Thumbnail

'ვერც კი ვიოცნებებდი' - ქართველი არბიტრი სარაგბო 8 ერზე იმსაჯებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

2019 წლის საქართველოს საუკეთესო რეფერი ნიკა ამაშუკელი, “შემოდგომის ერთა თასის“ ორ მატჩში იმსაჯებს. ამ სასიხარულო ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახური ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ამაშუკელი 22 ნოემბერს “მარიფილდზე“, შოტლანდიისა და საფრანგეთის შეხვედრაში უეინ ბარნსის თანამსაჯი იქნება, ხოლო 28 ნოემბერს, იმავე სტადიონზე, შოტლანდიისა და ფიჯის მატჩში ენდრიუ ბრისს დაეხმარება.

“ეს არის მომენტი, რომელზეც ამ ასაკში ვერც კი ვიოცნებებდი. შოტლანდია-საფრანგეთი ძველისძველი დაპირისპირებაა და ფაქტობრივად, ექვსი ერის ტოლფასი შეხვედრის მსაჯობა მომიწევს, ხოლო შოტლანდია-ფიჯი იქნება პრინციპული დაპირისპირება. მომიწევს მსოფლიოში უდაოდ ნომერ პირველ მსაჯთან, უეინ ბარნსთან და ენდრიუ ბრისთან მუშაობა, რაც ათასმაგი პასუხისმგებლობაა. ბარნსი რეპუტაციით და ავტორიტეტით უდაოდ უძლიერესი მსაჯია და მსოფლიო თასის ფინალი მხოლოდ იმის გამო ვერ იმსაჯა, რომ იქ ინგლისის ნაკრები თამაშობდა. პირადად ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც მეორე დონის სარაგბო ქვეყანას წარმოადგენს, ეს გასაოცარი ფაქტი და დიდი პატივია“ – განაცხადა 26 წლის ქართველმა მსაჯმა.

შეგახსენებთ, რომ ამაშუკელმა 2019/2020 წლების სეზონის ჩელენჯ ქაფზე ჯგუფური ეტაპის ექვსი მატჩიდან ხუთი იმსაჯა. ასევე ის იყო რეფერი 2020 წლის 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრაში: საფრანგეთი – ინგლისი და ირლანდია – უელსი, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების მატჩში და პრო 14-ში ირლანდიური მანსთერისა და სამხრეთ აფრიკული კინგსის თამაშზე. მასვე პრო დე2-ში (ვანი-მონტობანი) დებიუტში, ხელი COVID-19-ის პანდემიამ შეუშალა.

კომენტარები

ბოლო ამბები