Thumbnail
  • ბუნდესლიგის კლუბები იოახიმ ლიოვს უპირისპირდებიან
  • გუნდებს გერმანიის ნაკრებში ფეხბურთელების გაშვება არ სურთ

ბუნდესლიგის კლუბების ხელმძღვანელები მოახლოებული სანაკრებო პაუზის გამო ნერვიულობენ. 10 ოქტომბერს გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის მატჩისთვის უკრაინას უნდა ესტუმროს და კლუბებს ამ თამაშზე ფეხბურთელების ბუნდესგუნდში გაშვება არ სურთ. ამის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელების შეფმა, სებასტიან კელმა გააკეთა. 

უკრაინა გერმანიაში კორონავირუსის გამო ერთ-ერთ სარისკო ზონადაა მიჩნეული, რის გამოც კლუბებს სანაკრებო პაუზის შემდეგ დამატებითი პრობლემები ექმნებათ. სარისკო ქვეყნებში მოგზაურობის შემდეგ გერმანიაში მკაცრი კარანტინის წესებია.

“კარანტინის ახალი წესების გამო ძალიან ვნერვიულობთ მომდევნო სანაკრებო პაუზაზე. გამოსავლის ძიებაში ვართ, ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ ვიტოვებთ უფლებას, რომ ფეხბურთელები ნაკრებში არ გავუშვათ, თუკი არ იარსებებს კანონი, რომლის მიხედვითაც, მერე ამ მოთამაშეების მალევე გამოყენების უფლება გვექნება,” - უთხრა ‘კიკერს’ კელმა ის, რაზეც მიუნხენის ბაიერნსა და ლაიპციგშიც ფიქრობენ.

სებასტიან კელი ახალ კანონს ითხოვს, ან ნაკრებში ფეხბურთელების არგაშვებით იმუქრება

კელის განცხადებას გერმანიის ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი გამოეხმაურა. მისი თქმით, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ჰიგიენის კონცეფცია სამაგალითოა და უკრაინაში 36-საათიანი მოგზაურობის დროს მოთამაშეები მაქსიმალურად უსაფრთხოდ იქნებიან. თუმცა, ამ კონფლიქტში ბოლო სიტყვა ჯერ კიდევ არ არის ნათქვამი...

კომენტარები

ბოლო ამბები