Thumbnail

'ნაწყენი, განადგურებული და გულგატეხილი ვარ' - ჯეიმსი სკანდალურ საქმეზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'დედამიწაზე ყველაზე დაუფასებელი ადამიანი შავკანიანი ქალია!'
  • ლებრონ ჯეიმსი ამერიკული სასამართლოს ვერდიქტს გამოეხმაურა 

ლოს ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტით გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც აფროამერიკელი ბრეონა ტეილორის გარდაცვალების საქმეზე იქნა გამოტანილი. “მეფე ლებრონს” განცხადებაში თავისი განრისხება არ დაუმალავს.

"დედამიწაზე ყველაზე დაუფასებელი ადამიანი შავკანიანი ქალია! გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს ყველაფერი შევცვალო. მიყვარხართ დედოფლებო მთელს ქვეყანაში და მის გარეთაც. ახლა კი, განადგურებული ვარ, გულგატეხილი და განრისხებული! ძალიან მტკივა. ჩვენ ბრეონასთვის სამართლიანობა გვინდოდა, თუმცა, მან მხოლოდ მისი ბინისა და მეზობლებისთვის იზეიმა, ბრეონას ულამაზესი სიცოცხლისთვის კი – არა. გამაოცა თუ არა ვერდიქტმა? აბსოლუტურად არა, თუმცა, ეშმაკმა დალახვროს, ძალიან მეწყინა და გული ისევ დამძიმებული და ნატკენი მაქვს. ვუგზავნი ჩემს სიყვარულს ბრეონას დედას, ოჯახსა და მეგობრებს! ძალიან, ძალიან, ძალიან მწყინს!”.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში სამართალდამცველები ოპერაციას ახორციელებდნენ და ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ტეილორის სახლში ნარკოტიკები ინახებოდა. მათ ბინის კარი შეამტვრიეს, ბრეონას მეგობარმა კაცმა კი გადაწყვიტა, რომ მათ ძარცვავდნენ და ცეცხლი გახსნა. საპასუხო ცეცხლის დროს 8 ტყვია ბრეონა ტეილორს მოხვდა და გარდაიცვალა, ნარკოტიკები კი ვერ აღმოაჩინეს.

აღნიშნულ ოპერაციაში 3 ოფიცერი მონაწილეობდა. საბოლოოდ, ერთ-ერთ მათგანს – ბრეტ ჰენკინსონს ბრალი არა მკვლელობაში, არამედ “დანაშაულებრივ გულგრილობაში” წაუყენეს. ეს დანაშაული ბრალდების თითოეული პუნქტის მიხედვით მაქსიმუმ ხუთ წლიან ციხეს ითვალისწინებს. სხვა 2 ოფიცერი კი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, საერთოდაც უდანაშაულოდ სცნეს.

ცხადია, რომ ტეილორის ახლობლები პოლიციელების მკაცრად დასჯასა მოითხოვდნენ, ამდენად, სასამართლოს ვერდიქტმა მათში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. დაზარალებულთა მხარდასაჭერი განცხადება, ჯეიმსის გარდა, NBA-ს კიდევ არაერთმა წარმომადგენელმა გაავრცელა. შესაბამისი ტვიტები დადეს მეჯიქ ჯონსონმა, დონოვან მიტჩელმა, მონტრეზლ ჰარელმა, დენი გრინმა და სხვებმა.

კომენტარები

ბოლო ამბები