამაშებულ საჯარიმოს მოჰყვა.

“ვულვზის მაისურით თამაშს მოუთმენლად ველოდი და იმედი მქონდა, რომ დიდ წარმატებებს მივაღწევდით. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, თუმცა, პირველი მატჩი კი ჩემთვის ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ სასტარტო შეხვედრაში გოლი გავიტანე, რომელიც ჩვენს მიერ დამუშავებული საჯარიმოს შედეგი იყო. ხშირად ვარჯიშებზე გამოცდილი კომბინაციების თამაშში გადატანა ვერ ხერხდება, იმ მომენტში კი ყველაფერი ზუსტად ისე გამოგვივიდა, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. ეს იყო იდეალური კომბინაცია და იდეალური დარტყმა. სხვათა შორის, მაშინ კიდევ ერთი ჯარიმაც შევაგდე, რომელიც დღემდე არ ვიცი, მსაჯმა რატომ არ ჩათვალა. კლუბებსა და ნაკრებში არაერთი გოლი გამიტანია, თუმცა, ის არასდროს დამავიწყდება. როდესაც ახალ გუნდში გადადიხარ, სიტუაციასთან შესაგუებლად ბევრი რამ გჭირდება, ისეთ დასაწყისზე კი მხოლოდ ვიოცნებებდი”.

ქეცბაიამ მისი დროინდელი და ამჟამინდელი ვულვზიც შეადარა და აღნიშნა, რომ გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა. ამაზე “მგლების” შედეგებიც მეტყველებს. პორტუგალიელი მწვრთნელის ნუნუ ესპირიტუ სანტუს ხელში ვულვერჰემპტონმა პრემიერლიგის გასულ სეზონში მე-7 ადგილი დაიკავა, ევროპალიგის გათამაშებაში კი მეოთხედფინალამდე მისვლა მოახერხა.

“ჩემს პერიოდში ვულვზის საწვრთნელი ბაზა კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა. მახსოვს 3 მოედანი გვქონდა, მთავარზე ვიცვლიდით ხოლმე და შემდეგ სავარჯიშოდ მივდიოდით საწვრთნელ მინდორზე, მანქანებით ან ფეხით. კლუბის ამჟამინდელ ბაზაზე ნამდვილად არ ვყოფილვარ, თუმცა, ვიცი, რომ ახლა გაცილებით უკეთესი სიტუაციაა. მე ვულვზში 20 წლის წინ ვთამაშობდი, ამდენად, ამაში გასაკვირი არაფერია. ნუნუ ესპირიტუს ხელში ვულვერჰემპტონი ძლიერ კლუბად იქცა და არა პრემიერლიგაში დასარჩენად, არამედ უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ევროპალიგაზე ძალიან კარგი თამაშები ჰქონდათ და ჩემი სურვილია, რომ ერთ დღესაც ვულვზი ჩემპიონთა ლიგაშიც ვიხილო”.

52 წლის ქეცბაია ამჟამად ანორთოსისის თავკაცია, 2009-2014 წლებში კი, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელადაც იმუშავა. თავის დროზე, ვულვერჰემპტონმა ქეცბაია ნიუკასლში გატარებული 3 წლის (1997-2000) შემდეგ იყიდა, მისი მომდევნო კლუბი შოტლანდიური დანდი იყო, ხოლო 2002 წელს ანორთოსისში დაბრუნდა და 2006-ში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, თუმცა 2004 წლიდან უკვე კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო.

📺 თემურ ქეცბაიას გოლი შეფილდ იუნაიტედთან

კომენტარები

ბოლო ამბები