Thumbnail

PREVIEW | დინამო თბილისის მაგარი შანსი - ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი ახლოსაა!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 🗓 24 სექტემბერი | ⌚ 22:00 | ⚽ კლაკსვიკი V დინამო თბილისი
  • დინამო თბილისი ევროპალიგის პლეი ოფამდე ერთ ნაბიჯშია
  • ჩისკოს გუნდი ფარერის კუნძულებზე ითამაშებს
  • 'ფრთხილად უნდა ვიყოთ' - რა თქვა ჩისკომ კლაკსვიკთან მატჩამდე
  • თბილისელებს იქ ერთხელ მოგებული აქვს, ერთხელ - წაგებული
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა იცოდეთ

ლოკომოტივისგან განსხვავებით, დინამო თბილისს გაცილებით იოლი გზა და ევროპალის პლეი ოფში მოხვედრის შესანიშნავი შანსი აქვს. იქიდან კი, ჯგუფურ ეტაპამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია.

ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ფარერის კუნძულების ჩემპიონ კლაკსვიკს დაუპირისპირდება. დინამომ ევროპალიგაზე მას შემდეგ გადმოინაცვლა, რაც ჩემპიონთა ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ალბანურ ტირანასთან წააგო (0:2) და ახლა რანგით მე-2 ევროტურნირზე ცდილობს ჯგუფური ეტაპის კარის შეღებას.

დინამომ ევროპალიგის წინა ეტაპზე უელსში კონაჰი ძალზე მძიმე ბრძოლაში და პირდაპირ რომ ვთქვათ, არცთუ სანახაობრივი ფეხბურთით დაამარცხა. მსაჯის მიერ მე-7 დამატებულ წუთზე გიორგი გაბედავას ზუსტი პენალტი გადამწყვეტი გამოდგა. ტირანასთან წაგების შემდეგ კახა ჩხეტიანი ჩისკო მუნიოსმა შეცვალა. ესპანელმა დინამო თბილისს ეროვნულ ლიგაში დინამო ბათუმთან მოაგებინა (3:1) და მისი გუნდი გალიდერდა, რასაც უელსში კონაჰის ძლევა მოჰყვა. ბოლო მატჩი კი წარუმატებელი გამოდგა: საბურთალოსთან დამარცხდა (0:1) და საქართველოს თასს გამოეთიშა.

დინამოს მეტოქე, კლაკსვიკი ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, ოღონდ ისე, რომ არ უთამაშია. ბრატისლავას სლოვანში კორონავირუსის შემთხვევები იყო და ამის გამო სლოვაკურ გუნდს კუნძულელებთან 0:3 წაგება ჩაეთვალა. ამგვარად, კლაკსვიკი შემდეგ წრეში იანგ ბოიზს შეხვდა, 1:3 დამარცხდა და ამ გზით მოვიდა დინამომდე. ზოგადად, კლაკსვიკი ევროპაში თავს ვერაფრით მოიწონებს, მაგრამ ბოლო სამი მცდელობიდან მინიმუმ ერთ ეტაპს წარმატებით გადიოდა. შარშან, საერთოდაც ორი ეტაპი გადალახა და შვეიცარიულ ლუცერნთან დამარცხდა. კლაკსვიკი ფარერის კუნძულების ორგზის ჩემპიონია, მიმდინარე სეზონში კი 20 თამაშში მოპოვებული 48 ქულით მე-2 ადგილზეა და ისევ ტიტულისთვის იბრძვის. აღსანიშნავია, რომ შიდა ჩემპიონატში უკვე 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მოახლოებულ დაპირისპირებას მშვენიერ განწყობაზე ხვდება.

დინამო თბილისი ტორსჰავნში ჩავიდა
 📷 დინამო თბილისი

დინამო თბილისს აქამდე ორჯერ უთამაშია ფარერებზე. ერთხელ მოიგო და ერთხელაც - წააგო. 2008/09 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუნავიკთან გასვლაზე 0:1 დამარცხდა, მაგრამ შინ 3:0 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა. მეორე დაპირისპირება 2013/14 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა - თბილისურ კლუბს სტრეიმურთან პრობლემა არ ჰქონია, „დინამო არენაზე“ 6:1 მოიგო, სტუმრად - 3:1. ცნობისთვის, კლაკსვიკს ქართულ გუნდებთან აქამდე არ უთამაშია.

კლაკსვიკი ევროპალიგაზე იანგ ბოიზთან წაგებით გადმოერთო

კლაკსვიკი - დინამო თბილისის წყვილში საუკეთესო ევროპალიგის პლეი ოფში მოლდოვური შერიფისა და ირლანდიური დანდალკის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება. იოლ გზაში ამასაც ვგულისხმობდით - დინამო თბილისს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის მართლაც ძალიან კარგი შანსი აქვს.

საინტერესო ფაქტები

⚽ კლაკსვიკი ევროთასებზე 1992 წლიდან თამაშობს და მხოლოდ 5 მატჩი აქვს მოგებული, აქედან ერთ შემთხვევაში მეტოქეს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. ფარერების გუნდმა 4-ჯერ მოახერხა მომდევნო ეტაპზე გასვლა.

⚽ კლაკსვიკმა ევროსარბიელზე ბოლო 10 მატჩიდან 3 მოიგო (3 ფრე, 4 წაგება). ხსენებულ 10 შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი 5-ჯერ გავიდა, ხოლო ორივე გუნდმა ასევე 5-ჯერ გაიტანა.

⚽ დინამო თბილისს ევროთასებზე ბოლო 10 თამაშიდან 5 აქვს მოგებული (2 ფრე, 3 წაგება). კონაჰთან მოგებით საქართველოს ჩემპიონმა ევროპაში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

⚽ კლაკსვიკს საკუთარ მოედანზე ბოლო 4 თამაში მოგებული აქვს და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

⚽ ევროპალიგაზე დინამო თბილისს ბოლო 5 გასვლით თამაშში საკმაოდ დადებითი სტატისტიკა აქვს - 3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

⚽ დინამო თბილისი ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასულ სეზონშიც თამაშობდა, მაგრამ გაცილებით ძლიერი მეტოქე ჰყავდა - ფეიენოორდი და დამარცხდა (0:4, 1:1).

⚽ კლაკსვიკის ბოლო 10 მატჩიდან 7-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ორივე გუნდმა კი გატანა 5-ჯერ მოახერხა.

⚽ დინამო თბილისის ბოლო 10 მატჩიდან 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ორივე გუნდმა კი მხოლოდ 3-ჯერ გაიტანა.

⚽ დინამოს ფარერის კუნძულების გუნდებთან 4-ჯერ უთამაშია - 3 მოგება, 1 წაგება (12 გატანილი და 3 გაშვებული გოლი).

სავარაუდო შემადგენლობები

კლაკსვიკი (5-4-1): იონსენი - პავლოვიჩი, დანიელსენი, ფაერო, ბრინკი, ანდრეასენი - იოჰანსენი, ვატნსდალი, ბიარტალიდი, მიდტსკოგენი - კლეტსკარდი

დინამო თბილისი (4-2-3-1): კვასხვაძე - იაშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე - პაპავა, ქარდავა - ორშულა, ზარია, ქავთარაძე - გაბედავა

კომენტარები

ბოლო ამბები