Thumbnail
  • ფახთაქორის მთავარმა მწვრთნელმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო 
  • ქართველი სპეციალისტი გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვერ უხელმძღვანელებს

შოთა არველაძეს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკური მედია ავრცელებს, რომლის ცნობით, ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელი ამის გამო გუნდს 23 სექტმბერს გასამართ შეხვედრაშიც ვერ უხელმძღვანელებს.

ფახთაქორმა დღეს აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ირანულ შაჰრი ხუდრუსთან უნდა ჩაატაროს. ქართველი სპეციალისტი მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ტესტირება ამის შემდეგ ჩაუტარდა.

"ჩვენთვის თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასია. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. მეტოქისთვის ეს პრესტიჟის მატჩია, ირანელებს კი მებრძოლი ხასიათი აქვთ. ჩვენთვის კი ამ თამაშში წყდება, გავაგრძელებთ ტურნირში გამოსვლას, თუ დავასრულებთ. ვფიქრობ, წინ მაღალი დონის მატჩი გველის. მე ვერ შევძლებ ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩის შედეგისთვის თვალის მიდევნებას. შესაბამისად, მთელი ყურადღება ჩვენს თამაშზე უნდა გავამახვილოთ. ყველაფერი ჩვენს ხელთაა", - თქვა პრესკონფერენციაზე შოთამ.

ბოლო ცნობებით, შოთა არველაძე ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება, სადაც 14 დღეს გაატარებს. 47 წლის სპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უზბეკური წყაროები ჯერჯერობით არაფერს წერენ, თუმცა შიშობენ, რომ არველაძეს, რომელსაც ასთმა აქვს, შესაძლოა კორონავირუსმა მდგომარეობა გაურთულოს.

ფახთაქორს აზიის ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში, ბოლო ტურის წინ 8 ქულა აქვს და 3 ქულით ჩამორჩება ლიდერს - საუდის არაბეთის ალ ჰილალს, ხოლო ქულით უსწრებს დუბაის შაბაბ ალ აჰლის. ბოლო, მეოთხე ადგილზე შაჰრი ხუდრუა (1 ქულა), ჯგუფიდან პლეი ოფში კი ორი საუკეთესო გუნდი გადის.

შოთამ ტაშკენტის ფახთაქორი 2017 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მასთან ერთად კლუბში არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც დასაქმდნენ. შარშან ქართველმა სპეციალისტმა ფახთაქორს უზბეკეთის ჩემიონობასთან ერთად, ქვეყნის თასი და ლიგის თასიც მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები