Thumbnail

ერთი ნაბიჯით წინ წავედით - ინტერვიუ საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ფუტსალი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება.
  • ავთანდილ ასათიანმა ინგლისის ნაკრებთან გამართული მატჩები შეაფასა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ინგლისის ნაკრებთან ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ორივე დამაჯერებლად მოიგო: 5:1 და 6:0.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ინგლისი დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ინგლისს მეორე მატჩიც მოუგო

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდათ ნატურალიზებულ ბრაზილიელ ფეხბურთელებს: თალეს და მატა ფეიტოსას და სიმი საიოტის, რომლებმაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს. 

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა პოპსპორტთან ინტერვიუში განვლილი მატჩები შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...

POPSPORT: როგორ შეაფასებთ ინგლისის ნაკრებთან გამართულ შეხვედრებს?

ასათიანი: რა მიზნებიც გვქონდა დასახული, შევასრულეთ და მთავარი სწორედ ესაა. შედეგს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუმცა სასიამოვნოა, რომ ორივე შეხვედრაში გავიმარჯვეთ. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ ასეთი ანგარიშებით მოვიგებდით. 

POPSPORT: რა კონკრეტული მიზნები გქონდათ დასახული?

ასათიანი: 5-6 წამყვანი მოთამაშე გვაკლდა და ახალ ფეხბურთელებს მივეცით თავის გამოჩენის საშუალება. კონკრეტული 4-ეულები გამოვცადეთ, რომლებსაც სხვადასხვა ამოცანა ჰქონდათ შესასრულებელი. იყო 4-ეული, რომელიც შეტევასა და გატანაზე იყო ორეიენტირებული და იყო 4-ეული, რომელსაც უფრო ბურთის კონტროლი ევალებოდა. დავალებები კარგად შესრულდა და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წავედით. გამოჩნდა, რომ გვაქვს რესურსი და თუნდაც წამყვანი ფეხბურთელების ტრავმის შემთხვევაში, შეგვიძლია სხვა მოთამაშეებს დავეყრდნოთ. გამოჩნდა რომ საქართველოს ჩემპიონატშიც თამაშობენ კარგი ფეხბურთელები. 

ავთანდილ ასათიანი

დავალებები კარგად შესრულდა და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წავედით

POPSPORT: ნაკრებს ორი ნატურალიზებული ფეხბურთელი დაემატა, რომლებმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს. რას იტყვით თალეს და მატა ფეიტოსასა და სიმი საიოტიზე?

ასათიანი: გამიკვირდა მათი კარგი თამაშიო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ორივეს კარგად ვიცნობ და დიდი ხანია ვაკვირდები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დიდი სამუშაო გავწიეთ, რომ მათ საქართველოს ფუტსალის ნაკრებში ეთამაშათ. კარგად ვიცოდი მათი შესაძლებლობები და ერთადერთი რაც მაფიქრებდა, მათი შეწყობა იყო ახალ გუნდთან. საბედნიეროდ, ბიჭებმა ძალიან კარგად მიიღეს ახალი ფეხბურთელები და თავი ისე აგრძნობინეს, როგორც საკუთარ სახლში. არც მე მიმიცია მათთვის ბევრი დავალება, მთავარი კი ამ ეტაპზე გუნდის შეთამაშება იყო. საბედნიეროდ, იდეალურად შეეწყვნენ გუნდს და ისე ითამაშეს, თითქოს დიდი ხანია საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავენ.

POPSPORT: ალბათ თვითონაც კმაყოფილი დარჩნენ ასეთი მიღებით. თუ გაგიზიარეს შთაბეჭდილებები?

ასათიანი: ხშირად ვსაუბრობდით და ბუნებრივია, რომ შთაბეჭდილებებიც გამიზიარეს. ძალიან კმაყოფილები არიან და ეს არაერთხელ აღნიშნეს. თამაშზეც ეტყობოდათ რომ გუნდს მალევე გაუშინაურდნენ. დრო გვაქვს და გუნდი კიდევ უფრო შეთამაშდება.

სიმი საიოტი და თალეს და მატა ფეიტოსა

თუ ჩავთვლით რომ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელი დავიმატეთ და ამით მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა გავინაღდეთ, ეს დამღუპველი იქნება

POPSPORT: წინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია. საქართველოს ნაკრების მიზანი 2020 წლის მუნდიალზე მოხვედრაა?

ასათიანი: მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაა, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის მიღწევა ძალიან რთული იქნება. თუ ჩავთვლით რომ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელი დავიმატეთ და ამით მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა გავინაღდეთ, ეს დამღუპველი იქნება. ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ წინ. ყოველი კონკრეტული შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ. უეფა და ფიფა შესარჩევი ეტაპის რეგლამენტს მალე გამოაქვეყნებენ, ოფიციალურ მატჩებამდე კი ამხანაგური შეხვედრებისთვის 4 ფანჯარა და შესაბამისად, 8 თამაში გვექნება. ეს მატჩები საკმარისია იმისთვის, რომ შესარჩევ ეტაპს კარგად მომზადებულნი შევხვდეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები