Thumbnail

'დიდი გამოწვევა და მაგარი ტესტია' - რა თქვა ჭიაბრიშვილმა გრანადასთან მატჩამდე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ გრანადასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, ეს თამაში მისთვის სასიამოვნო გამოწვევაა, რათა გაიგოს, როგორ შეუძლიათ ასეთი დონის მეტოქესთან თამაში.

ჭიაბრიშვილის განცხადებით, ლოკომოტივს ისტორიაში ასეთი თამაში არ ჰქონია და ფეხბურთელებმა მთელი ძალა და ენერგია უნდა ჩადონ, რომ მოედანზე მაქსიმუმი გააკეთონ.

გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი): "ზუსტად ვიცი, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს. თამაში არავიზე ნაკლებად შეგვიძლია, უბრალოდ, ბევრი პრობლემაა, რომელიც გვაქვს, არამარტო ფეხბურთში, არამედ ცხოვრებაში.

გრანადა ძალიან ძლიერია, თავისი თამაშით, შემსრულებლებით. ჩვენ სენსაციები აქამდეც მოვახდინეთ და ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ფურცელზე ბევრად ძლიერი გუნდია და უპირატესობა გრანადას აქვს. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ჩემთვის გამოწვევა და დიდი სიამოვნებაა ასეთ გუნდთან თამაში, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში.

ცარიელი სტადიონი ჩვენი პლუსია, რადგან ჩვენთვის ჩვეული მომენტია და მათთვის - არა. ლოგიკურად, დასაკარგი არაფერი გვაქვს. წნეხი, დაძაბულობა და შიში არ გვაქვს. ფეხბურთელს და მწვრთნელს თამაშის თუ გეშინია, მაშინ რა გინდა მინდორზე...

ძალიან კარგად ვიცი, გრანადა როგორ ფეხბურთს თამაშობს. ლა ლიგას მუდმივად ვუყურებ და რომც არ შეგხვედროდა, მაინც ვიცოდით, როგორი გუნდია. მათვის უფრო რთულია ჩვენს შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ვიდრე ჩვენთვის მათ შესახებ. ძალიან მაგარი ტესტია ეს თამაში, რომ ვნახოთ - რა შეგვიძლია.

მოსკოვის დინამოსთან მატჩის შემდეგ ორჯერ ვივარჯიშეთ და ვერ გავერკვიე, რა გვჭირდა, იმდენად გამოცლილები ვიყავით ემოციისგან. ახლა ფრენაც დაემატა, მაგრამ ასეთ გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა არ გვაქვს და ამიტომ, მთელი ენერგია უნდა აღვიდგინოთ, შეგიძლია თუ არ შეგიძლია, მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ უნდა შეძლო, რადგან ამ კლუბის ისტორიაში ასეთი თამაში ჯერ არ ყოფილა.

ნიკა ჭანტურიას როლი ამ გუნდში რომ არ იყოს, აქ არ იქნებოდა. ვინც კონკრეტულ მომენტში უკეთეს ფორმაშია, ის თამაშობს. შეუცვლელი არცერთი მწვრთნელი და არცერთი ფეხბურთელი არ არის. ჭანტურიას ფეხბურთის თამაში რომ შეუძლია, ეს ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება ულად-ომარ იმრანს, ვფიქრობ, რომ თავის საუკეთესო კონდიციაში ამ ეტაპზე არ იმყოფება. სანდრო კობახიძე ნამდვილად უკეთეს კონდიციაშია, მაგრამ ითამაშებს თუ არა, შევხედავთ, სამუშაო პროცესია".

შეგახსენებთ, რომ ლოკომოტივმა ევროპალიგაზე რუმინიმული კრაიოვა უნივერსიტატეა და მოსკოვის დინამო დაამარცხა და ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები