Thumbnail

ევროპალიგაზე ორი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ, თბილისის ლოკომოტივს ესპანურ გრანადასთან დუელი ელის. ობიექტურად, მომავალი მეტოქე წინა ორზე გაცილებით ძლიერია. გრანადა გასულ სეზონში მეშვიდე ადგილზე გავიდა, ახლა კი, ორი ტურის შემდეგ სულაც ლა ლიგის ლიდერია. ესპანური კლუბის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, აგრეთვე ლოკომოტივის შანსებზე, პოპსპორტი SILK TV-ის კომენტატორებს ესაუბრა. სანდრო ცნობილაძეს, ტატო ბაციკაძეს, ვაკო ყიფიანს და გიორგი პავლიაშვილს ანდალუსიური გუნდის არაერთი მატჩი აქვთ წაყვანილი.

გიორგი პავლიაშვილი: ლოკომ პირველი წუთების მღელვარება უნდა დაძლიოს

“ტრადიციულად, ესპანური გუნდები ევროპალიგას სერიოზულად ეკიდებიან. განსაკუთრებით მონდომებული იქნება გრანადა, რომელიც ორი სეზონის წინ სეგუნდა დივიზიონში იყო, თუმცა ელიტაში აღზევებიდან პირველივე სეზონში არაჩვეულებრივი ფეხბურთი აჩვენა და ევროტურნირის საგზური მოიპოვა, ასევე ითამაშა ესპანეთის თასის ნახევარფინალი.

გასულ სეზონში გუნდი გრანდებთან მეორე ნომრად, პრაგმატულად თამაშობდა და მთელ რიგ შემთხვევებში, ისევე როგორც ბარსელონასთან 2:0 მოგებულ მატჩში, დადებით შედეგსაც აჩვენებდა. თავისი დონის გუნდებთან ანდალუსიელები პირველ ნომრად თამაშობენ, კარგად უჭირავთ ბურთი და თანაბრად ძლიერად უტევენ როგორც ფლანგებიდან, ასევე ცენტრიდან. 

'ბოლომდე ბრძოლა და მაქსიმალურად უშეცდომოდ თამაში, ალბათ, გარკვეულ შანსებს დატოვებს'

შეგვიძლია გამოვარჩიოთ, ნახევარდაცვის ლიდერები, ანტონიო პუერტასი და მაქსიმ გონალონი. განსაკუთრებულ საფრთხეს უნდა ველოდოთ ორი გამოცდილი ესპანელი ფორვარდისგან - რობერტო სოლდადოს ხეტაფედან ხორხე მოლინაც შეუერთდა. 

ზოგადად, გრანადა, 4-2-3-1 სქემით თამაშობს, რომელშიც ცენტრფორვარდად სოლდადო მოქმედებს. ეს სწორედ ის სოლდადოა, რომელიც ახლა 35 წლისაა და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, თბილისში საქართველოს ნაკრების კარში ერთადერთი გოლი გაიტანა. შემადგენლობიდან გამომდინარე, დიეგო მარტინესს სქემის ვარირების შესაძლებლობა აქვს და ამიტომაც არ გამოვრიცხავ, ეს შეხვედრა გუნდმა 4-3-3 სქემით ითამაშოს.

სამწუხაროა, რომ ლოკომოტივი სტუმრად ატარებს მატჩს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა დაძლიონ პირველი წუთების მღელვარება და ისევე, როგორც წინა შეხვედრებში, კონცენტრაცია არც ამ მატჩში დაკარგონ. რა თქმა უნდა, გრანადა უნივერსიტატიაზე და მოსკოვის დინამოზეც ძლიერია, თუმცა ბოლომდე ბრძოლა და მაქსიმალურად უშეცდომოდ თამაში, ალბათ, გარკვეულ შანსებს დატოვებს."

ტატო ბაციკაძე: ლოკო განსაკუთრებით ერერას უნდა უფრთხილდეს

“გრანადა ძალიან კარგად დაბალანსებული გუნდია, რომელსაც მაღალ დონეზე თავის დაცვაც და შეტევაში თამაშიც შეუძლია. უფრო მეტად, ანდალუსიელები მაინც მეორე ნორმად მოქმედებენ და სწრაფი ფლანგელების მეშვეობით მეტოქეებს ბევრ პრობლემას უქმნიან. გრანადას შეტევაში ბევრი ტექნიკური და სწრაფი გარემარბი ჰყავს, თუმცა მათგან პირველ რიგში მარცხნივ მოქმედი ვენესუელელი დარვინ მაჩისი და საპირისპირო ფრთაზე მოთამაშე ანტონიო პუერტასი არიან. მათ შესანიშნავად უბამენ მხარს განაპირა მცველები ნევა და ფულკიე. ორივე ეს მცველი, კარგი დრიბლინგის პარალელურად, საჯარიმოშიც საკმაოდ სახიფათოდ აწვდის, იქ კი ბურთს ან ცენტრფორვარდები (სოლდადო, მოლინა) ანაც გარემარბები უსაფრთდებიან. 

ფლანგებიდან სწრაფი კონტრშეტევები, ისევე როგორც სტანდარტულები, გრანადას ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ფულკიე, დუარტე, სანჩესი და სხვა მცველები საჰაერო ორთაბრძოლების დროს ძალიან კარგად მოქმედებენ, სწორედ ამიტომ, გასულ სეზონში, გრანადას გოლების დიდი ნაწილი სტანდარტების შემდეგ გაჰქონდა.

იანხელ ერერა გრანადას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია

ლოკომოტივისთვის მთავარ საფრთხედ იანხელ ერერა მიმაჩნია. ვენესუელელი შესანიშნავ ფორმაშია. იგი სახიფათოა როგორც ცენტრიდან შეტევის დროს, რასაც გრანადა მაინც იშვითად მიმართავს, ასევე საჯარიმოში ჩაწოდების მომენტშიც, რადგან მანჩესტერ სიტის საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი თავით კარგად თამაშობს, ხოლო საჯარიმოში მოულოდნელი შეჭრების დროს, პოზიციასაც შესანიშნავად არჩევს. 

არ უნდა დაგვავიწყეს მეკარე რუი სილვა, რომელიც გასულ სეზონში ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი იყო, ეს კი იმ კონკურენციის გათვალისწინებით, რაც ესპანეთში მეკარეებს შორისაა, ნიშნავს იმას, რომ გრანადას კარში გოლის გატანა საკმაოდ რთულია.

'ლოკომოტივის ფლანგის ფეხბურთელებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული'

ერთი შეხედვით ლოკომოტივს, დიდი შანსი არ აქვს, მაგრამ ასე იყო პირველ და მეორე ეტაპზეც. გრანადასთან თბილისური კლუბი აუტსაიდერად მიიჩნევა, რაც მეორე მხრივ კარგიცაა - სტუმრებს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, თავისუფლად შეუძლიათ თამაში. ბევრი რამ ლოკომოტივის ფლანგის ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული. თუ ისინი მასპინძლების ტექნიკურ ოპონენტებს, დრიბლინგებს და საჯარიმოში ჩაწოდებებს მაქსიმალურად შეუზღუდავენ, მაშინ გამარჯვების შანსი გაჩნდება. სტუმრები მეორე ნომრად ითამაშებენ და ანდალუსიელების კარის აღებას მათივე იარაღით, სწრაფი კონტრშეტევებით, ეცდებიან. მეტოქე ძალიან რთული და ძლიერია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება - სადაც საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მოუგო, იგივე თავისუფლად შეიძლება გრანადაშიც მოხდეს."

სანდრო ცნობილაძე: მაქსიმალური კონცენტრაცია და პრესინგი ცენტრში!

გრანადა იმის ნიმუშია თუ როგორ უნდა განავითარო და სწორ გზაზე დააყენო დაბალბიუჯეტიანი კლუბი. 2016-17 წლების სეზონში პოცოების ოჯახის კუთვნილებაში მყოფი გრანადა ლა ლიგიდან გავარდა. ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, ძნელი გასახსენებელია კლუბი, რომელიც იმ ფორმაციის გრანადაზე სუსტი იყო. იტალიური ოჯახის კონტროლის ქვეშ ყოფნის პერიოდში, ანდალუსიური გუნდი, ძირითადად, იჯარით აყვანილი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. გუნდისადმი მათ არანაირი სენტიმენტები არ გააჩნდათ და შესაბამისად, სეგუნდაში გავარდნის გამო, არც ერთ მათგანს დიდად არ უდარდია. ამის შემდეგ კლუბი ჩინელმა ბიზნესმენმა შეიძინა, რასაც გუნდში დადებითი ძვრები მოჰყვა. ვისაც ჰგონია რომ აზიელმა გრანადაში მილიარდები ჩაასხა, მწარედ ცდება. ანდალუსიურ კლუბს კვლავ მცირე საშუალებები გააჩნია, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ამ თანხებს გუნდის ხელმძღვანელები რაციონალურად და სწორად ხარჯავენ.

რა ძლიერი მხარეები აქვს გრანადას? 

დასკვნა პირველი: ლოკომოტივის მარჯვენაფლანგელებს დიდი ჯაფა დაადგებათ! სეზონის სასტარტო ორ ტურში გრანადამ ექვსი ქულა აიღო. რობერტო მარტინესის გუნდმა ჯერ ბილბაოს ატლეტიკი, ხოლო შემდეგ კი ალავესი დაამარცხა. გრანადელებმა ორივე მოწინააღმდეგეს ორ-ორი გოლი გაუტანეს. ნიშანდობლივია, რომ თითოჯერ გრანადამ წარმატებას მარცხენა ფლანგიდან განხორციელებული მაღალი ჩაწოდების შემდეგ მიაღწია. ერთ შემთხვევაში გოლი იანხელ ერერამ, ხოლო მეორეში კი დარვინ მაჩისმა მიაღწიეს. 

📺 ასე მოუგო გრანადამ ბილბაოს

დასკვნა მეორე: გრანადამ კარგად იცის, თუ როგორ უნდა შეავიწროვოს მეტოქე პრესინგის საშუალებით! ძალიან ნიშანდობლივია ატლეტიკის კარში გატანილი მეორე გოლი, რომელიც გუნდის ახალწვეულმა ლუის მილიამ, გრანადას მიერ მეტოქის ნახევარზე დაწესებული ჯოჯოხეთური პრესინგის და ნახევარმცველის უძლიერესი დარტყმის შედეგია. 

დასკვნა მესამე: სოლდადო კვლავ ძალიან სახიფათოა, როგორც თავის თამაშის ასევე სხვა კომპონენტების დროს. სოლდადო ის ფეხბურთელია, რომელსაც მარტინესი ცენტრფორვარდად იყენებს. იგი 35 წლისაა, მისი შემცვლელი ხორხე მოლინა კი 38-ის. ეჭვი მაქვს, ესაა პლანეტაზე ერთადერთი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი, რომლის ორი ფორვარდის ასაკის საერთო ჯამი 73-ს უდრის, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ რომელიმე მათგანს სისწრაფე აქვს დაკარგული. ვისაც არ სჯერა, რომ სოლდადო ახალგაზრდა მცველებზე სწრაფია, ნახოს ალავესის კარში მის მიერ გატანილი გოლი.

'მიუხედავად მეტოქის ასეთი სიძლიერისა, ლოკომოტივს აქვს შანსები'

დასკვნა მეოთხე: რუი სილვა ძალიან ძლიერი გოლკიპერია! გასულ სეზონში გრანადამ 45 გოლი გაუშვა. გუნდის ძირითადი მეკარე პორტუგალიის ნაკრების 26 წლის წევრი რუი სილვაა. თითქმის ყველა პორტუგალიელი კიპერის მსგავსად, რუი სილვა ძალიან ძლიერია ხაზზე თამაშისას და შედარებით სუსტია გამოსვლებზე, თუმცა მისი ამ ნაკლის კომპენსირება მცველების კარგი თამაშის ხარჯზე ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ გრანადა ესპანეთში ჯერ-ჯერობით ფავორიტად ძალიან ცოტა კლუბთან მატჩებში მიიჩნევა, კლუბს ძირითადად მეორე ნომრად უწევს თამაში, შესაბამისად, ზეწოლა დაცვის ხაზზე და მეკარეზე დიდია. აქედან გამომდინარე, 45 გაშვებული გოლი, რომელიც ლა ლიგაში მეშვიდე შედეგია, კარგ მაჩვენებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

დასკვნა მეოთხე და მთავარი: გრანადა გადამწყვეტ მატჩებს კარგად თამაშობს! იმისთვის, რომ გასულ ჩემპიონატში გრანადა მეშვიდე ადგილზე გასულიყო, მას აუცილებლად უნდა მოეგო ბოლო ორი მატჩი, მათ შორის ერთი ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი მალიორკასთვის და მეორე მასსავით ევროპალიგის ზონაში მოხვედრის მსურველი ბილბაოს ატლეტიკისთვის. რობერტო მარტინესის გუნდმა ამ მატჩებში ექვსი ქულა აიღო და მიზანს მიაღწია.

რაც შეეხება ლოკომოტივის შანსებს: მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, ლოკომოტივს აქვს შანსები. პირველ რიგში ეს შანსი თბილისური კლუბისთვის დაცვის მარჯვენა ფლანგის უმაღლეს დონეზე კონტროლი და მოედნის ცენტრში ხისტი ნახევარმცველებისთვის, მაგალითად მაქსიმ გონალონისთვის პრობლემების შექმნაა. ფრანგი ძალიან კვალიფიციური ფეხბურთელია, მაგრამ ხშირად უხეშობს, რისთვისაც რეგულარულად ისჯება ყვითელი ბარათებით. დაწყებულ ჩემპიონატში მან უკვე მოასწრო ერთი ბარათის მიღება. მასზე მუდმივი ზეწოლა დიდი ალბათობით გონალონისთვის ყვითელის “აკიდების” ტოლფასი იქნება.

📺 ასე მოუგო გრანადამ ალავესს

გრანადას ცენტრალური მცველები მეორე სართულზე საკმაოდ კარგად მოქმედებენ, მაგრამ მაშინ, როდესაც ისინი მეტოქესთან ერთ-ერთზე რჩებიან, ასეთი ძლიერები აღარ არიან. თუ ლოკომოტივის შემტევები მოახერხებენ, რომ მათი დაზღვევის სისტემას დაუძვრენ და მცველებთან პირისპირ დარჩნენ, ეს მათ შეტევების გამწვავების შანსს მისცემს. დაცვაში მაქსიმალური კონცენტრაციით თამაში, პრესინგი მოედნის ცენტრში ეს ფაქტორები სხვა კომპონენტებთან ერთად, იქნება დიდწილად გარანტორი იმისა, რომ გრანადა ვეღარ გამოიყენებს სწრაფ ფლანგებს და ვერც სოლდადოს სათამაშო პლუსებიდან დივიდენდების მიღებას შეძლებს.”

ვაკო ყიფიანი: ასეთი უპირატესობები წინა მეტოქეებსაც ჰქონდათ

“გრანადას ბოლო თამაში ალავესთან პირდაპირ ეთერში გვქონდა. ეს კლუბი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფაქტია, რომ ფლანგებს კარგად იყენებენ. სოლდადოზე ჩაწოდებებიც ხშირია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დაცვაში პრობლემები აქვთ და ამ მინუსების გამოყენება შეიძლება.

გრანადა შეტევაში ძალიან სწრაფად გადადის, თუმცა ხშირია ტექნიკური წუნიც, რაც ლოკომოტივს კარგად შეუძლია, გამოიყენოს. ფაქტია, რომ ესპანელები ფავორიტები არიან. ჩვენსა და მათ ფინანსებს შორის დიდი სხვაობაა. ძალიან გამოცდილი ესპანელები და ლეგიონერები ჰყავთ, თუმცა უნდა გავიხსენოთ, რომ მსგავსი უპირატესობები წინა მეტოქეებსაც ჰქონდათ.”

📌 გრანადასთან დაპირისპირებამდე, ლოკომოტივმა ჯერ კრაიოვას უნივესიტატია, ხოლო შემდეგ კი დინამო მოსკოვი დაამარცხა. ესპანური კლუბისთვის კი ისტორიაში ეს პირველი შეემთხვევაა როდესაც იგი ევროტურნირებზე თამაშობს. ლოკომოტივთან შეხვედრამდე გრანადელებმა გასვლაზე ალბანურ ტეუტას 4:0 მოუგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები