Thumbnail
  • ფიბა-ევროპა ევრობასკეტი 2022-ის საკვალიფიკაციო თამაშებს 'ბაბლში' ჩაატარებს
  • თებერვლის მატჩებს, დიდი ალბათობით, საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს

ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით, ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე დარჩენილი მატჩები “ბაბლის“ სისტემით გაიმართება, ხოლო ერთ-ერთი ფანჯრის, კონკრეტულად კი, თებერვლის შეხვედრებს, დიდი ალბათობით, საქართველო უმასპინძლებს.

ფიბა-ევროპის ბორდის სხდომა დღეს ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა და ერთ-ერთი უმთავრესუი გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხებოდა.  შეგახსენებთ, რომ კალათბურთში ტერმინი “ბაბლი” NBA-ს მიმდინარე სეზონში განვითარებული მოვლენების შემდეგ დამკვიდრდა, როცა პანდემიის გამო შეწყვეტილი რეგულარული ჩემპიონატი ერთ სივრცეში, კერძოდ კი ორლანდოს “დისნეი უორლდში” გაგრძელდა და მალე ჩემპიონის ვინაობასაც შევიტყობთ.

ახლა, უკვე ევროპის მმართველმა საკალათბურთო ორგანიზაციამაც გადაწყვიტა ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპის ყოველი ჯგუფის ოთხ-ოთხი მატჩი ერთ ქალაქში გამართოს. საინტერესოა, რომ აღნიშნული წინადადებით ფიბა-ში ბორდის წევრი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი შევიდა, რაც ფიბა-ევროპის ბორდმა 24 სექტემბერს ოფიციალურად მიიღო.

ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე დარჩენილია ორი ფანჯარა: ნოემბერში და თებერვალში. ამგვარად, საქართველოს ნაკრებს ნოემბრის ფანჯარაში ერთ ქვეყანაში ექნება ფინეთთან და შვეიცარიასთან შეხვედრები (დღევანდელი მდგომარეობით, 27 და 30 ნოემბერს). ჩვენი ჯგუფის ოთხივე ნაკრები (საქართველო, შვეიცარია, სერბეთი, ფინეთი) ერთ ქალაქში შეიკრიბება და მოკლე შუალედში ორ-ორ მატჩს გამართავს. ისევე, როგორც ჩვენიდან, დანარჩენი რვა ჯგუფიდანაც შეირჩევა თითო მასპინძელი, რომელიც ნოემბრის “ბაბლს“ მიიღებს. თუ რა კრიტერიუმით დასახელდება მასპინძელი გიორგი ქართველიშვილმსაქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურთან განმარტა:

“ფიბა-ევროპის ბორდის გადაწყვეტილებით, ჯგუფის მონაწილე ოთხი გუნდიდან უპირატესობა მიენიჭება იმ ქვეყანას, რომელსაც სათამაშო ფანჯრის დროს ორი მატჩის გამართვა შინ უწევს. ვფიქრობ, სამართლიანი გადაწყვეტილებაა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჯგუფის ყველა წევრი მასპინძლობაზე უარს იტყვის, მაშინ სხვა ჯგუფის მასპინძელს ექნება შესაძლებლობა, თავისთან მიიწვიოს ის ჯგუფი. თუმცა, არა მგონია, ვინმემ “ბაბლის“ საკუთარ არენაზე მიღებაზე უარი თქვას, ვინაიდან მოთხოვნა დიდია.

ნოემბერში ჩვენს ჯგუფში ორი საშინაო მატჩის გამართვა შვეიცარიას უწევს, ამიტომ სწორედ ის არის “ბაბლის” მასპინძლობის მთავარი პრეტენდენტი. ჩემი ინფორმაციით, შვეიცარიელები უარს არ იტყვიან. რაც შეეხება თებერვლის ფანჯარას, უპირატესობა საქართველოს მიენიჭება, რადგან სწორედ ჩვენს ნაკრებს ელის ორი საშინაო მატჩი. მზად ვართ, თებერვლის “ბაბლს“ ვუმასპინძლოთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად კარგი ამბავია.

კიდევ უფრო სასიამოვნო იქნებოდა, ტრიბუნებზე გულშემატკივარი რომ იყოს დაშვებული. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ – თამაშებზე გულშემატკივრის დასწრება დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყანაში (რომელიც “ბაბლს“ უმასპინძლებს) არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და სახელმწიფო რეგულაციებზე. მაგალითისთვის, შვეიცარიაში სადღეისოდ დარბაზის 2/3-ით შევსებაა დაშვებული. რა რეგულაციები გვექნება საქართველოში თებერვალში, ამაზე საუბარი ნაადრევია. დავიტოვოთ იმედი, რომ მდგომარეობა დარეგულირდება და ქართველ ქომაგს მაღალი ხარისხის ოთხი მატჩის ხილვის საშუალება ტრიბუნებიდან მიეცემა”.

შეგახსენებთ იმასაც, რომ თებერვალში საქართველოს ნაკრებს შინ თამაში სერბეთთანა და ფინეთთან (შესაბამისად, 18 და 21 თებერვალს) მოუწევს. საბოლოო კალენდარს, თუ რომელი ჯგუფის მატჩები რომელ ქვეყანაში და როდის ჩატარდება, ფიბა 8 ოქტომბრის ბორდის სხდომის შემდეგ გამოაქვეყნებს.

კომენტარები

ბოლო ამბები