Thumbnail
  • დენვერ ნაგეთსი 114:106 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ლეიკერსი ფარქვეშ უჩვეულოდ სუსტი იყო
  • ენტონი დევისმა მთელ თამაშში მხოლოდ 2 მოხსნა გააკეთა

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მესამე მატჩში დენვერ ნაგეთსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი 114:106 დაამარცხა, რაც დიდწილად ჯამალ მარის დამსახურებაა და დიდ ფინალში გასვლის იმედი ისევ გაუჩნდა. სერიაში ანგარიში 2:1 გახდა - ლეიკერსი იგებს, მაგრამ წელს დენვერი ისეთი გუნდია, ლებრონ ჯეიმსი და კომპანია ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.

მეტ-ნაკლებად თანაბარი დასაწყისის შემდეგ, დენვერი 20 ქულით გაიქცა, მაგრამ ბოლო მეოთხედში ეს უპირატესობა თითქმის ბოლომდე გაატანა ქარს. რომ არა ჯამალ მარი, ლეიკერსი ამ თამაშს შეატრიალებდა. მარიმ ორი ძალიან მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო და მატჩის ბედი გადაწყვიტა. ჯამში მან 28 ქულა, 12 პასი და 8 მოხსნა დააგროვა. ჯერამი გრანტმა 26 ქულით კარიერაში საუკეთესო საპლეიოფო შეხვედრა ჩაატარა. ბოლო მეოთხედში სუსტი იყო, მაგრამ ზოგადად მაინც სოლიდურად ითამაშა ნიკოლა იოკიჩმა - მის აქტივში 22 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი იყო. სკამიდან გამარჯვებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მონტე მორისმა (14) და მაიკლ პორტერ უმცროსმა (9).

ლეიკერსმა ‘ქამბექი’ იმის გამო ვერ დადო, რომ ლოსანჯელესელებმა ბოლო 5 წუთში 5 სამქულიანიდან ვერცერთი ჩააგდეს. ისე კი, საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ სამმაგი დუბლით - 30 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი. ლებრონისთვის ეს პლეი ოფში 252-ე მატჩი გახლდათ, რითაც მან ტიმ დანკანს გადაასწრო. აქვე გეტყვით, რომ პლეი ოფში ყველაზე მეტი მატჩი დერეკ ფიშერს აქვს (259).

თუ ჩაგდებული ქულებით ვიმსჯელებთ, ენტონი დევისს კარგი მატჩი ჰქონდა (27 ქულა), მაგრამ მან ანტირეკორდი დაამყარა: დევისმა ბურთი მხოლოდ და მხოლოდ 2-ჯერ მოხსნა! ეს AD-ისთვის კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგია მოხსნების თვალსაზრისით - ისეთ მატჩებში, სადაც მინიმუმ 40 წუთი ითამაშა. ლებრონის და დევისის გარდა, ლეიკერსიდან 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ კენტავიუს კოლდუელ-პოუპმა (12) და კაილ კუზმამ (11) გადალახეს.

“ბურთს პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვანაწილებდით და ყველა რიტმში იყო. თუმცა მერე ლეიკერსს თამაშში დაბრუნების შანსი მივეცით. ენერგია აღარ გვქონდა. ჩვენ უფრო ახალგაზრდული გუნდი ვართ და ეს უნდა გამოვიყენოთ კიდეც,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ჯამალ მარი.

“ეჭვი არ მეპარებოდა, რომ დღეს კარგად ვითამაშებდით. ბაბლი რაღაც-რაღაცების გამო გვიყვარს. ამის ახსნა მეც არ შემიძლია,” - აღნიშნა ნაგეთსის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ მელოუნმა.

“მათ კარგად ითამაშეს, ჩვენ კი არცისე ფოკუსირებულები ვიყავით, როგორც უნდა ვყოფილიყავით. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმზე ითქმის. მაგრამ მომწონს ის, რომ ბიჭებმა ბოლოს მაგრად იბრძოლეს და მაინც შეეძლოთ ამ თამაშის მოგება,” - ეს ლეიკერსის მთავარი მწვრთნელის, ფრანკ ფოგელის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები