Thumbnail

ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ლოკომოტივი გრანადას შეხვდება. ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარტინესმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა. მან განაცხადა, რომ ნებისმიერი ტიპის მატჩისთვის მისი გუნდი მზადაა და ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ლოკომოტივმა ძალიან ძლიერ მეტოქეებს მოუგო.

დიეგო მარტინესი (გრანადას მთავარი მწვრთნელი): „ეს ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებული თამაშია, რადგან „ლოს კარმენესზე“ ევროპული დებიუტი გვექნება. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. მოთმინების უნარი უნდა გამოვიჩინოთ და ენთუზიაზმის დახმარებით, ჩვენი თამაშის საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ.

ნებისმიერი ტიპის მატჩისთვის მზად ვართ. ჩემს გუნდს სწამს იმის, რასაც აკეთებს და ფეხბურთელები ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებიან, როდესაც გრანადას მაისურს ირგებენ. სწორედ ეს არის ის, რაც გვინდა. ჩვენმა მეტოქემ ძალიან რთული ეტაპები გადალახა, კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს და კონკურენტუნარიანი გუნდია. ლოკომოტივში 3-4 ძალიან კარგი და ტექნიკური ფეხბურთელია. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, რადგან ევროტურნირია, ამიტომ ახლა მომავალზე არ ვფიქრობ, მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვართ კონცენტირებეული. გვინდა, რომ ენთუზიაზმისა და თავმდაბლობის შერწყმით სიამოვნება მივიღოთ“.

დიეგო მარტინესთან ერთად პრესკონფერენციაზე გრანადას გამოცდილი ნახევარმცველი ანხელ მონტორო იმყოფებოდა, რომელმაც თბილისურ კლუბთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და ქართული გუნდი შეაქო.

ანხელ მონტორო (გრანადას ფეხბურთელი): „როდესაც აქ მოვედი, სეგუნდა დივიზიონში ვთამაშობდით და ევროპალიგაზე თამაშს ვერც წარმოვიდგენდი. ამიტომ, აქ ყოფნა ოცნებაზე ბევრად მეტია. განსაკუთრებული თამაში იქნება, რადგან „ლოს კარმენესზე“ ისტორიული მატჩია, რომელსაც დიდი მოტივაციით ვხვდებით. სამწუხაროა, რომ გულშემატკივარი ტრიბუნაზე არ იქნება, მაგრამ ისინი თავიანთ ენერგიას სახლიდან გამოგვიგზავნიან. მომწონს, რომ გუნდში კონკურენციაა, მე ასეთ ვითარებაში თავს ბევრად კარგად და კომფორტულად ვგრძნობ, რადგან კონკურენცია ყველასთვის უკეთესია. ლოკომოტივი საშიში გუნდია, კარგად არიან შეთამაშებულები და კარგი კომბინაციები აქვთ, ფლანგებზე სწრაფი და ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ“.

შეგახსენებთ, რომ გრანადა ევროტურნირებზე ისტორიაში პირველად თამაშობს და ევროსარბიელზე სადებიუტო მატჩი წინა ეტაპზე ალბანეთში ტეუტასთან ჩაატარა, რომელიც 4:0 მოიგო. რაც შეეხება ლოკომოტივს, თბილისურმა გუნდმა რუმინული კრაიოვა უნივერსიტატეა (2:1) და მოსკოვის დინამო (2:1) დაამარცხა და ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები