Thumbnail
  • რეალმა ტურინში კომფორტული ანგარიშით, 3:0 მოიგო.
  • ზინედინ ზიდანი შეგირდებს მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოუწოდებს.
  • კრიშტიანო რონალდო მორიგ რეკორდს უმიზნებს.

თვით ზინედინ ზიდანსაც კი უჭირს სიტყვების და საუკეთესო ეპითეტების შერჩევა, როდესაც ის კრიშტიანო რონალდოზე საუბრობს: “კრიშტიანო უბრალოდ კრიშტიანოა. ეს ყოველთვის ასე იყო,” - თქვა ზიზუმ კვირას, მადრიდული დერბის შემდეგ (1:1), რომელშიც პორტუგალიელმა მორიგი გოლი გაიტანა.

რონალდოს ბუფონის კარში გოლების გატანა უყვარს

რონალდო საუკეთესო ფორმაშია და ცხადია, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგების ოცნებაში მადრიდელებს, პირველ რიგში, სწორედ მისი იმედი აქვთ. “არ არსებობს სხვა ფეხბურთელი, რომელიც ისეთ გოლებს გაიტანს, როგორების გატანასაც კრიშტიანო ახერხებს,” - ესეც რეალის ფრანგი დამრიგებლის სიტყვებია, რომელიც იუვენტუსთან საპასუხო მატჩის წინ, შეგირდებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მათგან მაქსიმალურ კონცენტრაციას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ რეალმა პირველი მატჩი ტურინში 3:0 მოიგო.

“ყველა ამბობს, რომ ჩვენ უკვე ნახევარფინალში ვართ. სწორედ ამაზე ფიქრი არ უნდა დავუშვათ! ფეხბურთელებს ყოველდღე ამას ვუმეორებ. სიფრთხილე გვმართებს!” - განაცხადა ზიდანმა დღევანდელი მატჩის წინ. თუ იუვენტუსი სასწაულს ვერ მოახდენს, მადრიდელები ზედიზედ მერვედ გავლენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. აქედან, სამი მოგებული აქვთ - ერთი კარლო ანჩელოტის, ორიც ზიზუს ხელში.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდო არა მარტო ჩემპიონთა ლიგის 7,5-კილოგრამიან თასს, არამედ თავის მორიგ პირად რეკორდსაც უმიზნებს. 2013/2014 წლების სეზონში მან ჩემპიონთა ლიგაში 17 გოლის გატანა შეძლო და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ამ სეზონში მას უკვე 14 ბურთი აქვს გატანილი და პირადი რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია.

გამოკითხვა

ვინ გაიტანს მეტს?

ვინ გაიტანს მეტს?
  • კრიშტიანო რონალდო იუვენტუსთან
  • რობერტ ლევანდოვსკი სევილიასთან
  • თანაბრად გაიტანენ

ჩემპიონთა ლიგა მადრიდული გრანდისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რაც “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა “გაძეტა დელო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა: “ჩვენი მთავარი მიზანი ფინალში გასვლაა. სანტიაგო ბერნაბეუმ რეალის პრეზიდენტის რანგში ჩემპიონთა თასი 6-ჯერ მოიგო. სწორედ ის არის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი,” - განაცხადა 71 წლის პერესმა, რომლის ხელშიც რეალს ევროპის უმთავრესი საკლუბო ჯილდო 4-ჯერ აქვს მოგებული.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო 24 შეხვედრაში რეალს მინიმუმ ერთი ბურთი ყოველთვის გაჰქონდა და დღესაც მხოლოდ ერთი რომ გაიტანოს, იუვეს უკვე 4 დასჭირდება.

პერესი დარწმუნებულია, რომ იუვენტუსი სასწაულს ვერ მოახდენს: “ვფიქრობ, ნახევარფინალში მიუნხენის ბაიერნს შევხვდებით,” - ესეც მისი სიტყვებია.

ალეგრი: თუ სრულყოფილ ფეხბურთს ვითამაშებთ...

ალეგრი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე

რაც შეეხება იუვეს: მასიმილიანო ალეგრის მედჰი ბენატია და მირალემ პიანიჩი დაუბრუნდნენ. სამაგიეროდ, მთავარი იმედი, პაულო დიბალა დისკვალიფიცირებულია. ტურინელთა თავკაცი დიდი ალბათობით 4-3-3 ტაქტიკურ სქემას აირჩევს და წინა ხაზზე დუგლას კოშტას, გონსალო იგუაინს და ხუან კუადრადოს გაამწესებს. შესაძლოა, მარცხნივ მარიო მანჯუკიჩს ენდოს, რომელმაც შარშანდელ ფინალში ულამაზესი გოლი გაიტანა.

“თუ გვინდა, რომ სასწაული მოვახდინოთ და ტურინული 0:3 გავაბათილოთ, სრულყოფილი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და უნდა გაგვიმართლოს კიდეც. პირველ შეხვედრაში არავინ ელოდა იმას, რომ რეალი ტურინში ანგარიშს 2 წუთში გაგვიხსნიდა. შესაბამისად, რატომ ვერ უნდა შევძლოთ იგივე ჩვენც? ფაქტი ერთია: მთელი გულით და სულით უნდა ვითამაშოთ. მოედანზე უნდა დავდოთ ყველაფერი, რაც გვაქვს. ასეთ შემთხვევაში შანსი გვექნება,” - განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

  • სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, კაზემირო, ვარანი, მარსელო - კოვაჩიჩი, მოდრიჩი, კროოსი - ისკო, ბენზემა, რონალდო.
ვერ ითამაშებენ: ნაჩო (ტრავმა), სერხიო რამოსი (დისკვალიფიკაცია).

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - დე შილიო, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი, მატუიდი - კუადრადო, იგუაინი, დუგლას კოშტა (ან მანჯუკიჩი).
ვერ ითამაშებენ: დიბალა (დისკვალიფიკაცია), ბენტანკური (დისკვალიფიკაცია), ბერნარდესკი (ტრავმა), ბარძალი (ტრავმა)

 

კომენტარები

ბოლო ამბები