Thumbnail

PREVIEW | ლოკომოტივის ახალი გამოწვევა - რას უნდა ველოდოთ ესპანეთში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

კრაიოვა უნივერსიტატეტა, დინამო მოსკოვი და ახლა ესპანური გრანადა - თბილისის ლოკომოტივის ევრო-სეზონი გრძელდება. ორი სენსაციური გამარჯვების შემდეგ, ლოკოსგან გამორიცხული აღარაფერია!

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი გრანადას მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ეთამაშება. ორივე გუნდისთვის ეს სრულიად ახალი გამოწვევაა, რადგან არც ლოკოს და არც გრანადას ევროპალიგის ამ ეტაპზე აქამდე არასდროს უთამაშიათ.

ლოკომოტივმა მიმდინარე ევროსეზონზე ნამდვილად დიდი სენსაცია მოახდინა - ჯერ რუმინული კრაიოვა უნივერსიტატეტა დაამარცხა (2:1), მერე კი მოსკოვის დინამო (2:1). ჭიაბრიშვილის გუნდმა განვლილ ორ შეხვედრაში ძალიან ეფექტური ფეხბურთი აჩვენა, ახლა კი ახალი გამოწვევის წინაშეა - ლა ლიგის გუნდს ხვდება! ქართული ფეხბურთი მსგავსი მატჩებით განებივრებული არ არის. ეს კიდევ ერთი ახალი ფურცელია ლოკომოტივის ისტორიაში.

ისტორიას წერს გრანადაც - პატარა ესპანური კლუბი, რომლის მაქსიმუმი აქამდე მხოლოდ ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება თუ იყო, ახალ დონეზე გადავიდა და გასული სეზონი ესპანეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზე დაასრულა. შედეგად, გუნდი ისტორიაში პირველად ევროტურნირზე გავიდა. გრანადას ევროპული 'ნათლობა' ერთი კვირის წინ, ალბანეთში, ტეუტასთან მატჩში შედგა და ესპანელებმა 4:0 გაიმარჯვეს.

ლოკოსთან თამაშის წინ გრანადას მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარტინესმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან ემოციური მატჩი იქნება - მიზეზი გასაგებია: გრანადა ევროთასებზე პირველ საშინაო მატჩს ატარებს, უმაყურებლოდ, მაგრამ მაინც. ესპანური კლუბისთვის ეს სეზონი ისე დაიწყო, უკეთესს ვერც ინატრებდა: ევროპალიგა იქეთ იყოს და ლა ლიგაში ლიდერია! ჯერ მხოლოდ 2 ტური გავიდა, მაგრამ ბილბაოსთან (2:0) და ალავესთან (2:1) გამარჯვებები ცხადია, თეთრ-წითლების აქტივშია შესატანი.

დარვინ მაჩისი და რობერტო სოლდადო გრანადას ლიდერები არიან

გრანადას დიდი ვარსკვლავები არ ჰყავს, მაგრამ ყველა რგოლში მაღალი დონის, კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. თუ ვინმე გვარებით უნდა გამოვარჩიოთ, პირველ რიგში ვეტერანი ფორვარდი რობერტო სოლდადო, ფრანგი საყრდენი მაქსიმ გონალონი, კოლუმბიელი შემტევი დარვინ მაჩისი და რეალიდან იჯარით აყვანილი მცველი ხესუს ვალიეხო უნდა ვახსენოთ.

გრანადას დიდი ევროპული ისტორია რომ არ გააჩნია, უკვე გითხარით, მხოლოდ ტეუტასთან გამარჯვება და პირველი სეზონი ევროთასებზე. ამ მხრივ, ლოკომოტივი უფრო გამოცდილია. ლოკო ევროსარბიელზე მიმდინარე საუკუნის დასაწყისში რეგულარულად ხვდებოდა, მაგრამ სხვა საქმეა, რომ იქ ღირებულს ვერაფერს აკეთებდა. ამ სეზონამდე... ლოკომოტივს ევროსარბიელზე სულ 4 თამაში აქვს მოგებული და აქედან ნახევარი (2) წელს მოიგო!

აღსანიშნავია, რომ ჭიაბრიშვილის გუნდმა მოსკოვის დინამოსთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ საქართველოს თასის 1/8-ფინალში ითამაშა და საჩხერის ჩიხურასთან წააგო (1:2), შედეგად ასპარეზობას შარშანდელი ფინალისტი ნაადრევად გამოეთიშა. ახლა კი წინ ევროპალიგის მატჩია და ფაქტი ერთია: ლოკო ფავორიტი არ არის, მაგრამ არც წინა ეტაპებზე ყოფილა და რაც მთავარია, წნეხის გარეშეა, მაქსიმუმი უკვე გააკეთა და თუ უფრო მეტსაც მოახერხებს, იდეალური იქნება. სხვათა შორის, ამის შესახებ მოსკოველებთან გამარჯვების შემდეგ ჭიაბრიშვილმაც ისაუბრა და თქვა, რომ გრანადასთან ჩვენზე მეტად სანერვიულო ესპანელებს აქვთო.

ლოკომოტივმა ისტორია უკვე დაწერა...

გრანადა-ლოკომოტივის წყვილში გამარჯვებულს ევროპალიგის პლეი ოფში შვედური მალმიოსა და ზაგრების ლოკომოტივის დაპირისპირებაში მოგებულთან მოუწევს თამაში...

საინტერესო ფაქტები

⚽ ლოკომოტივს ევროსარბიელზე ისტორიაში 4 თამაში აქვს მოგებული. აქედან 2 ამ სეზონში მოიგო.

⚽ გრანადა თავის ისტორიაში პირველად თამაშობს ევროთასებზე და ლოკომოტივთან მატჩი მისთვის პირველი საშინაო დაპირისპირება იქნება ევროტურნირების ეგიდით.

⚽ გრანადას ღირსებას იცავს რობერტო სოლდადო, რომელმაც 2012 წელს თბილისში 85-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და ესპანეთს საქართველოსთან მოაგებინა (1:0).

⚽ ლოკომოტივის ბოლო ოთხ თამაშში 2.5-ზე მეტი გოლიც გავიდა და ორივე გუნდმაც გაიტანა.

⚽ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ჩიხურასთან წაგებით 3-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა.

⚽ გრანადამ მიმდინარე სეზონში სამივე თამაში მოიგო, ორჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ერთხელ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ესპანურმა გუნდმა ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 5 მოიგო (2 ფრე, 3 წაგება). ამ მატჩებში 6-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ორივე გუნდმა კი ასევე 6-ჯერ გაიტანა.

⚽ გრანადას ღირსებას იცავს ჩემპიონთა ლიგის (2018 წელს) გამარჯვებული ხესუს ვალიეხო, რომელმაც ამ წარმატებას რეალის რიგებში მიაღწია.

⚽ ლოკომოტივს მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მესამე მწვრთნელი ჰყავს - ჯერ იყო ლევან კორღალიძე, მერე სოსო ფრუიძე და ახლა გიორგი ჭიაბრიშვილი.

⚽ ევროტურნირებზე ქართულ-ესპანური დაპირისპირება აქამდე ერთხელ შედგა. 1998/99 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისმა ბილბაოს შინ 2:1 მოუგო, ხოლო "სან მამესზე" 0:1 დამარცხდა.

სავარაუდო შემადგენლობები

გრანადა (4-2-3-1): სილვა - ფულკიე, ვალიეხო, დუარტე, ნევა - მილა, გონალონი - პუერტასი, ერერა, მაჩისი - სოლდადო.

ლოკომოტივი (4-3-3): მამარდაშვილი - გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა - სამურკასოვი, შონია, დარცმელია - კირკიტაძე, სიხარულიძე, იმრანი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები