Thumbnail

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ანორთოსისი ევროპალიგის გათამაშებას მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაზელთან მარცხით (2:3) დაემშვიდობა, თუმცა ქეცბაიასთვის პოზიტიური ის მოხდა, რომ გიორგი ქვილითაიამ საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა.

Larnakasports-მა ქართველი ფორვარდის თამაში გამოარჩია და დადებითად შეაფასა:

"ქვილითაიამ ძალიან ძლიერი დაცვის წინააღმდეგ მოახერხა საკუთარი ნიჭის გამოვლენა. ქართველი ფორვარდი შესანიშნავი იყო, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ თამაშში. ყველა ფაზაში ბოლომდე იბრძოდა, საჰაერო ორთაბრძოლებში კი თითქმის დაუმარცხებელიც იყო".

გიორგი ქვილითაიამ ანორთოსისში პირადი ანგარიში გახსნა

თამაშის შემდეგ, რომელშიც გიორგიმ ანორთოსისის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, კომენტარი ქვილითაიამაც გააკეთა:

"ბაზელს ვულოცავ გამარჯვებას. მე-2 ტაიმში ბევრი მცდელობა გვქონდა, გეგმაც შევცვალეთ. თემურ ქეცბაიას ყოველთვის სურს, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ და შესვენებაზე გვითხრა, გავსულიყავით მოედანზე და გვებრძოლა გუნდისთვის და ზოგადად ყველას გამო. რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვფიქრობ, არ გაგვიმართლა. შეცდომებს გავაანალიზებთ და გამოვასწორებთ".

შეგახსენებთ, რომ ანორთოსისის რიგებში ქვილითაიამ 90 წუთი ითამაშა და ბაზელის კარში გოლი 67-ე წუთზე, პენალტით გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ფამაგუსტელთა რიგებში გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, თორნიკე ოქრიაშვილი კი 50-ე წუთზე გააძევეს.

📺 მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები