- გრანადა 2:0 ლოკომოტივი თბილისი | გოლები: 1:0 მაჩისი (48), 2:0 მოლინა (90+1).
- ქართულმა კლუბმა ევროსეზონი ლა ლიგის წარმომადგენელთან მარცხით დაასრულა
თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგაზე 2 საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ ესპანურ გრანადასთან ვერაფერი გააწყო და ლა ლიგის ბინადართან საგარეო მატჩი 0:2 წააგო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მეტოქეზე გაცილებით სუსტად გამოიყურებოდა და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. თბილისელებს მეტოქის კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამთ და არც კუთხური მოუწოდებიათ.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მატჩი ესპანელთა იერიშებით დაიწყო და მათ დიდი ტერიტორული უპირატესობაც ჰქონდათ, თუმცა, პირველ ტაიმში რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე იშვიათად მიდიოდა. თავდაპირველად საჯარიმოს ფარგლებიდან შეტევაში ჩართული ლუის მილა ურტყამდა და გიორგი მამარდაშვილი ბურთს ადგილზე დაუხვდა. შემდეგ მასპინძელთა ფრანგმა ლეგიონერმა მაქსიმ გონალონმა დაარტყა შორიდან ძალიან სახიფათოდ, ვენესეულელი დარვინ მაჩისი კი, ლოკოს მეკარესთან მახვილი კუთხიდან დარჩა პირისპირ და მამარდაშვილმა რეაგირება ისევ მოასწრო.
თბილისელები იშვიათი შანსების გამოყენებას ცდილობდნენ და რამდენჯერმე დაცვიდან შეტევაში გადასვლა სწრაფად მოახერხეს, თუმცა, ბოლო პასი არაფრით გამოსდიოდათ. შედეგად, საწყის ნახევარში (როგორც მერე აღმოჩნდა, სრულიად მატჩში) მათ გრანადას კარისკენ დარტყმაც არ ჰქონიათ.
შესვენების შემდეგ, გრანადელებმა ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს და მალევე მიზანსაც მიაღწიეს, თუმცა, ეს, უფრო ინდივიდიალური ოსტატობის შედეგი იყო. ხსენებულმა მაჩისმა დაახლოებით 30 მეტრიდან ბურთი ჩინებულად დააბზრიალა და მამარდაშვილს ხარიხის გავლით გაუტანა – 1:0.
ცხადი იყო, რომ ამის შემდეგ ლოკომოტივს თამაშის შემოტრიალება ძალიან გაუჭირდებოდა, მისია კი გაცილებით გართულდა მას შემდეგ, რაც 59-ე წუთზე გიორგი გაბაძემ მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და ქართული კლუბი კაცნაკლული დატოვა. მით უფრო გასაკვირი არ ყოფილა, რომ თამაში ესპანური კლუბის დიდი უპირატესობით გაგრძელდა და მათ კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ. ყველაზე ახლოს ლოკოს კარის აღებასთან ხსენებული მილა იყო, რომელმაც ბურთი ძელს გაარტყა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაფიქსირდა, როდესაც ლოკომოტივი დიდი ძალებით შეტევაში გადასვლას შეეცადა და მასპინძელთა კონტრშეტევა გაეპარა. მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შესულ ანტონიო პუერტასს მამარდაშვილმა აუღო (ის გუნდის რიგებში კვლავაც გამორჩეული იყო და საერთო ჯამში, არაერთი სეივი მოუგროვდა), თუმცა, დამატებაზე შეცვლაზე შესულმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ხორხე მოლინამ ივარგა – 2:0.
დღევანდელი მარცხის მიუხედავად, თბილისური კლუბის ევროსეზონი წარმატებულად უნდა შეფასდეს. ლოკომოტივმა ევროპალიგაზე 2 ეტაპის გავლა მოახერხა და თანაც იოლი მეტოქე არცერთხელ ყოლია. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა რუმინულ უნივერსიტატეა კრაიოვასა და რუსულ დინამო მოსკოვს ერთნაირი ანგარიშით – 2:1 სძლიეს.
გრანადა 2:0 ლოკომოტივი თბილისი
გოლები: 1:0 მაჩისი (48), 2:0 მოლინა (90+1).
გაძევება: გაბაძე (59).
გრანადა (4-2-3-1): სილვა – ნევა, ვალეხო, სანჩესი, დიაზი – გონალონი, მილა – მაჩისი (79. პუერტასი), მონტორო, კენედი (62. სორო) – სოლდადო (67. მოლინა).
ლოკომოტივი (4-3-3): მამარდაშვილი – გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა – სამურკასოვი (60. მჭედლიშვილი), შონია, დარცმელია – კირკიტაძე (75. გავაშელიშვილი), სიხარულიძე, იმრან უმარი (71. კობახიძე).
კომენტარები