Thumbnail
  • დენვერ ნაგეტსი 108:114 (1-3) ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ენტონი დევისმა და ლებრონ ჯეიმსმა ლეიკერსი ფინალს მიუახლოვეს
  • ენტონი დევისმა კოჭი იტკინა და მისი თამაში მეხუთე მატჩში საეჭვოა 

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-4 მატჩში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა დენვერ ნაგეტსს სძლია, სერიაში ანგარიშით 3-1 გახადა და ლიგის ფინალში გასასვლელად ერთი მოგებაღა სჭირდება. 

ნომინალური სტუმრების გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი ენტონი დევისმა შეიტანა, რომელმაც 34 ქულა, 5 მოხნა და 3 პასი მიითვალა. ცუდი ის არის, რომ დევისმა მატჩის მეოთხე მეოთხედში კოჭი იტკინა და მართალია, თამაშის ჩამთავრება მოახერხა, მაგრამ შეძლებს თუ არა სერიის მე-5 მატჩში თამაშს, უცნობია. თავად კალათბურთელმა მატჩის შემდეგ გამოთქვა ვარაუდი, რომ ტრავმა სერიოზული არაა და პარკეტზე გასვლაში ის ხელს არ შეუშლის, თუმცა ლეიკერსის მთავარი მწვრთნელის ფრენკ ვოგელის თქმით, ყველაფერი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა.

"დღეს ჩვენ აგრესორები ვიყავით - ფიზიკურად უფრო ძლიერები. დღეს გავედით მოედანზე და საკუთარი კალათბურთი მთელი 48 წუთის განმავლობაში ვითამაშეთ", - შეაფასა მატჩი დევისმა.

ენტონი დევისის თამაში სერიის მეხუთე შეხვედრაში საეჭვოა

ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა ლოსანჯელესელთა ფორვარდს ლებრონ ჯეიმსს, რომელმაც თამაში 26 ქულით, 9 მოხსნითან და 8 პასით დაასრულა. 35 წლის ვარსკვლავი მორიგი რეკორდით მაინც გამოირჩა - ლებრონს NBA-ს პლეი ოფის 135 მატჩში, სულ ცოტა, 25 ქულა და 5-5 მოხსნა და პასი ჰქონია. ამ შედეგით მან უახლოესი მდევრების, მაიკლ ჯორდანი (73) და ლარი ბერდის (53) ჯამური მანჩვენებელს გადაასწრო. 

"მართლა კარგად ვიმუშავეთ და რაც მთავარია, ამ საღამოს ბურთს არ ვკარგავდით. მეორე და მესამე მატჩების შემდეგ ვამბობდით, რომ ამდენი დაკარგვა არ უნდა გვქონოდა და მეტოქისთვის ბურთი ასე უბრალოდ არ უნდა დაგვეთმო. დღეს ამ მხრივ მშვენივრად გავისარჯეთ და ახლა გამარჯვების ბრწყინვალე შანსი გვაქვს", - თქვა მატჩის შემდეგ ლებრონმა.

📺 დენვერი V ლეიკერსი (მიმოხილვა)

ზოგადად, ენტონი დევისისა და ლებრონ ჯეიმსის დუეტი ფენომენური სტატისტიკით სერიის მე-4 მატჩშიც გამორჩეული გამოდგა. ლეიკერსმა 18 თამაში მოიგო და მხოლოდ ერთი დათმო (მათ შორის პლეი ოფშიც) მაშინ, როდესაც ლებრონი და ენტონი ჯამში არანაკლებ 60 ქულას აგროვებდნენ. ეს NBA-ს ისტორიაში დუეტების მეორე საუკეთესო შედეგია (მინიმუმ 15 მატჩში). უკეთესი სტატისტიკა 2000 წელს მხოლოდ კობი ბრაიანტისა და შაკილ ო’ნილის წყვილს ჰქონდა (მოგებათა პროცენტულობა 0,952).

შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლი ლეიკერსის ცენტრს დუაიტ ჰოვარდს ჰქონდა - 12 ქულა, 11 მოხსნა. დენვერში შედეგიანობით კი გამთამაშებელი ჯამალ მარეი გამოირჩა - 32 ქულა, 3 მოხსნა, 8 
პასი. 23 წლის მარეიმ ერთ ეპიზოდში ბურთი კალათში მაიკლ ჯორდანის სტილში ჩააგდო.

📺 მარეის შეტევა

ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და დენვერ ნაგეტსის სერიის მეხუთე დაპირისპირება თბილისის დროით 27 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები