Thumbnail

კოშმარული ღამე ფარერებზე - დინამო თბილისს 6 გოლი გაუტანეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კლაკსვიკი 6:1 დინამო თბილისი
  • საქართველოს ჩემპიონმა ევროტურნირი დიდი სირცხვილით დაასრულა

საქართველოს ჩემპიონმა ევროტურნირზე ასპარეზობა ფარერის კუნძულებზე სამარცხვინო მარცხით დაასრულა - დინამო თბილისი ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე კლაკსვიკთან დიდი ანგარიშით, 1:6 განადგურდა. არადა, ჩისკოს გუნდს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის მართლაც მაგარი შანსი ჰქონდა, რადგან იქამდე მისასვლელი გზა მარტივი იყო. ყოველ შემთხვევაში, გუნდმა, რომელსაც ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის ამბიცია აქვს, ეს გზა წარმატებით უნდა გაიაროს.

მასპინძლები 22-ე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც კუთხურის შემდეგ, საიმონ ბენიომ საიმედოდ ვერ ითამაშა და დენი პავლოვიჩმა შეცდომა არ აპატია - 1:0. საპასუხოდ, დინამოს პირველი ტაიმის მიწურულს შეეძლო გათანაბრება, გიორგი ქიმაძემ ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად. მატჩის ბედი კი მეორე ტაიმის დასაწყისში, 2-წუთიან ინტერვალში გადაწყდა. 58-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან გაკეთებულ პასს პატრიკ იოჰანსენი გამოეხმაურა, ბენიოს დაასწრო და ანგარიშის სხვაობა გაიზარდა. ორ წუთში უკვე პალ კლეტსკარდმა მესამედ შეძლო როინ კვასხვაძის კარის აღება, ხოლო 69-ე წუთზე კლაკსვიკის ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 4:0.

ფარერების კლაკსვიკმა ისტორია დაწერა

დინამო თბილისმა ორ წუთში შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა - ბრაზილიელმა პერნამბუკომ შორი მანძილიდან დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა, ეს მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობა იყო - სხვა არაფერი. მასპინძლებმა 4-ბურთიანი უპირატესობა მალევე, 73-ე წუთზე აღადგინეს, პალ კლეტსკარდმა ჰეთთრიკი შეასრულა. ფარერების ჩემპიონმა 83-ე წუთზე მე-6 გოლიც გაიტანა და დინამოს კატასტროფული მარცხი სრულყო...

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ ტირანასთან შინ დამარცხდა (0:2), შემდეგ ევროპალიგაზე გადაერთო, სადაც უელსური კონაჰის ბარიერი გაჭირვებით დაძლია (1:0) და ყველაფერი კლაკსვიკთან წაგებით დასრულდა...

კლაკსვიკი 6:1 დინამო თბილისი

გოლები: 1:0 პავლოვიჩი (22), 2:0 იოჰანსენი (58), 3:0 კლეტსკარდი (60), 4:0 კლეტსკარდი (69), 4:1 პერნამბუკო (71), 5:1 კლეტსკარდი (73), 6:1 ანდრეასენი (83)

კლაკსვიკი (4-5-1): იონსენი -  ფაერო, ვატნსდალი, ბრინკი, ანდრეასენი - კლეტსკადი (82. ჯ. იოჰანსენი), დანიელსენი, პავლოვიჩი (75. სკრბეჩი), ბიარტალიდი, იოჰანსენი - მიდტსკოგენი

დინამო თბილისი (4-2-3-1): კვასხვაძე - იაშვილი, ბენიო, კობოური (74. კუხიანიძე), ქიმაძე - პაპავა, ქარდავა - ორშულა (52. პერნამბუკო), ზარია (61. კუცია), ქავთარაძე - გაბედავა

კომენტარები

ბოლო ამბები