Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობაზე ტიაგო მონტეიროს ეთამაშება
  • შარშანდელ როლან გაროსზე ქართველი ჩოგბურთელი პირველივე წრეში დამარცხდა

28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოახლოებულ საფრანგეთის ღია პირველობაზე მეტოქის ვინაობა შეიტყო.

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ბასილაშვილი როლან გაროსში 31 განთესვით ჩაებმება და პირველ წრეში მისი მეტოქე 26 წლის ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო იქნება. ATP-ს მიმდინარე რეიტინგში ნიკას 33-ე ადგილი უკავია, მისი მომავალი მოწინააღმდეგე კი 89-ეა. ბასილაშვილი სამხრეთამერიკელს კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

თუკი ნიკოლოზმა მონტეიროს აჯობა, მე-2 რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგ ქუენტინ ჰალისსა და ამერიკელ მარკოს ხირონს შორის უმჯობესს ეთამაშება. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ დიდი სლემის მოახლოებულ ტურნირზე ბასილაშვილს კარგი წილისყრა შეხვდა, თუმცა, ამას საქართველოს პირველი ჩოგანი როგორ გამოიყენებს, რთული სათქმელია.

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ბასილაშვილს უკვე ზედიზედ 7 მატჩი აქვს წაგებული და თანაც, ამ შეხვედრებში სეტიც კი არ მოუგია. ივლისიდან მოყოლებულ პერიოდში ნიკოლოზი ზედიზედ დამარცხდა მიშა ზვერევთან (გერმანია, 5:7, 1:6), იან-ლენარდ შტრუფთან (გერმანია, 1:6, 5:7), ფელიქს ოჟე ალიასიმთან (კანადა, 4:6, 1:6), ჯონ მილმანთან (ავსტრალია, 1:6, 4:6, 4:6), ფედერიკო დელბონისთან (არგენტინა, 5:7, 3:6), ლორენცო სონეგოსთანა (იტალია, 3:6, 1:6) და რობერტო ბაუტისტა აგუტთან (ესპანეთი, 4:6, 3:6).

შარშანდელი როლან გაროსი ბასილაშვილისთვის ძალიან წარუმატებელი იყო, რადგანაც პირველივე წრეში არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროსთან 4:6, 1:6, 3:6 წააგო.

ვთქვათ ისიც, 2020 წლის საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველ ნომრად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია განთესილი, მე-2 – ესპანელი რაფაელ ნადალია, მე-3 – ავსტრიელი დომინიკ ტიმი, მე-4 კი – რუსი დანიილ მედვედევი, რომელსაც შესაძლოა, ბასილაშვილი იმ შემთხვევაში შეხვდეს, თუკი, საწყის ორ წრეს გაივლის. როლან გაროსზე საკვალიფიკაციო მატჩები უკვე მიმდინარეობს, მომავალ კვირას ძირითადი ბადის შეხვედრები დაიწყება, ჩემპიონი კი 11 ოქტომბერს გამოვლინდება.

კომენტარები

ბოლო ამბები