Thumbnail

ოფიციალურად: ნიდერლანდების ნაკრებს ფრანკ დე ბური გაწვრთნის

  • 50 წლის სპეციალისტმა ნარინჯისფრებში რონალდ კუმანი შეცვალა
  • ფრანკ დე ბური ეროვნულ გუნდს ორი წლით უხელმძღვანელებს

ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფრანკ დე ბური დაინიშნა. ამის შესახებ ნარინჯისფერების ოფიციალური საიტი იუწყება, რომლის ცნობით, მხარეებმა ხელშეკრულება ორი წლით, 2022 წლის ბოლომდე გააფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყატარის მუნდიალზე გუნდი სწორედ ფრანკმა უნდა გაიყვანოს. 

სპეციალისტი საქმიანობას მალევე შეუდგება და გუნდს მექსიკასთან ამხანაგური შეხვედრისთვის მოამზადებს, ასევე - ერთა ლიგაში ბოსნია-ჰერცოგოვინისა და იტალიის ნაკრებებთან სათამაშოდ.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ვაკანტური ზაფხულში, მას შემდეგ გახდა, რაც ის რონალდ კუმანმა დატოვა. ამ უკანასკნელმა ბარსელონა ჩაიბარა. 

ფრანკ დე ბური შოთა არველაძის თანაგუნდელი იყო აიაქსსა და რეინჯერსში

50 წლის ფრანკ დე ბურის ბოლო კლუბი, რომელშიც მწვრთნელად მუშაობდა, ამერიკული ატლანტა იუნაიტედი იყო, რომელიც ივლისში დატოვა. მანამდე სპეციალისტს ისეთ კლუბებში უმუშავია, როგორებიცაა: ამსტერდამის აიაქსი, მილანის ინტერი და კრისტალ პალასი. ის ასევე იყო ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. დე ბურის ხელმძღვანელობით აიაქსი ნიდერლანდების ჩემპიონი ზედიზედ ოთხჯერ (2010-2014 წლებში) გახდა, ასევე გუნდმა გაიმარჯვა ქვეყნის სუპერთასზე (2013). 

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ მცველს ამსტერდამის აიაქსში, ბარსელონაში, გალათასარაისა და რეინჯერსში უთამაშია. ფრანკ დე ბურმა კარიერა ყატარში დაასრულა.  

კომენტარები

ბოლო ამბები