Thumbnail

ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისი ფარერის კუნძულების ჩემპიონ კლაკსვიკს სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩის წინ დინამოს მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა კლუბის ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელი გუნდის თხოვნით, წინასამატჩო პრესკონფერენცია არ ჩატარდა, რის გამოც დინამო თბილისმა ჩისკოს კომენტარი ცალკე გამოაქვეყნა და ესპანელმა მოახლოებული თამაშის შესახებ ისაუბრა.

ჩისკო მუნიოსი (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი): "გათამაშების ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე არ არსებობს, საკმაოდ რთული შეხვედრა გვექნება, რადგან ვნახეთ კლაკსვიკის თამაში და კარგი გუნდია, განსაკუთრებით შეტევაში ჰყავს კარგი ფეხბურთელები და იოლი მატჩი არ იქნება.

ჩემს ფეხბურთელებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ თამაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარდება, სპეციფიკური ბურთით და შესაბამისად, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, მაგრამ მჯერა ჩემი გუნდის და ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, როგორც ჩვენი გუნდისთვს, ისე მეტოქისთვის.

უელსური გუნდი გაცილებით ძლიერი იყო ფიზიკურად, ვიდრე კლაკსვიკია, მათ შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. უელსელები განსხვავებული ტაქტიკითაც თამაშობდნენ. კლაკსვიკი უფრო მეტად ცენტრში უპირატესობის მოპოვებაზე თამაშობს, ცენტრფორვარდი და ტექნიკური გუნდი ჰყავთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ განსხვავებული თამაში იქნება. ვიცით, რომ მეტოქე 100%-ით დაიხარჯება და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. აღსანიშნავია, რომ პლეი ოფში თამაშის დიდი სურვილი გვაქვს და ამიტომ, ყველა მაქსიმალურად დაიხარჯება.

ვიტყვი, რომ ბოლო წლებში ფარერის კუნძულებზე ფეხბურთის დონემ აიწია, ეს არა მარტო საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზეც ჩანს. საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ამჯერად გათამაშების სისტემა ერთმატჩიანია, რაც განსაკუთრებულ მობილიზაციას ითხოვს ყველა გუნდისგან.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბიჭებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ განსხვავებულ მოედანზე და ბურთით მოუწევთ თამაში და მაქსიმალურად დახარჯვა მოუწევთ".

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისმა მიმდინარე სეზონში ევროთასებზე ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო, სადაც ალბანურ ტირანასთან დამარცხდა (0:2), ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე კი უელსში კონაჰი გიორგი გაბედავას გოლით დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები