Thumbnail

საქართველო-ბელარუსი ისევ გადაიდება? უეფას აღმასკომის გადაწყვეტილება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • უეფას აღმასკომის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს
  • ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩები კორონავირუსის გამო შეიძლება ისევ გადაიდოს
  • უეფამ გუნდებს თამაშში 5-5 ცვლილების გაკეთების უფლება მისცა

24 სექტემბერს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. მათ შორის, რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, ევრო 2020-ის პლეი ოფთან დაკავშირებით.

უეფას გადაწყვეტილებით, თუ ევრო 2020-ის პლეი ოფის მონაწილე რომელიმე გუნდში კორონავირუსის პანდემია გავრცელდება და გუნდი ვერ შეძლებს თამაშისთვის მინიმუმ 13 ფეხბურთელის გამოყვანას, კონკრეტული თამაში 2021 წლის მაის-ივნისისთვის გადაიდება.

შედარებისთვის, მიმდინარე ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე ასეთ შემთხვევაში გუნდს, რომელიც ვერ ახერხებდა კორონავირუსის გამო მოედანზე გასვლას (13 ფეხბურთელის შეგროვებას), ტექნიკური წაგება ეთვლებოდა, ნაკრებების შემთხვევაში კი ასე არ იქნება. ამგვარად, ევრო 2020-ის პლეი ოფში, რომლის ნახევარფინალში, 8 ოქტომბერს, საქართველო ბელარუსს უნდა დაუპირისპირდეს, ტექნიკური წაგება კორონავირუსის პანდემიის გამო არავის ჩაეთვლება.

საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის

უეფას აღმასკომის სხდომის გადაწყვეტილება ევრო 2020-ის პლეი ოფებთან დაკავშირებით

A) თუ გუნდის მოთამაშეთა ნაწილი სავალდებულო კარანტინში ან თვითიზოლაციაში მოხვდება, მატჩი ჩატარებდა დაგეგმილი პერიოდის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ ნაკრებს მინიმუმ 13 ფეხბურთელი ეყოლება (მათ შორის, მინიმუმ 1 მეკარე) ყველა იმ პირობით, რომ მოთამაშეს შეეძლება წარმოადგინოს მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად ტესტირების უარყოფითი პასუხი, როგორც ამას უეფას პროტოკოლი მოითხოვს.

B) თუ ეროვნული ასოციაცია/ფედერაცია ვერ შეძლებს მოთამაშეთა მინიმალური რაოდენობის წარმოდგენას (13 ფეხბურთელი, მინიმუმ 1 მეკარე), მატჩი გადაიდება უეფას ადმინისტრაციის მიერ დადგენილი თარიღისთვის - 2021 წლის მაისიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით, ევრო 2020-ის ფინალური ტურნირის დაწყებამდე. გარდა ამისა, უეფას ადმინისტრაციას აქვს უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში, შეარჩიოს მატჩის ჩატარების ადგილად ნეიტრალური ქვეყანა (უეფას წევრი ასოციაციის ტერიტორიაზე). ასეთ შემთხვევაში მასპინძლები დარჩებიან პასუხისმგებლები მატჩის ორგანიზებასა და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯზე.

C) თუ მატჩზე დანიშნული მსაჯთა ბრიგადის რომელიმე წევრს დადებითი პასუხი ექნება კორონავირუსის ტესტზე, უეფას შეუძლია შეცვალოს მსაჯთა ბრიგადა. მსაჯები იმავე ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან.

დიდი ალბათობით, საქართველო ბელარუსს ცარიელ დინამო არენაზე უმასპინძლებს

გარდა ამისა, უეფამ გამოაქვეყნა 2021 წლის სანაკრებო კალენდარი:

2021 წლის 22-31 მარტი: 3 თარიღი (ნაკრებები ამ პერიოდში 3-3 მატჩს ჩაატარებენ)

2021 წლის 31 მაისი - 8 ივნისი: ევრო 2020-სთვის მოსამზადებელი ამხანაგური მატჩები)

2021 წლის 30 აგვისტო - 8 სექტემბერი: 3 თარიღი

2021 წლის 4-12 ოქტომბერი: 2 თარიღი

2021 წლის 8-16 ნოემბერი: 2 თარიღი

2022 წლის 21-29 მარტი: უეფას პლეი ოფის მატჩებისთვის 2 თარიღი (2022 წლის მუნდიალზე გამსვლელი გუნდები გაირკვევა)

უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ნახევარფინალი გაიმართება 2021 წლის 6/7 ოქტომბერს, მე-3 ადგილისთვის მატჩი და ფინალი - 10 ოქტომბერს. ერთა ლიგის ფინალური ტურნირის მასპინძლობის სურვილი სამმა ქვეყანამ ოფიციალურად გამოხატა და მასპინძელი ერთ-ერთი იქნება - იტალია, ნიდერლანდები და პოლონეთი.

5 ცვლილება

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ უეფას ერთა ლიგაში, ევრო 2020-ის პლეი ოფში, ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე გუნდებს თამაშში 5 ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ. ამ გადაწყვეტილების მიზანია, რომ შემსუბუქდეს ფეხბურთელთა დატვირთვა კორონავირუსის პანდემიის გამო შემჭიდროვებულ გრაფიკში. შესაბამისად, ყველა მატჩში გუნდებს განაცხადში 23 ფეხბურთელის შეყვანა შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები 8 ოქტომბერს, ბელარუსის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს წყვილში გამარჯვებულს შეხვდება (12 ნოემბერს).

კომენტარები

ბოლო ამბები